რა გამოწვევების წინაშეა ქართული ენა და რა როლს თამაშობს სახელმწიფო ენის დეპარტამენტი მის დაცვასა და განვითარებაში

ქართული ენა მრავალსაუკუნოვანი დამწერლობის მქონე ერთ-ერთი უძველესი სალიტერატურო და სახელმწიფო ენაა.

მის სტატუსსა და მოქმედების არეალს განსაზღვრავს საქართველოს კონსტიტუცია და სხვა კანონები, რომლებიც ამთლიანებს მოსახლეობის სახელმწიფოებრივ ინტერესსა და სულისკვეთებას. იგი ქვეყნის ერთიანობისა და ძლიერების საფუძველია.

 

ბოლო პერიოდში საქართველოში იზრდება უცხო ენების, განსაკუთრებით კი, ინგლისურის გავლენა ჩვენს ენაზე, რაც მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს ენის ლექსიკურ ფონდსა და სინტაქსშიც კი. სხვათა შორის, გლობალიზაციამ და ინგლისური ენის დომინანტობამ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ისედ დიდ ქვეყნებსაც შეუქმნა მსგავსი პრობლემა, როგორებიცაა გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი და სხვ.

 

უცხოურ საცნობარო წარწერებთან ერთად ქართულის არარსებობა, მხოლოდ არასახელმწიფო ენაზე შესრულებული სარეკლამო ბანერები, არასწორად და უხარისხოდ ნათარგმნი სხვადასხვა სახის ლიტერატურა, ბარბარიზმების დამკვიდრება ყოველდღიურ მეტყველებაში - ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც დღეს ქართული ენის წინაშე დგას.

 

ერთი წლის წინ შეიქმნა სახელმწიფო ენის დეპარტამენტი. მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით დადგენილ ფარგლებში დაიცვას სახელმწიფო ენის კონსტიტუციური სტატუსი, იზრუნოს მის პოპულარიზაციაზე, სალიტერატურო ენის ნორმების დადგენასა და დამკვიდრებაზე.

 

დეპარტამენტის უმთავრესი ფუნქციებია: სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარებისთვის ერთიანი პროგრამისა და პოლიტიკის შემუშავება, ასევე, სხვადასხვა პროექტის შექმნა და განხორციელება სახელმწიფო ენის განვითარებისა და საქართველოს ენობრივი მრავალფეროვნების წარმოჩენისათვის.

 

სახელწიფო ენის დეპარტამენტის ფუნქციებზე, სიახლეებსა და განსახორციელებელ პროექტებზე „ჯორჯიან თაიმსს“ დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ესაუბრა:

 

პროფესიით ფილოლოგი ვარ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე. ვმუშაობდი უნივერსიტეტში, განათლების სამმართველოში, ვიყავი ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი და 2014 წლიდან მეხუთე მოწვევის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე. შემდეგ, მე-6 მოწვევის საკრებულოს წევრი; 2017 წლის 30 ნოემბერს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით შექმნილი სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარედ დავინიშნე, დეპარტამენტი 2018 წლის 6 მარტიდან სრულად ამოქმედდა.

 

- რა ფუნქცია-მოვალეობები აქვს სახელმწიფო ენის დეპარტამენტს?

 

- სახელმწიფო ენა წარმოადგენს საქართველოს ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას და მისი სახელმწიფოებრიობის აუცილებელ პირობას. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვა. იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრეთ, დღის წესრიგში დადგა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის შექმნის აუცილებლობა.

 

ჩვენ, ქართველები, უნდა ვამაყობდეთ, რომ ასეთი მრავალსაუკუნოვანი სალიტერატურო ტრადიციების ენა გვაქვს, დამწერლობის სამი სახეობა და, ბუნებრივია, ამას ყველაფერს პატრონობა და მიხედვა სჭირდება. ინტერნეტიზაციის ეპოქაში განსაკუთრებით საფრთხილოა, რომ რომ ქართულმა ენამ არ დაკარგოს ფუნქცია, არ შეეზღუდოს გამოყენების სფეროები.

 

ვფიქრობ, ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა უნდა გვქონდეს ჟურნალისტებთან, ახალგაზრდობასთან, პოლიტიკოსებთან, ბიზნესმენებთან...

 

დეპარტამენტის ერთ-ერთი მნიშნელოვანი მიზანია ქართული ენის ეტიმოლოგიური ლექსიკონის შექმნის ხელშეწყობა. ცნობილია, რომ 40-იან წლებში არნოლდ ჩიქობავას ხელმძღვანელობით დაიწყო ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის შექმნა, რომლის პირველი ტომიც 1950 წელს გამოიცა. სამწუხაროდ, დღემდე არ არსებობს ქართული ენის ფუნდამენტური ეტიმოლოგიური ლექსიკონი და მონაცემთა ციფრული ბაზა. ეტიმოლოგიური ლექსიკონის შესაქმნელად უამრავი მასალა არის ენათმეცნიერების ინსტიტუტში; ეს იქნება ქართველი ერის ლინგვისტური პასპორტი იმ გეოგრაფიულ არეალში, რომელშიც ის ჩამოყალიბდა. ეს არის თითოეული სიტყვის ისტორია, საიდან მოდის და როგორ... ზოგი სპარსულია, ზოგი - ძველი ბერძნული წარმოშობისა, ზოგი კი ქართულ ენობრივ ერთობას მიეკუთვნება. ლექსიკონი გვიჩვენებს, თუ როგორ ვითარდებოდა ქართველი ერი, ვისთან ჰქონდა ენობრივი კონტაქტები და კულტურული ურთიერთობები. ამ ყველაფერს მაღალმეცნიერულ დონეზე კვლევა სჭირდება.

