ამ გვერდის ამობედვა

"სააკაშვილი ნულოვანი ბარიერის წინააღმდეგია, რადგან ეშინია, რუსთაველზე აქციის მუხტი არ დავარდეს"

ნულოვანი ბარიერი, რაც რეალობაში 0,67 პროცენტს ნიშნავს, არის სწორი და ერთადერთი სამართლიანი სისტემა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე წერს.

 

ამასთან ჯაფარიძის შეფასებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამის წინააღმდეგია, რაც ნიშნავს, რომ მას, როგორც მსხვილი პარტიის ლიდერს, აწყობს პოლიტიკურ ბაზარზე ახალი, პატარა მოთამაშეებისთვის რეგულატორული ბარიერების არსებობა, ასევე ეშინია, რუსთაველზე მიმდინარე აქციის მუხტი არ შესუსტდეს.

 

„ნულოვანი ბარიერი, რაც რეალობაში 0,67 პროცენტს ნიშნავს (ბუნებრივი ბარიერია 150 კაციანი პარლამენტისთვის), არის სწორი და ერთადერთი სამართლიანი სისტემა.

ის რომ სააკაშვილი ამის წინააღმდეგია ნიშნავს მხოლოდ შემდეგს: მას, როგორც მსხვილი პარტიის ლიდერს, აწყობს პოლიტიკურ ბაზარზე ახალი, პატარა მოთამაშეებისთვის რეგულატორული ბარიერების არსებობა, რადგან ასეთ შემთხვევაში, ის რჩება ბიძინასთან პირისპირ და ინარჩუნებს ბაზარზე დომინანტურ პოზიციას (ბოლო წლები რაც ხდება); ეშინია, რუსთაველზე მიმდინარე აქციის მუხტი არ დავარდეს, რაც ხელს შეუშლის რევოლუციური სცენარის განვითარებას“, – აცხადებს ჯაფარიძე.

 

ამასთან, მისი შეფასებით, ნულოვანი ბარიერის საწინააღმდეგო დაფიქსირებული არგუმენტები ბოდვაა.

 

„ნულოვანი ბარიერის საჯაროდ დაფიქსირებული ორივე საწინააღმდეგო არგუმენტი არის ბოდვა: 1. პრორუსული ძალები შევლენ – და რატომ არ უნდა შევიდნენ თუ აიღებენ 0.67 პროცენტს? დემოკრატიის აღარ გჯერათ? თან გჯეროდეს, რომ „ოცნება“ პრორუსულია და მასზე ბურჯანაძის მიმატების გეშინოდეს, ცოტა სასაცილოა; 2.ბიძინა შექმნის პატარ-პატარა პარტიებს და შეიყვანს პარლამენტში – ალბათობა დაბალია, ყველა დაიწვება. ასეც რომ არ იყოს, ეგეც დემოკრატიის ნაწილია“, – წერს ჯაფარიძე.

 

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, „გირჩს“ არც ერთის არ ეშინია.

ამასთან, ჯაფარიძე აცხადებს, რომ  ახლა საჭიროა ამ გამარჯვების ბოლომდე გაფორმება და ფოკუსირება დანარჩენ მოთხოვნებზე.

 

„ნებისმიერი, ვინც ამის წინააღმდეგ წავა ან სიტუაციას არევს, ტრ…ია“, – წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

წაკითხვა 1300 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 24 2019