"სკოლაში ბუფეტში ჩასვლის მეშინოდა, იქ "კაი ბიჭები" იდგნენ"

ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების წევრი, გურამ კაშია ბრიტანულ-ქართული აკადემიის მოსწავლეებს შეხვდა. შეხვედრა კამპანიის "ძლიერები არ ძალადობენ" ფარგლებში გაიმართა.

კაშიამ ბავშვებს ბულინგთან და ჩაგვრასთან დაკავშირებით მისი გამოცდილება უამბო. მან თქვა, რომ 6 წლის იყო, როცა ფეხბურთზე შევიდა და მაშინ სპორტი არ იყო პოპულარული.

 

"როცა სკოლაში დავიწყე სიარული, ფეხბურთი და საერთოდ სპორტი არ იყო პოპულარული ახალგაზრდა თაობაში. ის დრო იყო, როცა სპორტი არავის აინტერესებდა. აინტერესებდათ უფრო კრიმინალური მენტალიტეტი, სკოლებშიც ასე იყო - "კაი ბიჭობა გირჩევნია თუ ტორტი" და ტორტი უნდა აგერჩია აუცილებლად, თორემ ჩაჭრილი იყავი", - თქვა მან.

 

გურამ კაშიას თქმითვე, კარგია, რომ ეს მენტალიტეტი საინტერესო აღარაა და ბავშვები სპორტით ინტერესდებიან. ფეხბურთელი ყვება, რომ სკოლაში რამდენიმე მოსწავლის ეშინოდა, რომლებიც ბუფეტში ფულს ართმევდნენ.

 

"მე სკოლაში რომ დავდიოდი, სხვათაშორის, ბუფეტში ჩასვლის მეშინოდა ძალიან. ფეხბურთელი რომ ვიყავი, პოპულარული საერთოდ არ ვიყავი, ბევრი მეგობარი არ მყავდა, უფრო გოგოებთან ვმეგობრობდი, სიმართლე რომ გითხრათ. ბუფეტში ვერ ჩავდიოდი იმიტომ, რომ მეშინოდა, იქ "კაი ბიჭები" იდგნენ, ოთხნი, ხუთნი, შემაგინებდნენ და მეუბნებოდნენ - "ხურდა მომე, ბიჭო". ამ ბავშვების მართლა მეშინოდა, იმიტომ რომ მეც ვიყავი პატარა. პრობლემას გავურბოდი, არავის ვეუბნებოდი, მუცელი მტკივდებოდა, თან მშიერი ვიჯექი სამი გაკვეთილი", - თქვა კაშიამ.

 

მან აღნიშნა, რომ მაშინ სიტყვა "ბულინგი" საერთოდ არ იცოდა. გარდა ამისა, სახლში ეუბნებოდნენ, რომ არავინ უნდა დაჩაგროს და არ უნდა იტიროს. ფეხბურთელი ამბობს, რომ საერთოდ არ არის სირცხვილი, რომ კაცმა იტიროს და თვითონ ორი კვირის წინაც იტირა, რადგან მამა ჰყავს ავად.

 

"ჩვეულებრივად ვტიროდი, არ არის სირცხვილი, რომ ადამიანმა და კაცმა იტიროს", - აღნიშნა ფეხბურთელმა.

 

გურამ კაშიას თქმით, მაშინ, როცა სკოლის ბუფეტში ჩასვლის ეშინოდა, ეგონა, რომ მის უფროს ძმას შეარცხვენდა, სინამდვილეში კი სწორი იქნებოდა ეს ყველაფერი მისთვის მოეყოლა.

 

"3 წლით უფროსი ძმა მყავს, ფეხბურთი მან მასწავლა, მან შემაყვარა. მინდოდა რომ არ შემერცხვინა ჩემი ძმა. იქ რომ ჩავიდოდი და ფულს წამართმევდნენ, მეგონა, რომ ჩემს ძმას შეურაცხყოფას მივაყენებდი ამით, ასე ვფიქრობდი. არადა, ასე არ არის, პირიქით, ჩემი ძმისთვის უნდა მეთქვა, რომ ასეთ შიშს განვიცდიდი. თუ რამის გეშინიათ, ვიღაცას აუცილებლად უნდა გაუზიაროთ, შეიძლება ეს მხოლოდ ჩაგვრა არ იყოს. უნდა მონახოთ ისეთი ადამიანი, ვისაც ეტყვით", - თქვა კაშიამ.

 

ფეხბურთელმა ბავშვებს უთხრა, რომ თვითონ დღესაც ბევრი რამის ეშინია და ამის სანდო ადამიანისთვის გაზიარება კარგია.

 

"თუ თქვენ ამის მსხვერპლი ხართ, ამ ბულინგის, მონახეთ ისეთი ადამიანი, ვისაც ენდობით. ეს შეიძლება იყოს მეგობარი, დირექტორი, მასწავლებელი ან მე. შეგიძლიათ ინსტაგრამზე მომნახოთ და თქვენი ტკივილი მე გამიზიაროთ, აუცილებლად მოგისმენთ და ვეცდები რჩევა მოგცეთ", - უთხრა კაშიამ მოსწავლეებს.

 

ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანი და სოციალური კამპანიის "ძლიერები არ ძალადობენ" კეთილი ნების ელჩი, გურამ კაშია განათლების მინისტრის მოადგილესთან და "ლოკომოტივის" ფეხბურთელებთან ერთად იმყოფებოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, სკოლის მოსწავლეებსა და ფეხბურთელებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა.

წაკითხვა 852 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 07 2018
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.