ამ გვერდის ამობედვა

იცოდით? 1960 წლის ჩემპიონთა თასის ფინალი ვერის ბაღში გაიმართა... გურამ მინაშვილი უცნობ დეტალებს იხსენებს

იყო დრო, ჩემპიონთა თასის ფინალური მატჩები ვერის ბაღში იმართებოდა...1960 წლის ფინალის შესახებ დინამოს მაშინდელი კაპიტანი გურამ მინაშვილი მოგვითხრობს:




„1960 წელს, რომის ოლიმპიადამდე სამიოდე თვით ადრე, მთელი საკალათბურთო ევროპის ყურადღება თბილისისკენ იყო მოპყრობილი. 10 მაისს ხომ ჩვენს დედაქალაქს ჩემპიონთა თასის სამგზის მფლობელი რიგის ასკ სტუმრობდა.



მართალია, ზედიზედ სამი წლის განმავლობაში სსრ კავშირის ჩემპიონატში რიგელებს გავასწარით და მეორე ადგილი დავიკავეთ, მაგრამ ისინი გაცილებით წარმატებულები იყვნენ საერთაშორისო არენაზე. სწორედ იანის კრუმინშის ასკ-ში გამოჩენას დაემთხვა ევროპის ჩემპიონთა თასის დაარსება, რომლის იდეა ფრანგულ გამოცემა „ეკიპს“ ეკუთვნის.


პირველი გათამაშება 1958 წელს ჩატარდა და ლატვიელებმა ჩემპიონობა არავის დაუთმეს, არც მომდევნო სეზონში ჰყავდათ ბადალი ევროპის უპირველეს საკლუბო შეჯიბრებაში. 1960 წელს კი ჩემპიონთა თასზე თბილისის „დინამოც“ გამოჩნდა...


სპეციალურად ასკ-სთან მატჩისთვის ვერის პარკში (მაშინდელ კიროვის ბაღში) მდებარე მიხეილ კეკელიძის სახელობის დარბაზი ლამაზად გადახურეს. ეს იყო პირველი თაღოვანი გადახურვა საქართველოში და რაც ყველაზე მთავარია - მთლიანად შუშებით იყო დაფარული. მას მერე ვერის ბაღის დარბაზი რამდენჯერმე შერემონტდა და ახლა უკვე ლითონის თაღითაა გადახურული.



ისევე როგორც სხვა კალათბურთელებს, ღია ცის ქვეშ თამაში მეც გარკვეულ დისკომფორტს მიქმნიდა. როცა საქმე ეხება სპორტის იმ სახეობას, სადაც მილიმეტრები ბევრს წყვეტს, პატარა ნიავსაც კი შეუძლია მთელი თამაში გააფუჭოს. კალათბურთელი მოედანზე გასვლისას არ უნდა ფიქრობდეს, ქარი საიდან უბერავს და ტყორცნისას დამატებითი გამოთვლები არ უნდა სჭირდებოდეს. 


ქართველ გულშემატკივრებში განსაკუთრებული სიხარული გამოიწვია „დინამოს“ საერთაშორისო სარბიელზე გასვლამ. ჩვენი გუნდი 1959-60 წლების სეზონში პირველად ჩაერთო ჩემპიონთა თასის გათამაშებაში, რომელშიც ჩვენთან ერთად, რიგის ასკ მონაწილეობდა. როგორც წესი, ამ შეჯიბრებაში ქვეყნის ჩემპიონი ერთვებოდა, დინამოელებს ზამთრის პირველობა გვქონდა მოგებული, ჩემპიონთა თასის გათამაშება კი გაზაფხულით დაიწყო... რაც შეეხება რიგის ასკ-ს, ეს გუნდი გათამაშებაში მოქმედი ჩემპიონის სტატუსით მონაწილეობდა.


ლატვიელები ჩემპიონთა თასზე მესამე რაუნდიდან ჩაერთნენ, ჩვენ - მეორიდან. ახლა რომ ვუყურებ მატჩების შედეგებს, კარგად მახსენდება თითოეული დაპირისპირება, თუმცა რომელშიც განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, მატჩის მიმდინარეობაზე წერით თავს არ შეგაწყენთ.



