რა არის დეპრესია და როგორ გავუმკლავდეთ მას?! – ფსიქოლოგის რჩევები

ცხოვრებისეულმა ერთფეროვნებამ, ადამიანებთან ურთიერთობის გაფუჭებამ, ეკონომიკურმა სიდუხჭირემ და უიმედობის განცდამ შესაძლოა საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტვა გამოიწვიოს.

ეს ის მდგომარეობა, როდესაც ირგვლივ მყოფებს აღარ ენდობი და ცდილობ საზოგადოებისგან მოწყვეტილი იყო. ამ პროცესს ადამიანის სიცოცხლის საუკეთესო წლები და წუთები ეწირება და მან შესაძლოა, ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში იჩინოს თავი. ზემოთ აღნიშნული სიმპტომები 21–ე საუკუნის გავრცელებული დაავადების – დეპრესიის ნიშნებია. დეპრესია – ეს ადამიანის ფსიქიკური აშლილობაა, რომელსაც ნეგატიური განწყობა, სევდა, დათრგუნულობა, გუნებისა და თვითშეფასების გაუარესება, ცხოვრებისადმი ინტერესის დაკარგვა ახასიათებს. მძიმე სახის დეპრესიამ შეიძლება ადამიანი ისე დააუძლუროს, რომ მან დაკარგოს ინტერესი ყველაფერის მიმართ.

შვეიცარიელი ფსიქიატრი, კარლ იუნგი ამბობდა, რომ „დეპრესია შავებში გამოწყობილ ქალბატონსა ჰგავს. თუკი ის გეახლათ, ნუ ეცდებით მის გაგდებას, მოიპატიჟეთ სუფრასთან, როგორც სტუმარი, და მოუსმინეთ თუ რის მოყოლას აპირებს.“

რა იწვევს დეპრესიას და როგორ ვებრძოლოთ მას? ამის შესახებ FirstNews.ge-ს ფსიქოლოგი იაგორ ბალანჩივაძე ესაუბრა.

 

- რა არის დეპრესია და რა გამოვლენის ფორმები ახასიათებს მას?

- დეპრესია ადამიანის ისეთი მდგომარეობაა, როდესაც მას ურთიერთობა უჭირს სხვებთან და საკუთარ თავშია ჩაკეტილი. არ ხდება კომუნიკაცია გარე სამყაროსთან და ეს ფიზიკური დაზიანების ის მომენტია, როდესაც ადამიანს აუციებლად აქტიური დახმარება ესაჭიროება. დეპრესიისათვის დამახასიათებელია  საზოგადოებასთან ნაკლები ურთიერთობა. ასეთ ადამიანებს ურჩევნიათ უფრო მეტად საკუთარ თავთან, საკუთარ სფეროში ყოფნა. ისინი მშვიდ გარემოში არჩევენ ყოფნას. დეპრესიის დროს ადამიანი არ ზრუნავს საკუთარ თავზე, შეიძლება ჰიგიენური საკითხებიც კი უგულებელყოს.

- რამდენად საშიშია იგი ადამიანის ჯანმრთელობისათვის?