 

- ერთი წლის განმავლობაში რა შედეგს მიაღწიეთ?

 

- პირველი ბიულეტენი, რომელიც დეპარტამენტმა გამოსცა, იყო „გავრცელებულ ენობრივ შეცდომათა ლექსიკონი“. ვფიქრობთ მის ყოველწლიურ განახლებასა და შევსებას. ლექსიკონი განკუთვნილია მომხმარებელთა ფართო წრისათვის, არასპეცილიასტებისათვის. იგი აღწერს ცოცხალ მეტყველებაში გავრცელებულ ისეთ შეცდომებს, რომლებიც გამოყენების შედარებით მაღალი სიხშირით გამოირჩევა. აუცილებლად მიმაჩნია, რომ სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა კოორდინირება გაუწიოს დარგობრივი ტერმინოლოგიური ლექსიკონების შექმნასა და დარგობრივი ტერმინოლოგიური სტანდარტების დადგენას. ვგულისხმობ, მაგალითად, როგორ უნდა გადმოაქართულოს გარკვეული ტერმინები იურისტმა, საბანკო სისტემის წარმომადგენელმა და სხვ. ისე, რომ ტერმინები ყველასთვის გასაგები იყოს და სტანდარტს შეესაბამებოდეს. ამას, რა თქმა უნდა, ფინანსური რესურსების მოძიება სჭირდება.

 

ქართული ენის პოპულარიზაციის მიზნით რამდენიმე საზოგადოებრივი პროექტი დავგეგმეთ, მაგალითად, „ვწეროთ და ვიმეტყველოთ სწორად“ - ასე ჰქვია ახალ სატელევიზიო პროექტს, რომელიც სულ ახლახან წამოვიწყეთ ტელეკომპანია „ერთსულოვნებაზე“; „მოგზაური სიტყვები” გვიყვება, თუ საიდან და როგორ შემოვიდა ესა თუ ის სიტყვა. ასევე, ცნობილი გამოთქმების შექმნის ისტორია, რომელიც ფართო საზოგადოებისათვის ნაკლებადაა ცნობილი, მოკლე სიუჟეტებად მოვამზადეთ. ამავე გადაცემაში დიდი ყურადღება დაეთმობა ბარბარიზმებს. ვცდილობთ, ინგლისურ, რუსულ და სხვა ენებიდან შემოსულ სიტყვებს ქართული შესაბამისი ლექსიკური ერთეულები მოვუძებნოთ და დავამკვიდროთ. არაფერია სათაკილო, თუკი ნებისმიერ შემოსულ სიტყვას ქართულ შესატყვისს მოვუძებნით. ჩვენ ვეცდებით, დახვეწილი ქართულით საუბარი მისაბაძი და პრესტიჟული გავხადოთ.

 

სახელმწიფო ენის დეპარტამენტში შემუშავებული კონცეფციის მიხედვით, რომელიც, ერთი მხრივ, მიზნად ისახავდა ქართველური ენობრივი მრავალფეროვნების ჩვენებას, მეორე მხრივ კი, საქართველოს ენობრივი მოზაიკის ლექსიკოგრაფიულ დოკუმენტირებას, დეპარტამენტის უშუალო მონაწილეობითა და კოორდინაციით, ასევე სხვადასხვა სამეცნიერო ინსტიტუტის ჩართვით გამოსაცემად მომზადდა რამდენიმე სხვადასხვა ტიპის ლექსიკონი.

 

როგორც იცით, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო მასპინძელი ქვეყანა იყო. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარდგენილი იყო ჩვენს დეპარტამენტში მომზადებული ქართულ-აფხაზურ-ინგლისური და ქართულ-ოსურ-ინგლისური სიხშირული ლექსიკონები, აგრეთვე, თინათინ ბოლქვაძის ინგლისურენოვანი ნაშრომი „საქართველოს ენები“. მართალია, ფრანკფურტში ჩასვლა ვერ შევძელით, თუმცა ვიცით, რომ ამ წიგნებმა დიდი აღიარება მოიპოვეს.

 

- თბილისში გავრცელებულ უცხოურ წარწერებზე რას გვეტყვით, რამდენად ჩართული ხართ ამ პრობლემის მოგვარებაში?

 

- ამ მხრივ ბევრი რამაა მოსაწესრიგებელი, ეს პრობლემაა არა მარტო თბილისში, არამედ თითქმის მთელ საქართველოში. ჩვენ ინტენსიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა თუ ზედამხედველობის სამსახურებთან. გვაქვს ცხელი ხაზიც. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დარეკოს და დარღვევის შესახებ გვაცნობოს. დღეისათვის დაახლოებით 2 000-მდე გარე წარწერა გამოვასწორეთ. კანონით განსაზღვრულია, რომ მარცხნივ ან ზევით უნდა იყოს ქართული წარწერა და მარჯვნივ ან ქვემოთ კი - წარწერა არასახელმწიფო ენაზე.