მოკლედ, მერვედფინალში ბუქარესტის „სტიაუა“ შეგვხვდა, რომელთან პირველი მატჩი ოთხი ქულის სხვაობით დავთმეთ. ეს არც უნდა გაგვიკვირდეს, რადგან თბილისის „დინამო“ საერთაშორისო ასპარეზზე პირველ თამაშს ატარებდა. განმეორებით შეხვედრაში, შინ უკვე თავისუფლად გამოვედით და დიდი სხვაობითაც გავიმარჯვეთ.


მეოთხედფინალში გაცილებით სერიოზული მეტოქე გვყავდა - ბულგარეთის „აკადემიკი“, რომელიც საჩემპიონოდ შემართულიყო. საიდან ასეთი ამბიცია? „აკადემიკოსებმა“ წინა ორ სეზონში ჩემპიონთა თასის ფინალში ითამაშეს და ორჯერვე ლატვიელებთან დამარცხდნენ. მესამედ კი „აკადემიკი“ რიგის ასკ-მდე ჩვენ არ მივუშვით. თუმცა, მახსოვს, თანაბარი თამაშები გამოვიდა. ძმები პანოვები და მირჩევი სწორედ ამ გუნდში თამაშობდნენ...



შემდეგ იყო კიდევ ერთი სოციალისტური ქვეყანა პოლონეთი, რომლის „პოლონიასაც“ მადა გასჩენოდა, რადგან წინა ეტაპზე ესპანური „ბარსელონა“ ჰყავდა დამარცხებული. თუმცა, შეიძლება ითქვას, პირველივე მატჩში გადავწყვიტეთ ფინალისტის ბედი. ნამდვილად არ ვაპირებდით არავისთვის არაფრის დათმობას. ფინალშიც კი, ფავორიტის სტატუსით შევაბიჯეთ. 



თუ არ გჯერათ, ლატვიელთა მთავარ მწვრთნელ ალექსანდრ გომელსკის მოვუსმინოთ. ამას რომ ვწერ, გაზეთი „ლელო“ მაქვს გადაშლილი, რომელშიც ქართველი ჟურნალისტის, ვაჟა დანელიას საინტერესო სტატიაა 1960 წლის ამბებზე. აი, რას ამბობდა უშუალოდ ფინალის დაწყებამდე გომელსკი:



„ჩემპიონთა თასის გათამაშების დაწყებამდეც ვიცოდით, რომ ფინალში თბილისის „დინამო“ შეგვხვდებოდა. იგი დღეს სამართლიანად ითვლება ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო კლუბად. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ლატვიელებს ქართველებთან დაპირისპირებებში უარყოფითი ბალანსი გვაქვს. შარშან „დინამოსთან“ ორჯერ ვითამაშეთ და ორჯერვე დავმარცხდით. ერთი მატჩი წელსაც წავაგეთ, ამიტომ ვეცდებით საპატიო რევანშის აღებას, თუმცა წინასწარ ვგრძნობ, რომ ეს ურთულესი საქმე იქნება.

„დინამო“ ის გუნდია, რომელსაც კრიტიკულ მომენტში ძალების არაადამიანური მობილიზება შეუძლია. საბჭოთა კალათბურთის ისტორიაში სამუდამოდ შევიდა 1959 წლის ლეგენდარული მატჩი, სადაც სამმა ქართველმა უთანასწორო ბრძოლაში დაამარცხა საათივით აწყობილი ლატვიელთა გუნდი. ეს ფაქტი კომენტირებას არ საჭიროებს.“


ლატვიელებს სწრაფ თამაშში ვჯობნიდით, თუმცა, როგორც უკვე დავწერე, მუდმივად ცდილობდნენ ტემპის დაგდებას, რათა ბოლომდე გამოეყენებინათ კრუმინშით მიღებული უპირატესობა. მასზე სპეციალური კომბინაციები ეწყობოდა, ბურთს რომ მიიღებდა, ჩაგდება არ უჭირდა. ამასთან ღონიერი იყო, დაცვაშიც მყარად იდგა და მეტოქისთვის ფარქვეშიდან ბურთის ჩაგდება დიდი თავსატეხი იყო.



