გონიერი ადამიანის ტვინი

ტვინი კოლოსალური მნიშვნელობის სტრუქტურაა - არა მხოლოდ ადამიანის გონებრივ პოტენციალს განსაზღვრავს, სხეულის სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოთა სისტემების მაკონტროლებელიცაა.

იგი პასუხისმგებელია ჩვენს უნარსა და რეაქციებზე, მეხსიერებაზე, მიღებული ინფორმაციის ანალიზზე, გუნება-განწყობაზე, ემოციებსა და განცდებზე. თუ გსურთ მაქსიმალური ერთგულებით გემსახურებოდეთ, ხშირად ასიამოვნეთ მას! თუ როგორ? - ამას ჩვენ გასწავლით!



შეიძინეთ ახალი ცოდნა

ტვინს მოდუნების საშუალება არ უნდა მისცეთ, რეგულარულად ავარჯიშეთ საკუთარი უნარები, შეისწავლეთ საინტერესო საქმე, იკითხეთ წიგნები, ეცადეთ მუდმივად ისწრაფოდეთ სრულყოფილებისკენ, შეძენილი გამოცდილება და ცოდნა კი სხვებს გაუზიარეთ.

ინფორმაციის მუდმივი ცვლისას ტვინი აქტიურად ქმნის ახალ-ახალ ნეირონულ კავშირებს.

 

პოზიტიური ემოციები

ნეგატიური ემოციები და მოვლენათა დრამატიზება თრგუნავს ნერვულ სისტემას, მაშინ, როდესაც სამყაროს პოზიტიური ხედვა ააქტიურებს ენდორფინების გამოყოფას, აუმჯობესებს აზროვნებას, აძლიერებს შრომის უნარს და ზრდის ამტანობას როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი დატვირთვების მიმართ.


კონკრეტული მიზანი

თუ არ დაუსახავთ თავს კონკრეტულ, ზუსტად ფორმულირებულ ამოცანას, ტვინს გაუჭირდება პრობლემის გადაჭრის გზების მოძიება. ირკვევა, რომ რამდენადაც კონკრეტულია მიზანი და გარკვეულია ინსტრუქცია, მით უფრო უადვილდება ტვინს მოქმედების გეგმის ნაბიჯ-ნაბიჯ დასახვა და ყველა საჭირო რესურსის ამუშავება, მთავარია - ყველაზე დიდი ამოცანაც კი პატარ-პატარა ქვეამოცანებად მიაწოდოთ მას.

 

შემოქმედების თავისუფლება

ტვინი სრულიად ახალსა და განსხვავებულსაც კი ძველ ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით ქმნის. მეცნიერება ამოუხსნელი მოვლენებისა და ფაქტების შესწავლის საშუალებას იძლევა, ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ სამყარო უკეთესობისკენ და ამით შევიმსუბუქოთ ცხოვრებისეული ტვირთი. შემოქმედება ავითარებს წარმოსახვას, ჩვეულ საგნებზე უჩვეულო ხედვა კი საკუთარი პრინციპებით და შეხედულებებით დამკვიდრების საუკეთესო საშუალებას იძლევა.



ფიზიკური აქტივობა

სპორტი, იოგა, აქტიური სეირნობა სუფთა ჰაერზე - ასეთ დროს უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და ნეირონებიც უკეთ მდიდრდება ჟანგბადით. ტვინი აღმერთებს მოძრაობას, სწორედ მოძრაობისას ვივსებით ყველაზე დიდი ენერგიით, უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლა, იბადება საუკეთესო იდეები და პრობლემების გადაჭრის გზებიც მარტივდება.



გონიერი საკვები

დაბალანსებული კვება რამდენჯერმე ზრდის ტვინის პროდუქტიულობას და ინტელექტის დონეს. ასეთია მარტივი საკვები გაჯერებული სასარგებლო ნახშირწყლებით, რკინით, იოდით, B ჯგუფის ვიტამინებით, ომეგას ჯგუფის ცხიმოვანი მჟავებით. გაიმდიდრეთ რაციონი თხილით, კაკლით, ვაშლით, სტაფილოთი, თევზით, ისპანახით, წყალმცენარეებითა და მარცვლეულის ფაფებით.



სრულფასოვანი ძილი

დღის განმავლობაში მიღებული ინფორმაციის უკეთ დახარისხების საშუალება ტვინს ძილისას ეძლევა. სრულფასოვანი ძილი მეხსიერების მაჩვენებელს 30-40%-ით აუმჯობესებს, ძილისას ტვინი ქმნის ასოციაციებს, რომლებიც ორიგინალური იდეების გამომუშავებისა და ყოველდღიური ამოცანების უკეთ გადაჭრის სტიმულია. გარდა ამისა, ძილისას სისხლი ტვინის უჯრედებს წმენდს ტოქსინებისგან, ეს კი ალცჰაიმერის დაავადების საუკეთესო პროფილაქტიკაა.


სასარგებლო ჩვევები

წარმოუდგენელია, შემოქმედებითად მიუდგე სამუშაოს იქ, სადაც ტვინს იძულებულს ხდიან მარტივი მოქმედებების დასამახსოვრებლად დიდი რაოდენობით ენერგია დახარჯოს. ეცადეთ, სამსახურში ისეთი ჩვევები გამოიმუშაოთ, რომლებიც აუცილებელ რეფლექსებს გაგიძლიერებთ და ტვინს გაცილებით მნიშვნელოვანი მიზნების მისაღწევად საჭირო დროსა და ენერგიას გამოუთავისუფლებს.



რა თრგუნავს ტვინს?

შიში. შიში, რომელიც ორგანიზმს სტრესულ სიტუაციაში აყენებს და ადამიანს ჯანსაღად განსჯის უნარს აკარგვინებს. ასეთ დროს არ დაიბნეთ, მოძებნეთ პოზიტივი: რას შეგძენთ ეს პრობლემა? ნებისმიერი სირთულე ხომ გონივრული მიდგომებისას ჩვენი პოტენციალისა და ახალი უნარების განვითარებაში გვეხმარება.



არაადეკვატურად ძლიერი ემოციები

არაადეკვატურად ძლიერი ემოციები აზროვნებით პროცესებს თიშავენ და ადამიანს შოკურ ვითარებაში აგდებენ. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს როგორც ბედნიერება, ისე უბედურება. ტვინს გონზე მოსვლის საშუალება რომ მისცეთ, შეეცადეთ გადაერთოთ სხვა რამეზე, შეხედეთ მოვლენას სხვა თვალით და გაერკვიეთ, რამდენად სწორად აღიქვით ინფორმაცია.



სოციალური სტერეოტიპები

სოციალური სტერეოტიპები აზროვნებას რიგიდულსა და ზედაპირულს ხდის. სასურველია გათავისუფლდეთ უსაფუძვლო შეხედულებებისგან, რომლებიც ზღუდავენ თქვენს გამოცდილებას სამყაროზე, მიეცით ადამიანებს განსხვავებულად ცხოვრების საშუალება, დაე, იყვნენ ისინი ჩვენგან განსხვავებულნი, როგორც ცხოვრების წესით, ისე შეხედულებით, აზრებითა და სურვილებით.



გახსოვდეთ! რაც მეტ თავისუფლებას ჩუქნით სამყაროს, ტვინი მით უფრო მეტ გენიალურ აღმოჩენებსა და იდეებს აგენერირებს.

 

 

https://mkurnali.ge/index.php

წაკითხვა 785 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 08 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.