March 29, 2024

იურისტი - პროფესია, სადაც ადამიანების ყველაზე ბნელ მხარეებს ხედავ, თუმცა მათი დაცვის სურვილი არ უნდა დაკარგო

პროფესია – იურისტი. ძალიან ცოტა თუ ხვდება, რეალურად რა იმალება ამ პროფესიის უკან, რა უპირატესი თვისებები გააჩნიათ იურისტებს და რა არის ის უნარები, რაც მათ განსაკუთრებულს ხდის.

 

"რატომ სამართალი?" — ესაა ის შეკითხვა, რომელსაც ყველგან გაიგონებ, თუ კარიერის დაწყება იურიდიული მიმართულებით გადაწყვიტე. თითქმის ყველგან და ყოველთვის მოგიწევთ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. მას რამდენიმე ვარიაციაც აქვს, მაგალითად, "რატომ გინდა, გახდე იურისტი?", "რას მოგიტანს ეს პროფესია?".

 

FirstNews.ge გთავაზობთ რუბრიკას - „აირჩიე შენი მომავალი პროფესია“.

 

რა თვისებები გააჩნიათ იურისტებს და რატომ არიან ისინი განსხვავებულები. ამ პროფესიაზე FirstNews.ge-ს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადამიანური კაპიტალის განვითარების მენეჯერი, იურისტი ნინო თვალთვაძე ესაუბრა.

 

მისი თქმით, იურისტის მოვალეობა სამართლიანობის აღდგენაა, ის ძალიან დიდ საქმეს ემსახურება. დამნაშავის დაცვის უფლებაც სამართლიანობის პრინციპის გამოხატულებაა, მაგრამ ეს საკითხი საკმაოდ კომპლექსურია.

 

ბავშვობა

ძალიან ბედნიერი ბავშვობა მქონდა. დავიბადე და გავიზარდე ქუთაისში. 90-იან წლებში, 1 წელი მოსკოვში ვცხოვრობდით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მაშინ ძალიან გაუსაძლისი პირობები იყო, ჩემმა ოჯახმა მაინც დაბრუნება გადაწყვიტა, ჩათვალეს, რომ საქართველოში უნდა გვეცხოვრა, აქ უნდა გვესწავლა მე და ჩემს ძმას სკოლაში. ყოველთვის მადლიერი ვიქნები ამ გადაწყვეტილების, როცა ხალხი აქედან გარბოდა ჩვენ მაშინ დავბრუნდით. სამშობლოს და ქალაქის სიყვარული ისაა რაც ყოველთვის იდებოდა ჩვენში ოჯახის მხრიდან. მშვიდი ბავშვი ვიყავი, საოცრად მიყვარდა როლიკებით სრიალი. ყველაფერში ვცადე ჩემი თავი დედის დახმარებით. დავდიოდი მუსიკალურში, ცეკვაში, სხვადასხვა სტუდიებში.. ბოლოს მე თვითონ, დამოუკიდებლად მივედი ხატვის მასწავლებელთან და ეს ჩემთვის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო იმ დროს. საოცარი მასწავლებელი მყავდა- ეკა არსენიძე, მან დიდი გავლენა იქონია ჩემზე. ყოველთვის მიყვარდა ხალხთან ურთიერთობა, სკოლამ და ქალაქმა მაჩუქა საოცარი მეგობრები და ეს ალბათ ყველაზე დიდი მონაპოვარია ბავშვობის. რომ არაფერი ვთქვა ჩემს საყვარელ მე-3 სკოლაზე და გამორჩეულ მასწავლებლებზე, რომლებმაც დიდი კვალი დატოვეს ძალიან.

 

პროფესია და ოცნება

მოგატყუებთ თუ ვიტყვი, რომ იურისტობა ჩემი ოცნება იყო, ასე არ ყოფილა. როგორც გითხარით ვხატავდი, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო საგნები მიყვარდა. ამიტომ ძალიან უნდოდა ჩემს ოჯახს ექიმი გამოვსულიყავი. მე არ მინდოდა. მოკლედ, ოჯახური კონსესუსის ამბავი იყო სამართალმცოდნეობის არჩევა. მახსოვს, როცა საბუთები შემქონდა, მკითხეს სერტიფიკატები თუ მქონდა, რადგან კონკურსის არსებობის შემთხვევაში შეიძლება მათ გარკვეული როლი ეთამაშა. მე წარვადგინე ქიმიის ოლიმპიადის და მათემატიკის ოლიმპიადის დიპლომები, თან ვუთხარი, რომ ხატვის სერტიფიკატიც მქონდა. მახსოვს, ის ქალი დიდხანს აზუსტებდა, ხომ არ მეშლებოდა ფაკულტეტი. სერტიფიკატები არ დამჭირდა, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ქულით ჩავირიცხე.

 

ჩემი თავი წარმომედგინა ჟურნალისტად, ეკონომისტად, ხატვის პედაგოგადაც კი, მაგრამ არა იურისტად. მაგრამ არასოდეს ვნანობ ამ არჩევანს, მიუხედავად საკმაოდ რთული პერიოდისა, ვფიქრობ, რომ მთავარია გამოძრავებდეს სურვილი იყო წარმატებული და შენი საქმე კარგად აკეთო, ამის შემდეგ მოდის უკვე პროფესიის მნიშვნელობა. მთავარია სურვილი კარგად საქმის კეთების.