კრუმინშის წინააღმდეგ ძირითადად ანზორ ლეჟავა თამაშობდა, მაგრამ იგი ლატვიელ გიგანტს სიმაღლეშიც ჩამოუვარდებოდა და გაბარიტებშიც. როცა ფარქვეშ საქმე აწყობილად გაქვს, უკანახაზელებსაც ეხსნებათ ხელ-ფეხი. უფრო თავისუფლადაც სტყორცნიან და უფრო ზუსტადაც. მით უმეტეს, რომ ლატვიელებს არასოდეს დაეწუნებოდათ სროლის სიზუსტე.



„ტემპის შენელება! ეს იყო ჩვენი პირველი და მთავარი ამოცანა, - გომელსკიმ ეს უკვე პირველი ფინალის შემდეგ, ახლად გადახურულ ვერის ბაღის დარბაზში უთხრა ქართველ ჟურნალისტებს, - არავითარი გარღვევა, არავითარი სისწრაფე, თუნდაც ამისი საშუალება ბევრი გვქონოდა. კარგად ვიცოდით, რაოდენ დამღუპველია დინამოელთა რიტმში შესვლა - ამან წლეულს უკვე წაგვაგებინა ერთი თამაში სსრკ-ის პირველობაზე და დაგვაკარგვინა ვერცხლის მედალი.



ჩვენი მიზანი იყო ლეჟავას მაქსიმალური გაუვნებლება და ამით კრუმინშისთვის მოქმედების ფართო ასპარეზის გაშლა. ამის განხორციელებაში თბილისელებიც დაგვეხმარნენ. მათ თავად გამოთიშეს ლეჟავა, რომელსაც, როგორც კრუმინშს, უბურთოდ მცირე სარგებლის მოტანა შეუძლია.“


გაზეთ „ლელოში“ ამ შეხვედრას „შეცდომათა მატჩი“ ეწოდა. ერთ შეცდომაზე მიგვითითა ნამატჩევს მაიგონის ვალდმანისმა: „დაცვაში დინამოელებს ყველაფერი სწორად არ ჰქონდათ გადაწყვეტილი. ჩვენი ყველაზე ტექნიკური და სწრაფი კალათბურთელის, ვალდის მუიჟნიეკსისთვის უნდა მიეყენებინათ ყველაზე საიმედო მცველი გურამ მინაშვილი. დიდხანს და თავისუფლად გადიოდა მუიჟნიეკსი დინამოელთა ფარის ქვეშ და ერთი და იმავე ხერხით უშეცდომოდ იღებდა კალათს. მისთვის ხელის შეშლას კი არავინ ცდილობდა. მიუჟნიეკსს მხოლოდ მაშინ მიაქციეს ყურადღება, როცა თამაშის ბედი გადაწყდა.“ 


1960 წლის „ლელოში“ ჩემი მეგობრის, ვალდის მუიჟნიეკსის კომენტარიცაა: „შეხვედრის დაწყებამდე მორალურად ვიყავი მომზადებული მინაშვილის წინააღმდეგ სათამაშოდ და, მართალი გითხრათ, შვება ვიგრძენი, როცა მცველად უგრეხელიძე დამიყენეს. აღნიშნულ შეხვედრაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ფსიქოლოგიურ ფაქტორს. ამ მხრივ ჩრდილოელები უკეთ მომზადებულნი აღმოვჩნდით.“


ჩემპიონთა თასის პირველ ფინალში ლატვიელებთან 10 ქულის სხვაობით დავმარცხდით (51:61). ეს გულდასაწყვეტი იყო, მაგრამ ტრაგედია სულაც არ გახლდათ - არაერთხელ დაგვიმარცხებია თუნდაც ცსკა მისსავე მოედანზე.