- ნამდვილად საშიშია დეპრესია.დეპრესია ჯანმრთელობას ძალიან აზიანებს, შეიძლება ეს ფსიქიკურ აშლილობაში გადავიდეს.თუ კი შევატყობთ, რომ ადამიანი, რომელიც მხიარულია, კომუნიკააბელურია და უცებ ურთიერთობაში აღარ შემოდის, რაღაცას გიმალავს, გრძნობ, რომ არ არის კომფორტულად შენთან და ბარიერი იმართება თქვენს შორის, უკვე აუცილებელია მისი დახმარება. არასდროს უნდა უთხრათ ადამიანს, რომ დეპრესია სჭირს, პირიქით მას კარგად ყოფნისკენ მიანიშნეთ.არ უნდა იყოთ ძალიან აქტიური მსმენელი. თუ ადამიანი შენთან გაიხსნება და საუბრობს არავითარ შემთხვევაში არ შეიტანოთ შესწორება მასში, ბოლომდე მოუსმინეთ. პირველ რიგში უნდა დავაცადოთ, რომ ემოციურად დაიცალოს, ამოიღოს ის, რაც აწუხებს. თავის ნათქვამში ჩვენ შეიძლება დავინახოთ არასწორი შეხედულება, თუმცა მისი გაგებით ეს სწორი იქნება. არავითარ შემთხვევაში ამაზე არ უნდა ვესაუბროთ. ჩვენს მას უნდა მოვუსმინოთ, ეს არის მთავარი. ის, რომ მას დეპრესია სჭირს არ უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ამან შეიძლება კიდევ უფრო ჩაკეტოს ადამიანი, გულ-სისხლძარღთა სისტემა ჩართოს, არითმია გამოიწვიოს, ფსიქიკურ აშლილობამდეც კი მივიდეს და შესაბამისად, ფსიქიკური პაციენტიც გახდეს. დეპრესიას ყველაზე კარგად ფსიქიატრები მკურნალობენ.

-რამდენად ხშირია დეპრესია ახალგაზრდებში და რა არის ამის გამომწვევი მიზეზები?

-სამწუხაროდ, ყოფიერებიდან გამომდინარე ხშირია დეპრესიის შემთხვევები. ძალიან ხშირად ამის გამომწვევი მიზეზი არის ეკონომიკური მდგომარეობა, როდესაც ადამიანი რაღაცას ვერ აკეთებს ისე, როგორც მას სურს. ამ დროს თვითშეფასება იკლებს მასში. დაბალი თვითშეფასება კი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია. ეს მოვლენა ხშირად ახალგაზრდებში ხდება. ბავშვი, რომელიც იყო ძალიან მხიარული, ბედნიერი და უცებ ჩაიკეტა: - რატომ? რაღაც მიზეზი არსებობს, მაგრამ არასდროს არ ჰკითხოთ: – რატომ? მან ეს არ იცის. თუმცა შიძლება იცოდეს, მაგრამ ვერ აცნობიერებს. ამ დროს ის მიზეზს ეძებს გარეთ და არა საკუთარ თავში. გარე ფაქტორები, როდესაც მოეხსნება მას შემდეგ მივა იქამდე, რომ დაუკვირდეს სწორად აზროვნებს თუ არა. ძალიან ხშირად ადამიანებს აქვთ აზროვნების დროს შეცდომები, შეიძლება ეს იყოს უარესის მოლოდინი. თუ ის ფსიქოლოგთან მივა მერე უარესი იქნება. ის, რომ ფსიქიატრთან მივიდეს ფსიქიკური ავადმყოფია. სწორედ ეს არის უარესის მოლოდინი და ჩვენი აზროვნების შეცდომა. ჩვენ გონება გვმართავს, იქიდან მოდის ფიქრი, ფიქრი გადმოდის ქცევად. ადამიანმა გონებაში დაუშვა, რომ მას არ გამოუვიდა და ე. ი. ის ცუდია, წავიდა ცუდი ფიქრები, რომელიც მიდის ქცევასთან. ასე იკეტება საკუთარ თავთან. ეს არის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი დეპრესიისა.

- იკურნება თუ არა დეპრესია და როგორ?

- დავიწყოთ იმით, რომ დეპრესია იკურნება. თუ მძიმე ფორმაა, აუცილებელად საჭიროა, რომ მივიდეს ნევროლოგთან ან ფსიქიატრთან. მძიმე ფორმების დროს აუცილებელია მედიკამეტური მკურნალობაც.

-რა გზები არსებობს დეპრესიის თავიდან ასაცილებლად?

