March 28, 2024

"საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ახლა როგორ იქნება, ძალაში არ შესული გადაწყვეტილებით სამართლებრივი შედეგი რომ დააყენეთ?"

ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

„ჩამოვიდა სტრასბურგის გადაწყვეტილების ბეჭდური ვერსია. თან ახლავს მოწერილობა, რომელიც განმარტავს, რომ ეს გადაწყვეტილება არაა საბოლოო და ძალაში შევა, თუ 19 ოქტომბრამდე დიდ პალატაში არ გაასაჩივრებთო.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ახლა როგორ იქნება, ძალაში არ შესული გადაწყვეტილებით სამართლებრივი შედეგი რომ დააყენეთ? ხომ გაფრთხილებდით? თქვენივე მინისტრის ტექსტებით მერაბიშვილის საქმეზე ხომ გითხარით რომ დანაშაულს ჩადიხართ?

 

ხოდა, როგორაა ახლა საქმე?!

 

ps ძვირფასო არასამთავრობოებო, თქვენც უნდა მოგმართოთ:

 

თავი რომ შეიკავეთ ამ საკითხის განმარტებისგან, არა მგონია სწორი ყოფილიყო. ცხადია, რომ ეს არ არის ავტომატურად გადასაწყვეტი საკითხი, როგორც ეს მინისტრმა წულუკიანმა ქნა და მინიმუმ ადმინისტრაციულ განხილვას მაინც საჭიროებს მხარეთა მონაწილეობით. შეგიძლიათ გაიხსენოთ, არა საქართველოს აპლიკანტის, ზოგადად, ამგვარი დავა სტრასბურგის სასამართლოში, რომელზე გადაწყვეტილებასაც მყისიერ შედეგად ქონებრივი საკითხის გადაწყვეტა და ადმინ აქტი შეიძლება მოყვეს ქონების რეგისტრაციის შესახებ? არა მგონია. არც აქ, არც სხვაგან – სავარაუდოდ, ეს პირველი პრეცედენტია საერთოდ. და ეს გადაწყდა განხილვისა და წარმოების გარეშე? თან უფრო მეტი ზიანის მომტანი ფორმის სასარგებლოდ და მედიის მიმართ?

 

ასევე, შეგახსენებთ, რომ გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში არ არის შესული და გასაჩივრებას ექვემდებარება, საერთო წესით, ძალაში არ შედის, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს პირდაპირ არის მითითებული შესაბამის სამართლის წყაროში. იქნებ არის სადმე კონვენციაში ამგვარი რამ – არა, ნამდვილად არა. მაშინ რის საფუძველზე იზღუდება დაცული ინტერესი და მხარის უფლებები? რა გვაძლევს ზოგადი წესიდან გადახვევის შესაძლებლობას, თან მხარის (მედიის) უფლებრივი დაზიანების ხარჯზე?

 

ამას გარდა, შეგახსენებთ, რომ ეს იყო მეორე შემთხვევა საქართველოში, რომელზეც ძალაში შესვლის საკითხი წამოიჭრა და პირველი პრეცედენტი (მერაბიშვილის საქმე) იგივე მინისტრის მხრიდან დადგა სრულიად საწინააღმდეგო. აბა ახლა რის საფუძველზე განიმარტა ეს საკითხი სხვაგვარად? თან ისე, რომ დააზიანა კონვენციით დაცული უფრო დიდი ინტერესი, ვიდრე აღსრულების გადავადებით დადგებოდა? რა არის ეს, თუ არა შერჩევითი სამართალი და სახელმწიფოს სპეციფიური დაინტერესება მედიის მესაკუთრის (მაშასადამე, კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის) შეცვლაში? ამას გარდა, დაუყოვნებლივი (6 საათში დასრულდა ყველა რეგისტრაცია) აღსრულება დიდი პალატის გადაწყვეტილებას ალბათურად რომ ძალას დააკარგვინებს, ესეც სახეზეა. რა იქნება აღსრულების შექცევის შესაძლებლობა, თუ მოდავე მხარემ გაიმარჯვა დიდ პალატაში? მით უფრო, სასწორზე არა მხოლოდ საკუთრება, არამედ შეუქცევადად დაზიანებადი სარედაქციო პოლიტიკა (გამოხატვა) დევს? საკუთრების უფლების გარდა, ამ დავაში რომ სხვა, აღსრულების მიმართ ბევრად უფრო მოწყვლადი უფლება ფიგურირებს, ესეც ხომ უნდა გვახსოვდეს? თუ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა არ იკითხება პირველივე დღეებში?

 

რაც შეეხება დროებითი ღონისძიების შეწყვეტას, მისი გამომწვევი იურიდიული ფაქტი დაუშვებლად იქნა ცნობილი და ავტომატურად შეწყდა. არავითარი კავშირი დროებითის შეწყვეტასა და გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე იურიდიული შედეგის არ დადგომას შორის არ არსებობს ამ შემთხვევაში,“ – წერს ნიკა გვარამია.

წაკითხვა 891 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.