April 25, 2024

არ გაჩერდე, არ დაიღალო, არ დანებდე - ეკა ლალიაშვილის წარმატების ფორმულა

ადამიანებს სიცოცხლის მანძილზე მრავალი ­სხვადასხვა სახის გადაწყვეტილების მიღება უხდებათ. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიის არჩევაა. იმის დასადგენად,  თუ  რომელი პროფესია შეგეფერებათ, მრავალი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ.

სამსახური მნიშვნელოვან როლს თამაშობს ყოველი ადამიანის ცხოვრებაში და დიდ გავლენას ახდენს მის მდგომარეობასა და ემოციებზე. ბევრი კვლევა გვიჩვენებს, რომ წარმატებით არჩეული პროფესია ზრდის თვითპატივისცემასა და საკუთარი თავის შესახებ წარმოდგენას პოზიტიური მიმართულებით, ამცირებს ფიზიკურ და ფსიქიკური პრობლემების სიხშირეს და ზრდის ცხოვრებით კმაყოფილებას.

 

FirstNews.ge გთავაზობთ რუბრიკას - „აირჩიე შენი მომავალი პროფესია“.  საკუთარი წარმატების შესახებ საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის, თავმჯდომარე, - ეკა ლალიაშვილი  გვესაუბრა.

 

- მოგვიყევით თქვენს შესახებ, ( სად გაიზარდეთ, როგორი ბავშვი იყავით).

- ამაყი ვარ, რომ დავიბადე და გავიზარდე ქალაქ ქუთაისში, ჯერ რუსულ სკოლაში ვსწავლობდი, მოგვიანებით ქართულში გადამიყვანეს და მშობლიური ენის აკადემიურად შესწავლა მეხუთე კლასიდან დავიწყე.

ჩემს თანატოლებს, რომ არ ჩამოვრჩენოდი სწავლაში სხვა საგნებთან ერთად განსაკუთრებით ვინდომებდი ქართული გრამატიკის შესწავლას, ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლე გავხდი, რაც ასევე ჩემი პედაგოგების დამსახურებაც იყო.

ყოველთვის დატვირთული გრაფიკი მქონდა და სკოლის გარდა სხვადასხვა წრეებზე დავდიოდი, ამიტომ ბავშვობა ყოველთვის დაუღალავ და სასიამოვნო შრომის პერიოდთან ასოცირდება.

 

- რატომ აირჩიეთ თქვენი პროფესია

- დღეს, მოზარდები ხშირ შემთხვევაში ჩამოყალიბებულნი არიან პროფესიის არჩევისას, მომავლის მკაფიო ხედვა აქვთ და ეს ალბათ განვითარების მეტმა შესაძლებლობამ და  გარემოებებმაც განაპირობა.

ჩემს შემთხვევაში კი ნამდვილად არ ვიყავი ჩამოყალიბებული რა იყო ჩემი მისწრაფება და რომელ პროფესიას უნდა დავუფლებოდი. ერთნაირად მიყვარდა ტექნიკური და ჰუმანიტარული საგნები, ამიტომ ჯერ ეკონომიკურ ლიცეუმში ვსწავლობდი, შემდეგ დიპლომატიურ ფაკულტეტზე ჩავაბარე, მაგრამ საბოლოოდ იურისტის დიპლომი ავიღე, მოგვიანებით საჯარო პოლიტიკის მაგისტრატურაზე ვისწავლე.

 

- ეს პროფესია თქვენი ბავშვობის ოცნება იყო?

- ადრე მშობლები გვკარნახობდნენ რომელი პროფესია აგვერჩია. ექიმობა ყოველთვის პოპულარულ და პრესტიჟულ პროფესიად ითვლებოდა, ალბათ ამიტომ მშობლებიც აქეთკენ გვიბიძგებდნენ.

საოცნებო პროფესია არ მქონია, მაგრამ ყოველთვის მინდოდა ხალხისთვის სასარგებლო საქმე მეკეთებინა.

ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ საგზაო უსაფრთხოებაზე ვიზრუნებდი. ადრე მძაფრად არსებობდა სტერეოტიპები კაცის და ქალის პროფესიებზე, ამიტომ ალბათ მეც ვფიქრობდი, რომ ეს კაცების საქმე იყო, თუმცა ყოველთვის ვბედავდი სტერეოტიპების მსხვრევას.

 

- როგორ მიაღწიეთ წარმატებას?

- გუშინდელ დღესთან შედარებით დღეს შესაძლოა ერთი ნაბიჯით წინ ვარ, მაგრამ მიზანი ჯერ კიდევ მისაღწევია. ვფიქრობ, წარმატების მიღწევა მუდმივი პროცესია და თუ ჩათვალე რომ მიღწეულია, მაშინ განვითარებასაც წყვეტ. არ გაჩერდე, არ დაიღალო, არ დანებდე! ალბათ ეს არის წარმატების ფორმულა.

 

159004420 429005781504166 1213919755428244087 n

 

- რა არის თქვენი პროფესიის მთავარი მიზანი? რას ემსახურებით?

- განსაკუთრებულად მიყვარს ჩემი საქმე, რადგან გზებზე უსაფრთხოების საკითხების პოპულარიზაციით, ცნობიერების ამაღლებით, კანონმორჩილებით ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებას ემსახურები. ყველა პროფესიას თავისი ხიბლი აქვს, მთავარია დავინახოთ და ვიგრძნოთ, რომ ეს ჩვენი გასაკეთებელი საქმეა.

 

- თქვენი აზრით რა უნარჩვევები უნდა ჰქონდეს ახალგაზრდას, რომ თქვენს პროფესიას დაეუფლოს?

- დღეს ახალგაზრდებს განათლების მიღების ფართო თვალსაწიერი გააჩნიათ, ჩარჩოებს მიღმა აზროვნების უნარი და ბევრად მეტი შესაძლებლობები, ვიდრე ჩემი თაობის ახალგაზრდებს ჰქონდათ, ამიტომ მგონია, რომ ისინი ჩვენზე მეტის გაკეთებას შეძლებენ. ნებისმიერ საქმეს სჭირდება მონდომება, თანმიმდევრულობა, შეუპოვრობა.

 

- რას ურჩევდით მომავალ თაობას, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს თქვენი პროფესიის არჩევა?

- ძალიან მიხარია, რომ დღეს ბევრად მრავალფეროვანი პროფესიების არჩევის შესაძლებლობები აქვთ ახალგაზრდებს. ახალმა პროფესიებმა წამოიწია და ეს განვითარების მაღალ დონეზე მიანიშნებს. გასათვალისწინებელია, რომ უსაზღვრო შესაძლებლობების პარალელურად მაღალი კონკურენციაც არის, ამიტომ მნიშვნელოვანია სხვაზე მეტი იცოდნენ, მუდმივად განაახლონ თავიანთი ცოდნა.

 

- წარმატებას გისურვებთ!

წაკითხვა 844 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 13 2021

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.