 

 

წარმატების ფორმულა

ალბათ შრომისმოყვარეობა, მონდომება და დაბრკოლებებისადმი პოზიტიური დამოკიდებულება. არასოდეს აღმიქვამს სირთულე ტრაგედიად, პირიქით, უფრო დიდი სიამოვნებით ვაკეთებ ხოლმე რთულ საქმეებს, შეცდომების გამო არასოდეს ვჩერდები და ბოლომდე ვიხარჯები. ვერ წარმომიდგენია თუ მიზანი გაქვს, თავი როგორ უნდა დაზოგო, გამითენებია ბევრი ღამე, ბევრი ნერვიულობის შემდეგ კი მიღებული შედეგი ყველაზე ტკბილია. არ მიყვარს წუწუნი, ამის გამო ბევრს ჰგონია, რომ ყველაფერი იოლად მივიღე, მაგრამ არაუშავს თუმცა აქვე ვიტყვი, რომ ამ ყველაფერთან ერთად, მე ყოველთვის თან მქონდა ალბათ ჩემი წილი გამართლებაც. კარიერული თვალსაზრისით ყველა შესაძლებლობა გამოვიყენე. უფრო მეტიც, ვიცინი ხოლმე, ჩემს CV-ში უნდა გავაჩინო ადგილი იმ პოზიციების რაზეც უარი მაქვს ნათქვამი, ფრიად შთამბეჭდავი სია გამოვა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, არასოდეს ვნანობ მიღებულ გადაწყვეტილებებს.

 

145147726 866404714153192 2535482111519121834 n

 

პროფესიის მთავარი მიზანი

იურისტობა ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო პროფესიაა. ძალიან მნიშვნელოვანია რა ღირებულებებს ემსახურება იურისტი. როგორც ლექტორს, საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს და თითქმის არასოდეს მქონია სერიოზული კამათი სტუდენტებთან, მაგრამ მახსენდება ერთი შემთხვევა, როდესაც სტუდენტი მიმტკიცებდა, რომ კარგი იურისტი მხოლოდ ის იყო, ვინც შეძლებდა დამნაშავის ციხიდან გამოყვანას. ბევრი ვიკამათეთ, რადგან ვფიქრობ ღირებულებების ჩამოყალიბებას იმაზე მეტი დრო უნდა ეთმობოდეს ვიდრე ეთმობა და ჩემთვის ძალიან ცუდია თუ სტუდენტი ფიქრობს, რომ მისი წარმატება განისაზღვრება მხოლოდ იმით, თუ რამდენი დამნაშავის გამოყვანას შეძლებს. იურისტის მოვალეობა სამართლიანობის აღდგენაა, ის ძალიან დიდ საქმეს ემსახურება. აქვე აღვნიშნავ, რომ დამნაშავის დაცვის უფლებაც სამართლიანობის პრინციპის გამოხატულებაა, მაგრამ ეს საკითხი საკმაოდ კომპლექსურია. გარდა წმინდა პროფესიული საქმიანობისა, ჩვენს ხელში ძალიან ხშირად, შეიძლება ყველაზე ხშირადაც ხვდება ძალაუფლება. ყველა პოზიციაზე ძალიან მეხმარებოდა ჩემი პროფესია, იქნებოდა ეს პოლიტიკური თანამდებობა, არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციაში საქმიანობა. თუმცა ადამიანის დახმარების ალბათ საუკეთესო საშუალებაა და ჩემთვის ეს ყველაზე დიდი გამართლება იყო იურისტობის.

  

ახალგაზრდები და პროფესია იურისტი

იურისტობისთვს ახალგაზრდებს დასჭირდებათ მონდომება, სურვილი და ცოდნა იმისა თუ რა უნდა, რატომ უნდა და რაც მთავარია ადამიანების სიყვარული. ეს ის პროფესიაა სადაც ადამიანების ყველაზე ბნელ მხარეებსაც ხედავ, მაგრამ ამის გამო მათი დაცვის თუ სამართლიანობის აღდგენის სურვილი არ უნდა დაკარგო. დღესდღეობით, საქართველოში უკვე ძალიან ბევრი იურისტი გვყავს, შესაბამისად კონკურენცია ძალიან მაღალია და პირველივე დღიდან უნდა იყოს მზად ახალგაზრდა, რომ უნდა დააკმაყოფილოს ყველაზე მაღალი სტანდარტი, საშუალო იურისტი არავის სჭირდება. აუცილებლად საჭიროა კომუნიკაციის კარგი უნარი, მე მქონია შემთხვევა, როდესაც სტუდენტს უთქვამს - ვიცი, მაგრამ ვერ ვყვები, იურისტისთვის ეს დაუშვებელია. ეს გამომუშავებადი უნარჩვევაა, ამიტომ ამაზე აუცილებლად უნდა იმუშაონ. ამასთანავე კარგი წერითი უნარებიც ძალიან მნიშვნელოვანია იურისტისთვის. იმაზე უარესი არაფერია, როცა პოზიცია გამართულია, მაგრამ დოკუმენტში ისე ვერ აისახება, როგოც საჭიროა.

 

 

რჩევები მომავალ თაობას

იურისტობა ერთ-ერთი ყველაზე რთული პროფესიაა, კონკურენცია ძალიან დიდია, უბრალოდ იურისტობა საკმარისი არ არის, საუკეთესო უნდა იყოთ. ამასთანავე, უნდა გახსოვდეთ, რომ ძალიან ბევრ დილემასთან მოგიწევთ შეჭიდება. იმედი მაქვს, რომ ის საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც აირჩევთ, ცოდნასთან ერთად მოგცემთ ყველა იმ ინსტრუმენტს, რომელიც ძალიან რთულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. და ბოლოს, არასოდეს დაკარგოთ რწმენა ადამიანებში, გიყვარდეთ ისინი და ემსახურეთ უფრო მაღალ ღირებულებებს ვიდრე უბრალოდ ფულია.   

წაკითხვა 1388 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 03 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.