-ძალიან კარგია მეგობრობა, თუ ჩვენ ღია კომუნიკაცია გვაქვს. ეს არის ნომერ პირველი. როგორც კი კომუნიკაცია შეწყდება, დეპრესია იწყება და მატულობს შფოთვა. როგორც გითხარით, გონება მართავს ფიქრებს, შესაბამისად ფიქრებმა გამოიწვია ქცევა და კომუნიკაცია მცირდება. სუფთა ჰაერზე ყოფნა აუცილებელია ადამიანისათვის. ჟანგბადის ნაკლებობაც მოქმედებს ტვინის უჯრედებზე. ადამიანს აქვს შინაგანი და გარეგანი ტემპერატურა, თუ ეს ტემპერატურა თანაბრდება ის დუნდება, ესეც არის ერთ-ერთი ხელშემწყობი დეპრესიის განვითარებისა, ამიტომ, რაც შეიძლება მეტი ვიაროთ ბუნებაში, სუფთა ჰაერზე.

-ვინ შეიძლება დაეხმაროს დეპრესიაში მყოფ ადამიანს?

- ოჯახის წევრიდან დაწყებული ყველას შეუძლია დაეხმაროს, ოღონდ ვისაც მიიღებს ის, ვინც მის სულთან ახლოს მივა. დეპრესიაში მყოფი ადამიანი უნდა მივიღოთ ისეთი, როგორიც არის. თუ დაინახავს, რომ თქვენ იგი მიიღეთ, ის გაიხსნება. ფსიქოლოგები მას ღბულობენ ისეთს, როგორიც არის. ნდობის ფაქტორია. ჩვენ ყოველთვის გვაქვს შიში იმისა, რომ - „ჩვენი ნათქვამი წინ ხომ არ დაგვხვდება“. თუ მძიმე ფორმაა, რა თქმა უნდა, საჭიროა ექიმი და მედიკამეტური მკურნალობა და შემდეგ როდესაც უკვე საკუთარ თავზეც აღარ ზრუნავს, სწორედ მაშინ უნდა ჩაერიოს ფსიქოლოგი.

-როგორც ფსიქოლოგი რა რჩევებს მისცემდით ადამიანებს დეპრესიასთან დაკავშირებით?

-დეპრესია არ არის ტრაგედია. დღეს დეპრესიით ადამიანი არ იღუპება და არც ავადდება.

  • ვურჩევ ადამიანებს, როცა ატყობენ, რომ დეპრესიულები ხდებიან თვითონ უმკურნალონ საკუთარ თავს.

  • როდესაც ადამიანი ხედავს, რომ მას რაიმე ფიქრები დაეწყო აუცილებლად ყურადღების გადატანაა საჭირო, დავურეკოთ მეგობარს და ვესაუბროთ სულ სხვა თემაზე, მაგრამ იფიქრეთ იმაზე, რაზეც ესაუბრებით.

  • ნახეთ რაიმე იუმორისტული იმისათვის, რომ კარგი განწყობა შეგექმნათ.

  • რა თქმა უნდა, კარგია გარეთ სუფთა ჰაერზე ყოფნა, სპორტული დატვირთვა, ჯანსაღი ცხოვრება. როდესაც აქტიური ხართ ამ დროს პულსის რაოდენობა მატულობს და უფრო ჯანსაღად ხართ.

  • დეპრესიას არ ახასიათებს ძილი. როდესაც გვძინავს ნივთიერებათა ცვლა კარგად მიმდინარეობს და ჩვენი ენერგია ივსება. თუ ძილი არ გვექნება კარგი, შესაბამისად, ვერ ვასწრებთ ახალი ენერგიის შევსებას. როდესაც დეპრესიულია ადამიანი მთელი ღამე ფიქრებშია და ეს ფიქრები არ არის სასიამოვნო.

  • როგორ დავეხმაროთ ჩვენს მეგობარს? გავიხსენოთ რაღაც სასიამოვნო და ჩავრთოთ ის ამაში. ეს არის საუკეთესო გზა. როგორი დუხჭირი ცხოვრებაც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს ყოველთვის არის, იქ, რაღაც კარგი. სწორედ იმ კარგს უნდა მოვეკიდოთ და იმით უნდა გავახალისოთ იგი.

     

    ავტორი : სოფო ოდიკაძე

წაკითხვა 8148 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 22 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.