"გეფიცებით, თქვენზე მეტად მე მინდოდა მხედველობა არ დამეკარგა, მაგრამ დავკარგე. ნუ დამტირით ხალხო!"

20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე აქციისას დაშავებული მაკო გომურის ინფორმაციით, სამშაბათს, გერმანიაში კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდება.


 
როგორც მაკო გომური სოციალურ ქსელში წერს, ერთ თვალში მხედველობა მთლიანად დაკარგული აქვს და არ აღდგება, ხელოვნური თვალის ჩასმაზე კი ფიქრი რამდენიმე კვირის შემდეგ, ჭრილობის შეხორცების მიხედვით გადაწყდება.


 
„სამკურნალოდ აქ წამოსვლა არ ნიშნავს იმას, რომ თვალახელილი ჩამოვალ ან კიდევ უფრო სისულელე, თვალს გადავინერგავ. სროლის შემდეგ ჩემს თვალში არაფერი დარჩა, ყველაფერი იქცა ნაფლეთებად! გუგა, ბადურა, სკლერა, პიგმენტი - არაფერი არაა დარჩენილი, გარდა კუნთებისა, რომლებმაც თუ იმუშავა, ჩავისვამ ხელოვნურ თვალს, რომელსაც იგივე ფენოტიპი ექნება, რაც მეორე თვალს და იმ კუნთების დახმარებით შევძლებ ვამოძრავო. გადარჩა ასევე ქვედა ქუთუთო და ასევე "ააწყვეს" ზედა ქუთუთოც, რომლის უჯრედები ან განაგრძობენ მუშაობას ან არა.


გეფიცებით, თქვენზე მეტად მე მინდოდა მხედველობა არ დამეკარგა, მაგრამ დავკარგე. ნუ დამტირით ხალხო. საფეთქელს 2 სანტიმეტრითაა აცდენილი ტყვია, შეიძლება ყველაფერი სხვანაირად წასულიყო, მაგრამ გადავრჩი (თუ ამას გადარჩენა ჰქვია) და დავკარგე მხოლოდ თვალი. ვაზროვნებ, დავდივარ, ვლაპარაკობ - ხომ საკმარისია არა ბევრი რამისთვის?


სამშაბათს მაქვს კიდევ ერთი ოპერაცია აქ, უნდა ჩასვან გამყოფი ლინზა, რომ ზედა ქუთუთო არ შეახორცდეს შიდა ნაწილს (საქართველოში ეს ისედაც გაკეთდებოდა). უბრალოდ, აქ გავდივარ კონსულტაციებს, სწორად მიდის თუ არა მკურნალობა. 4 კვირიდან 6 კვირა (ან შეიძლება მეტიც) სჭირდება თვალს, რომ აღდგეს, დაიბრუნოს ფორმა, შეხორცდეს ჭრილობები, შემდეგ ვიფიქრებთ ხელოვნურ თვალზე, მაგრამ თვალის გადანერგვა ჩემი ნახევართვალისთვის ამ ეტაპზე არის შეუძლებელი! ერთ თვალში მხედველობა არის დაკარგული და არ აღდგება!


კი ბატონო, სახელმწიფო მაფინანსებს. ზოგადად, სამსახურში რამეს რომ ვაფუჭებდი, მე ვცდილობდი იმის გამოსწორებას, რადგან ჩემი მოვალეობა იყო და მადლობასაც არავისგან ველოდი. ეს ისე!“ - წერს მაკო გომური.

წაკითხვა 739 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.