„ტირამისუ“ - ნამცხვარი განსაკუთრებული დღეებისთვის

ნამცხვარი, რომლის რეცეპტსაც დღეს შემოგთავაზებთ, მასში შემავალი ინგრედიენტების გამო, საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ დესერტად მიიჩნევა, თუმცა განსაკუთრებულ დღეებში შეიძლება, თავს მისი დაგემოვნების უფლება მივცეთ.
„ტირამისუს“ მოსამზადებლად საჭიროა „სავოიარდის“ ან, უბრალოდ, „ტირამისუს“ ჩხირები, რომელიც ყველა სუპერმარკეტში იყიდება, დასანამი სიროფი და ჰაეროვანი კრემი.
დასანამი სიროფის შემადგენლობა:
„ბაკარდი, ანუ რომი - 100 გრ
„ამარეტო“, ანუ ნუშის ლიქიორი - 70 გრ
ორმაგი ყავა „ესპრესო“ - ერთი ჭიქა
ყავა თქვენი გემოვნებით დაატკბეთ, რომი და ლიქიორი შეურიეთ და კარგად მოურიეთ.
კრემის შემადგენლობა:
კვერცხის გული - 3 კვერცხის
შაქარი - 2 სუფრის კოვზი
შაქრის პუდრა - 4 სუფრის კოვზი
„მასკაპონე“ (მდნარი ყველის სახეობა, რომელიც სუპერმარკეტებში იყიდება) - 1/2 კგ.
ნაღები „პრეზიდენტი“ - 1 ლ.
კვერცხის გულები და შაქარი მიქსერით კარგად ათქვიფეთ. 
შემდეგ მიქსერი ამოიღეთ და ხის კოვზით „მასკაპონე“ შეურიეთ, ისე, რომ კვერცხის მასა და მდნარი ყველი ერთმანეთში „ჩაჯდეს“. 
ცალკე ათქვიფეთ ერთი ლიტრი ნაღები „პრეზიდენტი“ და კარგად რომ აფუმფულდება, ისევ ხის კოვზით, შეურიეთ ყველიანი და კვერცხიანი მასა. 
ბოლოს დაუმატეთ შაქრის პუდრა და კიდევ კარგად მოურიეთ. 
შეიძლება კრემი ოდნავ თხელი გამოგივიდეთ, მაგრამ ნუ შეშინდებით. ნამცხვრიდან კრემის გადმოსვლა რომ აიცილოთ, ჩხირების ჩასაწყობად ოდნავ ღრმა ფორმა შეარჩიეთ.
„ტირამისუს“ აწყობა:
ჩხირები უკვე გამზადებულ სეროფში კარგად დანამეთ და ერთ ფენად დაალაგეთ.
წაუსვით კრემი და ისევ დანამული ჩხირები მოაწყვეთ. 
შემდეგ ისევ კრემი და ასე გააგრძელეთ ბოლომდე, სანამ ჩხირებიც და კრემიც არ გამოგელევათ. 
მზა ნამცხვარს თავზე კაკაო მოაფრქვიეთ. 
გაითვალისწინეთ, რომ ჩხირებს სიროფი და კრემი რომ გაუჯდეს, საკმაო დრო სჭირდება, ამიტომ სასურველია, ნამცხვარი ერთი ღამით მაცივარში შეინახოთ და მეორე დღეს მიირთვათ.
შენიშვნა:
სუპერმარკეტში „სავოიარდის“ ან „ტირამისუს“ ჩხირების ფასი, დაახლოებით, 11 ლარამდეა. 
ჩხირების 1 შეკვრიდან გამოდის ნამცხვარი 12 პერსონაზე. 
1 ლიტრი ნაღები „პრეზიდენტის“ ფასი კი 14 ლარამდეა. 
ნახევარი კოლოგრამი „მასკარპონე“, დაახლოებით, 20 ლარამდე ღირს. 
„ბაკარდისა“ და „ამარეტოსაც“ თუ გავითვალისწინებთ, 12 პერსონისთვის განკუთვნილი „ტირამისუ“ დაახლოებით 80 ლარი დაგიჯდებათ...
თუმცა ალექსანდრე კოშკელოვის თქმით, შესაძლოა, ფასის ეკონომიის მიზნით, ძვირად ღირებული „ბაკარდის“ ნაცვლად, კონიაკი ან მარტინი გამოიყენოთ, მაგრამ არ დაივიწყოთ, რომ ყავა „ესპრესო“ „ტირამისუს“ აუცილებელი კომპონენტია. 
გემრიელად მიირთვით!
funtime.ge
წაკითხვა 1973 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.