ამ გვერდის ამობედვა

კახა კალაძემ ლივერპულთან სათამაშოდ მილანის მაისური კიდევ ერთხელ მოირგო

მილანში ცხოვრების და კარიერის უმნიშვნელოვანესი 9 წელი გაატარა-ეს ქალაქი მისი მეორე სახლია.

23 წლის იყო, როცა პირველად ჩამოვიდა. ენა არ იცოდა და თავიდან, თანაგუნდელებთან კომუნიკაცია გაუჭირდა. თუმცა,  ბარიერი მალევე გადალახა და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის მცველმა გუნდში გამორჩეული  ადგილი დაიმკვიდრა. სამუდამოდ მოიგო მილანელი გულშემატკივრების გულებიც. 
საფეხბურთო კლუბ მილანთან ბევრი მნიშვნელოვანი გამარჯვება და მოგონება აკავშირებს. ახლა როცა უკვე თბილისის მერია, ქალაქს სადაც თითქმის 10 წელი იცხოვრა სხვა თვალით უყურებს. უნდა მილანის ურბანული და სატრანსპორტო განვითარების გამოცდილება გამოიყენოს და თბილისი რამდენიმე წელიწადში მსოფლიოს წამყვან ქალაქებს გაუთანაბროს.
2001 წელს, როცა საცხოვრებლად იტალიაში გადმოვიდა, მილანი ისეთივე გამოწვევების  წინაშე იდგა, როგორი პრობლემებიც ახლა თბილისს აქვს. მილანური გამოცდილების გათვალისწინებით, დარწმუნებულია რომ სწორი სატრანსპორტო პოლიტიკით პრობლემების გადაჭრა შესაძლებელია.
მილანში ტრადიციულად  ოჯახთან-მეუღლესთან და შვილებთან ერთად ჩამოვიდა. ვიზიტის მიზეზი განსაკუთრებულია, მისი საყვარელი გუნდი ისტორიულ მეტოქეს ლივერპულს, ინგლისში უპირისპირდება. კალაძის მსგავსად, მილანში მისი ყოფილი თანაგუნდელებიც, მატჩამდე ერთი დღით ადრე ჩავიდნენ.
მილანის ლეგენდებმა აქტიურ ფეხბურთს თავი წლებია დაანებეს. ამიტომ ბუნებრივია, მოედანზე ერთად მათი ხილვა გულშემატკივრისთვის ყოველთვის საინტერესოა. მილანისა და ლივერპულის საფეხბბურთო მატჩი, სადაც მოედანზე პაოლო მალდინი, ალესანდრო ნესტა, კაფუ, ფილიპო ინძაგი, მაიკლ ოუენი, კაკა, ჯემი კარაგერი და ფეხბურთის სხვა ლეგენდები არიან სწორედ ამისთვის  დაიგეგმა-შეხვედრიდან შემოსული სრული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება.
გზა იტალიიდან ინგლისამდე ტრადიციულად თბილისის მერის ობიექტივში მოხვდა. მილანის მცველი კალაძე 4 ნომრით, გვერდით 44-ე ნომრით მასიმო ოდო, ლეგენდების მზადება და მატჩის წინა განწყობა.
ლეგენდების საფეხბურთო დაპირისპირებამ დიდი ინტერესი გამოიწვია. გაიყიდა ყველა ბილეთი. გულშემატკივრებმა ლივერპულში ენფილდ როუდზე საყვარელი ფეხბურთელების სანახავად შეკრება, მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე დაიწყეს. თბილისის მერს ტრიბუნიდან ოჯახიც ამხნევებდა. 
საქველმოქმედო მატჩი ზუსტად იმ შემადგენლობით ითამაშეს, როგორც 2007 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რომელშიც მილანმა ლივერპული 2-1 დაამარცხა. 2005 წელს კი ლიგის ფინალი იტალიური კლუბისთვის მძიმე მარცხით დასრულდა. მაშინ მილანი პირველ ტაიმში 3:0 იგებდა, მეორე ტაიმში კი ლივერპულმა ანგარიში ჯერ გაათანაბრა, შემდეგ მეტოქე მცირედი სხვაობით დაამარცხა. ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩებს დაძაბულობით არც საქველმოქმედო შეხვედრა ჩამორჩა- ანგარიში ბოლო წუთს მერსისაიდელთა კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა შეცვალა - 3-2 ისევ ლივერპულის სასარგებლოდ.
მილანის დამარცხების მიუხედავად, ვეტერანი ფეხბურთელები ფიქრობენ, რომ მისია შესრულებულია. საფეხბურთო დღესასწაულის სანახავად ენფილდი შეივსო, შეხვედრას 55 ათასი გულშემატკივარი დაესწრო და შემოსული თანხა ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხა.

imedinews.ge

წაკითხვა 829 ჯერ

სიახლეები