საქართველოში 10 404 ბავშვს სკოლაში არასდროს უვლია – რა გეგმა აქვს სამინისტროს

განათლების სამინისტროს ინფორმაციით საქართველოში 6-16 წლამდე 10 404 ბავშვი სკოლაში საერთოდ არ დადის და არც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მოსწავლეთა ბაზაშია მათ შესახებ მონაცემები.

„სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების იდენტიფიცირების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გამოვლინდა 6-დან 16 წლამდე 10 404 მოზარდი (შესაბამისი ასაკის მოსახლეობის 1,7%), რომლებსაც არ აქვთ საგანმანათლებლო ისტორია და არ არიან განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მოსწავლეთა ბაზაში“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

 

განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, ესენი არიან სოციალურად დაუცველი ბავშვები, ასევე ეკომიგრანტები და სხვა პირები.

 

„ეს არიან ბავშვები ერთის მხრივ სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, რამაც ძალიან გაგვაკვირვა – არის ძალიან ცოტა რაოდენობა შშმ მოზარდების, ასევე არიან ეკომიგრანტები, სხვათა შორის არიან ბავშვები, რომლებიც ბაღში არიან და როდესაც 6 წელი უსრულდებათ უნდა დატოვონ ბაღი და სკოლაში მოხდეს რეფერირება. ასევე არიან გარკვეული რაოდენობა ბავშვებისა, რომლებიც არიან საერთაშორისო სკოლებში (სკოლები, რომლებსაც არა აქვთ ქართული ავტორიზაცია)“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

 

მისივე თქმით, შემდეგი ეტაპი იქნება მიზეზების კვლევა, თუ რატომ ვერ ახერხებენ ეს ბავშვები სკოლებში სიარულს და რატომ ვერ ხერხდება მათი კონსტიტუციით გარანტირებული განათლების მიღების უფლების განხორციელება.

 

„სოციალური მუშაკი არის ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი შემდეგ ეტაპზე. დღეს გვაქვს სტატისტიკური მონაცემები, იდენტიფიცირებულები არიან ბავშვები. შემდეგი ეტაპი არის რომ სოციალური მუშაკი ჩაერთოს კვლევაში. ასე ვთქვათ, კარზე მიუკაკუნოს თითოეულს. შემდეგი ეტაპი იქნება კვლევა, თუ რა არის მიზეზი, რომ ბავშვები არ დადიან სკოლაში. მიზეზი შეიძლება ძალიან ბევრი და მრავალფეროვანი იყოს. იმ შემთხვევაში, თუ კვლევით გამოვლინდება და ვერ მოახერხა განათლების სისტემაში არსებულმა სოციალურმა მუშაკმა დაიცვას ამ ბავშვის განათლების უფლება, ამ შემთხვევაში ხდება გადამისამართება ჯანდაცვის სამინისტროს სოციალურ მუშაკთან. ეს არის მეურვეობის ორგანო, რომელმაც უკვე უნდა იკვლიოს ოჯახში არსებული პრობლემები და უკვე ორი უწყების მუშაობის საფუძველზე მოხდება, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროც ერთვება და მაქსიმალურდ იკვრება ის წრედი, რომელიც დაიცავს ბავშვის უფლებას“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

 

საქართველოში განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების შესახებ სრული მონაცემები აქამდე არ არსებობდა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მომზადებული „სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა“ საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 10 სექტემბერს დაამტკიცა.

წაკითხვა 440 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.