ამ გვერდის ამობედვა

"ტემპერატურამ 40 გრადუსამდე ამიწია"- მამუკა ხაზარაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს

"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე, რომელსაც კორონავირუსი აქვს, სოციალურ ქსელში საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 

 

მისი თქმით, ის გვიან ღამით შედარებით შეუძლოდ გახდა, რის გამოც ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

 

"პირველ რიგში, უღრმესი მადლობა ამდენი სითბოსთვის, ყურადღებისთვის და სიყვარულისთვის, რომელიც ამ დღეებში თქვენგან ვიგრძენი. ჩემთვის თქვენი თითოეული გზავნილი ძალინ მნიშვნელოვანი იყო. განსაკუთრებით სასიამოვნოა, როდესაც უცნობი ადამიანები, ჩვენი მოქალაქეები ინტერესდებიან ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით და თანადგომას გამოხატავენ - მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ ამისთვის.

ამ დროისთვის ვიმყოფები ექიმების დაკვირვების ქვეშ. ეს ადამიანები მართლაც რომ გმირები არიან. დღითიდღე ვრწმუნდები, რომ მხოლოდ მათი ძალისხმევით მოვიგებთ ბრძოლას covid19-თან.

გუშინ, გვიან ღამით, შედარებით ცუდად გავხდი, ტემპერატურამ დაახლოებით 40 გრადუსამდე ამიწია. მთელი დღე სიმპტომები არ მქონდა, თუმცა მოგვიანებით ვითარება შეიცვალა, აქედან გამომდინარე, ექიმების რეკომენდაციით გადავედი ინფექციურ საავადმყოფოში. პროფესიონალების დაკვირვების ქვეშ პროცესის მართვა ბევრად უსაფრთხოა.

ახლა სხვა პაციენტებთან ერთად ინფექციურ საავადმყოფოში გავდივარ covid19-ის მკურნალობის კურსს...

რაც მთავარია, covid-ი ხელს ვერ მიშლის, ჩართული ვიყო ჩვეულ აქტივობებში, მართალია, დისტანციურად, თუმცა დღევანდელ სამყაროში კომუნიკაცია ხშირ შემთხვევაში ასე უფრო მარტივი და ეფექტურია.

საარჩევნო პროცესი რთული სამართავია, თუმცა არაერთხელ მითქვამს, რომ „ლელო“ ერთი ლიდერის პარტია არასდროს ყოფილა, ჩემი ამოცანა ყოველთვის იყო ძლიერი ადამიანების გუნდთან ერთად მუშაობა და დღეს სწორედ ასეთი ძლიერი ლიდერებისგან შემდგარი გუნდია ჩვენი პარტია. სწორედ ამიტომ, ჩვენი კამპანია ერთი წამითაც არ შეჩერებულა!

 

ხვალ დიდი შეხვედრა გვექნება რუსთავში, მეც დისტანციურად მივიღებ მონაწილეობას... ჩვენი ლიდერები და თანაგუნდელები ველზე არიან და ინტენსიურად მუშაობენ, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების მოთხოვნების ყველა უმაღლესი სტანდარტის დაცვით. “ლელოს” ყველა ლიდერმა გაიკეთა covid19-ის ტესტი. პასუხების 99% უკვე ცნობილია - უარყოფითი. ჩემი ოჯახის წევრებიც, საბედნიეროდ, ჯანმრთელები არიან. ბავშვებსაც და მეუღლესაც ვირუსი არ დაუდასტურდათ.

31 ოქტომბერს ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად, დავამარცხებთ covid19-ს და “ქართულ ოცნებას“, რომელმაც ამ კატასტროფამდე მიიყვანა ქვეყანა.

ჩვენი საერთო ბრძოლა გრძელდება, ბრძოლა გრძელდება - გამარჯვებამდე!!!" - წერს ხაზარაძე.

წაკითხვა 486 ჯერ

სიახლეები