ქუთაისი-წყალტუბოს "სისხლიანი გზა" - რას წერს დავით მესხიშვილი "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე

“სისხლიანი გზა”, – ასე უწოდებს საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოცაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი ქუთაისი- წყალტუბოს გზას და “ფეისბუკის”საკუთარ გვერდზე სტატუს აქვეყნებს:

 

"სისხლიანი გზა!

 

რამდენიმე დღის წინ ვიმყოფებოდი ქუთაისი-წყალტუბოს დამაკავშირებელ გზაზე, რუსთავის 2-ის გადამღებ ჯგუფთან ერთად. ეს ის გზაა, სადაც ბოლო 2 წლის განმავლობაში 9 ადამიანმა დატოვა სიცოცხლე, ხოლო 35-ზე მეტი დაშავდა/დასახიჩრდა. მათი უმრავლესობა, როგორც გარდაცვლილების, ასევე დასახიჩრებულების იყო ახლაგაზრდა, ან არასრულწლოვანი. ბოლო, ამა წლის 15 იანვრის შემზარავი ტრაგედიაც გემახსოვრებათ, რომლის დროსაც გარდაიცვალა 3 ახალგაზრდა. ვიფიქრე, ალბათ ახლა მაინც მოაწესრიგებდნენ წყალტუბო-ქუთაისის გზას (სულ რაღაც 7 კილომეტრიანი მონაკვეთია) შესაბამისი სამსახურებითქო, მაგრამ ამაოდ. თითი თითზე არ არის დადებული.

 

უმეტესობა შემთხვევებისა, რომლებიც ტრაგედიით ან ტრავმებით დასრულდა, გამოწვეული იყო მაღალი სიჩქარით. და საერთოდაც საერთაშორისო სტანდარტებითაა აღიარებული, რომ სიჩქარე კლავს: Speeding Kills! წარმოიდგინეთ, რომ ასეთ სისხლიან გზაზე არ დგას არცერთი საჭირო ამკრძალავი და მაფრთხილებელი საგზაო ნიშანი. საგანგაშოა, რომ არ დგას მაქსიმალური სიჩქარის შემზღუდველი არცერთი საგზაო ნიშანი! ეს იმ გზაზე სადაც სიჩქარის გადაჭარბება ადამიანებს ხოცავს! გაოგნებული ვარ შესაბამისი სამსახურების გულგრილობით.

 

ამიტომ ვითხოვ:


1. განთავსდეს შესაბამისი საგზაო ნიშნები-გასწრება აკრძალულია, სახიფათო მოსახვევი, მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა, ქვეითთა გადასასვლელი (მაფრთხილებელი), ავტობუსის გაჩერების ადგილი და სხვა.


2. შეიცვალოს იქ განთავსებული, ძველი საგზაო ნიშნები ახლით. გამოყენებულ იქნას მაღალი ხარისხის მასალა, რის შედეგადაც საგზაო ნიშნები აღქმადი იქნება განსაკუთრებით ღამის საათებში, აგრეთვე წვიმიან-ნისლიან ამინდში. დამონტაჟდეს საგზაო ნიშნები მძღოლისთვის ხილვად ადგილებში.


3. განახლდეს საგზაო მონიშვნები მაღალი შუქამრეკლობის მასალის გამოყენებით.


4. შეკეთდეს დაზიანებული სავალი ნაწილი, განსაკუთრებით ტალღოვანი მონაკვეთები.


5. მოწესრიგდეს ავტობუსის გაჩერების ადგილი. თავიდან დაიხაზოს ზებრა გადასასვლელი მაღალი შუქამრეკლობის მქონე მასალის გამოყენებით. განთავსდეს სიჩქარის შემაფერხებელი ბორცვები ზებრა-გადასასვლელებთან. მოწესრიგდეს საფეხმავლო ბილიკები.


6. საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე, რამდენიმე ადგილას განთავსდეს ხმაურიანი ზოლები (ე.წ. “შემაფხიზლებელი”).


7.დამონტაჟდეს ელექტრო-მონიტორები “შეანელე სვლა”.

 


8. განთავსდეს მინიმუმ სამი კამერა და სიჩქარის მზომი რადარი, წესრიგის დამყარების მიზნით.

 

მეგობრებო, მძღოლებო, მგზავრებო პირველ რიგში თქვენ მინდა წაიკითხოთ ეს ინფორმაცია და გაეცნოთ რეალურ სურათს, რომელიც სტატისტიკის მიხედვით საგანგაშოა. ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ, როცა ამ გზაზე მოხვდებით იყავით ყურადღებით, ფრთხილად და სიჩქარეს ნუ გადააჭარბებთ, წესების დარღვევითაც ნუ გადაასწრებთ. ამ გზამ იმდენი სიკვდილი და სისხლი ნახა, რომ საკმარისია, სადღაც უნდა შევაჩეროთ! მარტო კამერების შიშით ნუ ვიქცევით ფრთხილად, გააზრებულად დავიცვათ მოძრაობის წესები. სულ ეს არის რაც ჩვენ, მძღოლებს გვევალება!

 

ბოლოს კი ვტოვებ, წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ქრონოლოგიურ ჩამონათვალს, რომელიც არასრულია. ეს ის ინფორმაციაა, რაც მედიის საშუალებით გავრცელდა. ამ გზით, კიდევ ერთხელ მსურს შესაბამის სამსახურებს მოვუწოდო მოქმედებისკენ!

 

2019 წლის 15 იანვარი: ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა. ავტომობილი ბოძს შეეჯახა, შედეგად ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა და ტრანსპორტში მჯდომი სამივე ახალგაზრდა (20-22 წლის) დაიწვა.

 

2018 წლის 23 დეკემბერი: ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.


შემთხვევის შედეგად დაშავებული ხუთი ადამიანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ქალაქის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

 

2018 წლის 3 ნოემბერი: წყალტუბო-ქუთაისის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო მოხდა.ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების სამსახურმა ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანა.

 

2018 წლის 2 აპრილი: ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა, ერთი მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა, მეორე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

2018 წლის 18 მარტი: ქუთაისი-წყალტუბოს დამაკავშირებელ გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე. დაშავდა 5 არასრულწლოვანი.

 

2018 წლის 24 მარტი: წყალტუბო–ქუთაისის გზაზე, მერსედესის მარკის ტაქსი რკინის ბოძს შეასკდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

 

2017 წლის 13 სექტემბერი: ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავარია მოხდა.ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაშავდა. 5 დაშავებულს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია, ხოლო ორის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო, ერთს თავის, ხოლო მეორეს მუცლის ტრავმა აღენიშნებოდა.

 

2017 წლის 18 აპრილი: ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავარია მოხდა. დაიღუპა 2 ადამიანი და 4 დაშავდა.

 

2017 წლის 26 თებერვალი: ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევაში გარდაიცვალა 1 ადამიანი, 2 კი დაშავდა.

 

2016 წლის აგვისტო: ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე სატვირთო ტრანსპორტი ქორწილის ავტომობილს შეეჯახა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

 

2016 წლის 18 მაისი: წყალტუბო-ქუთაისის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს “სუზუკისა” და “ოპელ ვექტრას” მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ . ოპელ ვექტრაში ბოლო ზარიდან მომავალი ახალგაზრდები ისხდნენ. დაშავებულები ჰოსპიტალში გადაიყვანეს."- წერს დავით მესხიშვილი.

წაკითხვა 167 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.