ამ გვერდის ამობედვა

როგორ მოვიპოვოთ შინაგანი თავისუფლება

იმისათვის რომ მოიპოვოთ შინაგანი თავისუფლება, მნიშვნელოვანია ისწავლოთ როგორ გამოხატოთ თავისუფლად თქვენი გრძნობები და ემოციები.

ნუ შეგრცხვებათ გაიცინოთ, თუ მხიარულ განწყობაზე ხართ. მიეცით  თავს გაბრაზების უფლება მაშინ, როცა ამის საფუძველი გაგაჩნიათ და ნუ იფიქრებთ, რომ თქვენ ისე არ გაგიგებენ როგორც საჭიროა.

 

თავი დააღწიეთ ეჭვიანობას

 

რთულ სიტუაციაში, თქვენ ხშირად ვერ პოულობთ სწორ გადაწყვეტილებას იმის გამო, რომ განიცდით დაბნეულობას, შებოჭილი ხართ, არ იცით როგორ მოახდინოთ გავლენა შექმნილ სიტუაციაზე.

ასეთ შემთხვევებში - მერყეობთ და ეჭვობთ, თუ რომელი მოქმედება იქნება მართალი კონკრეტულ მომენტში.

ამ სიტუაციის გასაღები - თქვენი გრძნობებისა და ემოციების თავისუფლად გამოხატვაშია.

იმის გარკვევას, თუ რამდენად მართებულია ისინი, აზრი არა აქვს. მითუმეტეს რომ ძალიან ხშირად ამის დასადგენად პრაქტიკულად დროც არ რჩება. ამიტომ, გაქვთ გრძნობა? - გამოავლინეთ იგი!

იმის ფიქრში, თუ  რისი თქმა ან გაკეთებაა უკეთესი, თქვენ ხელიდან გაუშვებთ დროს, შესაბამისად კი მომენტს, როცა თქვენი მოსაზრება შეიძლებოდა აქტუალური და გადამწყვეტიც კი ყოფილიყო.

ამასთანავე, დაგრჩებათ დაუხარჯავი ემოციური მუხტი და ფიქრი იმაზე, რომ ”ყველაფერი შეიძლებოდა კარგად ყოფილიყო თქვენ რომ მოსაზრება გამოგეთქვათ ან რამე მოქმედება განგეხორციელებინათ”, რაც გარკვეული ხნის განმავლობაში დაგტანჯავთ და მოსვენებას არ მოგცემთ.

 

თავი დააღწიეთ შიშის გრძნობას

 

ძალიან ხშირად, საკუთარი და მოწინააღმდეგის (პირობითად) ძალების შეფასებისას, თქვენ აზვიადებთ მოწინააღმდეგის ძალას და აკნინებთ საკუთარ შესაძლებლობებს.

ასეთ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე სრულიად უსუსური უნდა იყოს, რომ თქვენ არ გაგიჩნდეთ შიშის და მორიდებულობის გრძნობა მასთან მიმართებაში.

შიშის გრძნობა კიდევ უფრო გაიზრდება, თუ თქვენ ამ ადამიანზე რაიმეთი მაინც ხართ დამოკიდებული. ამ დროს მის წინაშე საკუთარი მოსაზრებების, უკმაყოფილობების გამოთქმა თქვენს ძალებს აღემატება, იმის გამო, რომ  შიშობთ რამე ისე არ გამოვიდეს, როგორც საჭიროა.

შეეცადეთ გადალახოთ შიში. მნიშვნელოვანია, რომ არსებული პრეტენზიები თანმიმდევრულად, წყნარად და ბოლომდე გამოთქვათ. ნუ ჩაიხვევთ და დაიტოვებთ გულში სულ მცირე უკმაყოფილებასაც კი.

დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილი და შეკავებული პრეტენზიები ერთ დღეს მაინც გადმოიღვრება ისე, რომ მას ვეღარ გააკონტროლებთ და სასურველი შედეგის ნაცვლად საქმეს უფრო გაირთულებთ.

ან სულ უარესი, შეიძლება თქვენი რისხვა სრულიად უდანაშაულო, ახლობელ ადამიანებს დაატყდეს თავს, როგორც ძირითადად ხდება ხოლმე - თქვენივე  ოჯახის წევრებს, რომლებიც არ უნდა გააწამოთ თქვენი სისუსტით და უგერგილობით.