განმეორებითი მატჩისთვის მოსამზადებლად ერთ კვირაზე ნაკლები გვქონდა. შედარებით უკეთესადაც შევხვდით ლატვიურ დაპირისპირებას, მაგრამ ვერც მეორე შემთხვევაში მოვახერხეთ ჩვენი პლუსების გამოყენება, რაშიც დიდი წვლილი ლატვიელთა მწვრთნელს მიუძღვის. მარცხს მაინც ვერ გადავურჩით, თუმცა ნაკლები სხვაობით - 62:69. ამ შეხვედრაში 15 ქულა ჩავაგდე.

საერთოდ, ფინალში წაგება ყოველთვის მწარეა, რადგან ხვდები, რომ ერთი ნაბიჯი გიკლდა ტრიუმფამდე, ერთი რამ სხვანაირად რომ გაგეკეთებინა, შეიძლება ოქრო შენ დაგრჩენოდა... თუმცა სწორედ მწარე გაკვეთილები ყველაზე უკეთ გმატებს გამოცდილებას და შეცდომებსაც აღარ იმეორებ.

თბილისის დინამოელებმა ჩემპიონთა თასზე სადებიუტო სეზონში დავინახეთ, რომ ტიტული ერთი ხელის გაწვდენაზე იყო და ყველას გვჯეროდა, როცა მეორედ მოგვეცემოდა ჩემპიონთა თასზე თამაშის საშუალება, შანსს ხელიდან არ გავუშვებდით.“



ვალდმანისის სიტყვებს ათწლეულების შემდეგ რომ ვკითხულობ, ჩემს დანაშაულსაც ვგრძნობ. მართალია, კაპიტნობის მხოლოდ ორწლიანი გამოცდილება მქონდა, მაგრამ, ალბათ, აქტიურად უნდა ჩავრეულიყავი ტაქტიკური სქემის შეცვლაში. შემეძლო, მწვრთნელთან მივსულიყავი და მუიჟნიეკსის მეურვეობა საკუთარ თავზე ამეღო. თუმცა, სიმართლე ითქვას, მისი დაჭერა არც ჩემთვის იყო სახალისო საქმე.



მომავალში ხშირად ვერთვებოდი სათამაშო სქემის შეცვლასა თუ შერჩევაში. არსებობს გამოთქმა - მატჩს მწვრთნელი აგებს და კალათბურთელები იგებენო. არ ვეთანხმები, მიმაჩნია, რომ თამაშს იგებს და აგებს გუნდის თითოეული წევრი, სათადარიგოთი დაწყებული მთავარი მწვრთნელით დამთავრებული. ამიტომ, როგორც გამთამაშებელი და როგორც კაპიტანი დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი. ვისაც კალათბურთი უთამაშია, დამეთანხმება, რომ ზოგჯერ მოედანზე უცებ გადაწყვეტილი შეცდომითი აზრი სჯობს დღეობით ნაფიქრ ტაქტიკურ ვარიანტს.



ხშირად ვცვლიდით ზონურ დაცვას პერსონალურით, ან - პირიქით. ასევე ვანაწილებდით ადგილებს შეტევისას, ვინ სად უნდა დამდგარიყო, სად უნდა ამოსულიყო „წინა ცენტრი“ და ა.შ.



შეიძლება, გაგიჩნდათ შეკითხვა - მწვრთნელები როგორი თვალით უყურებდნენ მოთამაშეთა „თვითნებობას“? არ მახსოვს, რომელიმე მწვრთნელს ჩემი გადაწყვეტილება შეეცვალოს. ალბათ, იმიტომ, რომ ჭეშმარიტებასთან ახლოს იყო, ან სულაც მეორე მიზეზი არსებობდა - არ სურდათ კაპიტანთან დაპირისპირება...



მიმაჩნია, რომ გუნდი, რომელშიც კალათბურთელებიც აზროვნებენ, გაცილებით მეტს მიაღწევს, ვიდრე მხოლოდ მწვრთნელზე ჩამოკიდებული გუნდი.


 წყარო: გაზეთი "ლელო"

წაკითხვა 1140 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 28 2019