 

თავი დააღწიეთ დანაშაულის გრძნობას

 

ერთის მხრივ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გრძნობაა. მისი წყალობით შეგიძლიათ გაიგოთ  სად გადის ზღვარი სიკეთესა და ბოროტებას შორის, უკეთესად გაუგოთ სხვა ადამიანებს.

მაგრამ თუ ვერ უმკლავდებით საკუთარი დანაშაულის გრძნობას, რომელიც განუწყვეტლივ იზრდება რაოდენობაში, მაშინ შესაძლოა იგი უმძიმეს ბორკილად გადაგექცეთ, რომლის ზიდვა ძალიან გაგიჭირდებათ.

თუ დანაშაულის გრძნობის ჩარჩოში მოქცევა ვერ შეძელით, იგი დაეპატრონება თქვენს აზრებს და მოქმედებებს.

ყველაზე ცუდი ისაა, რომ ეს გრძნობა მოდის მხოლოდ მაშინ, როცა სიტუაცია უკვე გამოსულია კონტროლიდან. ის აგირევთ აზრებს და არ მოგცემთ მოსვენებას მანამდე, სანამ არ ჩაწვდებით მის ჭეშმარიტ ბუნებას და არ მიხვდებით, რომ უნდა მიიღოთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ.

თქვენ და მხოლოდ თქვენ უნდა იყოთ პირველ რიგში საკუთარი თავის საუკეთესო მეგობარი. ბევრისთვის ცნება ”საკუთარი თავის სიყვარული” რთული, გაუგებარი და მიუღებელია, მაგრამ თქვენთვის რეალიზებადი გახადეთ ცნება ”იზრუნეთ საკუთარ თავზე”, ან ”იმეგობრეთ საკუთარ თავთან”.

დროგამოშვებით იხუმრეთ საკუთარ თავზე, იუმორი საუკეთესო წამალია გაჭირვებიდან და სულელური მდგომარეობიდან თავის დასაღწევად. ის თქვენი საუკეთესო თანამზრახველი იქნება და დაგეხმარებათ თავი დააღწიოთ დანაშაულის გრძნობას.

გახსოვდეთ, რომ  გრძნობები თავისას ითხოვენ, ისინი გადახარშვას საჭიროებენ, ამიტომ ყოველთვის დაუთმეთ მათ ცოტაოდენი დრო და ყურადღება.

 

თავი დააღწიეთ აკრძალვებს

 

ოდესღაც ყველა ადამიანს ასწავლიდნენ, რომ: გაბრაზება - ცუდი ტონია, რომ მხოლოდ უნდა გაახარო და სიამოვნება მიანიჭო ირგვლივმყოფებს და ა.შ...

მაგრამ ამავე დროს, არავინ ასწავლიდა, რა უნდა მოუხერხო იმ ნეგატივს, რომელიც გინდა თუ არ გინდა, გროვდება პიროვნების შიგნით. 

რას იღებს ადამიანი ასაკთან ერთად? - უზარმაზარ ტვირთს ნეგატიური ემოციების სახით, რომელსაც მალავს საკუთარი ტვინის ვითომდა უხილავ კუნჭულებში. სინამდვილეში კი ეს დაგროვილი ტვირთი უკანვე უბრუნდება მას - მაღალი წნევის, კუჭის პრობლემების, გულის ტკივილის და ნერვული სტრესების სახით.

ამ ტვირთის გარეთ გამოშვებას და ყველა ნეგატიური ემოციის დავიწყებას კი ხელს უშლის აკრძალვები, რომელიც სათავეს ბავშვობიდან იღებს.

ამიტომ, მიეცით ხოლმე  საკუთარ თავს გაბრაზების უფლება! რეგულარულად (როცა მიზეზი გაქვთ) გაბრაზდით მთელი ძალით და დაიცალეთ უარყოფითი ემოციებისგან.

შემდეგ კი იმისათვის, რომ  მალე აღიდგინოთ ენერგია და ჩაჯდეთ ჩვეულ რითმში, იხუმრეთ და იუმორით შეხედეთ საკუთარ თავსა და ემოციებს.

ასე უფრო გაგიადვილდებათ...

 

წყარო: www.aura.ge

წაკითხვა 2584 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 10 2019

სიახლეები