 

ვფიქრობთ, რომ სახელმწიფო ენისა და რეკლამის კანონები გასაუმჯობესებელია. ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან. გვექნება ინსტრუმენტი, რათა რადიკალური ნაბიჯები გადავდგათ ამ კუთხით. კანონს ყველა უნდა დაემორჩილოს, უნდა გამოსწორდეს დარღვევები. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენ ბიზნესს არ ვეწინააღმდეგებით, მხოლოდ მოვუწოდებთ, რომ იმ ქვეყანაში, რომელშიც მეწარმე საქმიანობს, ყველამ კეთილი უნდა ინებოს და პატივი სცეს სახელმწიფო ენას.

 

ნებისმიერი გარე წარწერა, რომელიც შენობებზე კეთდება, დასამტკიცებლად არქიტექტურის სამსახურში შედის. წარწერის ფორმაზე ისინი ზრუნავენ და ჩვენ შინაარსობრივად ვასწორებთ. ეს არის სრულიად უანგარო მომსახურება. ვაძლევთ მათ რეკომენდაციებს, იქნება ეს თარგმანი თუ შინაარსობრივი მხარე. დაჯარიმება ჩვენს კომპეტენციაში არ შედის. თუ წარწერის გაფორმება და შინაარსობრივი მხარე არ გამოსწორდება გონივრული ვადაში, ზედამხედველობის სამსახურს ვატყობინებთ. არ ვართ დიდი უწყება, მაგრამ აქტიურად ვმონაწილეობთ ამ პროცესში.

 

- კონკრეტულად რა პროექტები გაქვთ სამომავლოდ?

 

- მნიშვნელოვანი პროექტები გვაქვს, რომელთაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით.

 

კონსტიტუციაში გვიწერია, რომ საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში - ქართულთან ერთად აფხაზური. ბუნებრივია, რომ აფხაზური ენის მიმართ გულგრილები ვერ დავრჩებით. გვაქვს კარგი პროექტი - აფხაზური ენის დისტანციური სწავლების კურსი. არაერთ ადამიანს ვკითხეთ, მათ შორის პოლიტიკოსებსაც და აფხაზური ენის შესწავლის სურვილი ბევრმა გამოთქვა. ამ პროექტის განხორციელებას დიდი პოლიტიკური და საზოგადოებრივი მნიშვნელობა ექნება.

 

ბოლო პერიოდის პროექტებიდან გამოვყოფდი ტრანსლიტერაციის წესების განახლება-დადგენას, მაგალითად, ინგლისურიდან - ქართულზე და პირიქით. ეს წესი ჩვენმა კომპეტენტურმა ექსპერტთა კომისიამ მიიღო და დაამტკიცა. ახლა ვმუშაობთ იაპონური და ჩინური ენების ტრანსლიტერაციის წესებზე, რადგან, აღმოსავლეთის ეს ორი სახელმწიფო ჩვენი კარგი პარტნიორია. ამ ქვეყნებიდან ბიზნესისა და ბიზნესმენის შემოსვლას აუცილებლად მზად უნდა დავხვდეთ. უნდა აღინიშნოს, რომ აქამდე არსებული წესები რუსულის მიხედვით იყო დადგენილი და ახლა უშუალოდ იაპონელ და ჩინელ სპეციალისტებთან ერთად ვმუშაობთ, რათა ჩინურის, იაპონურის და ქართულის ბუნება მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული.

 

მნიშვნელოვანი პროექტებია და რესურსებიც მოძიებული გვაქვს ცხინვალის რეგიონის, აფხაზეთის, ქვემო ქართლისა და მესხეთის ტოპონიმებთან დაკავშირებული ნაშრომებისა და ბაზების შესაქმნელად, რასაც კოორდინაციას სახელმწიფო ენის დეპარტამენტი გაუწევს. პროექტში ქვეყნის წამყვანი ენათმეცნიერები, ეთნოლოგები, გეოგრაფები, ისტორიკოსები და ა.შ. იქნებიან ჩართულნი.

 

ასევე ვამზადებთ სახელმწიფო ენის პროგრამას, რომელიც ხანგრძლივ განხილვას მოითხოვს არა მარტო მეცნიერების, არამედ მთელი საზოგადოების ჩართვით. გვსურს შევქმნათ სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების მრავალწლიანი კონცეფცია და გეგმა.

 

როდესაც წიგნი იბეჭდება, მასზე უპირველესად პასუხისმგებელი ავტორია. წინათ მას, რედაქტორის გარდა, ჰყავდა კორექტორებიც. დღეს ეს ინსტიტუტი გაქრობის პირასაა, განსაკუთრებით ოფიციალურ სტრუქტურებში. გადახედეთ ოფიციალურ დოკუმენტებს, ნათარგმნ ტექსტებს... ესეც ერთ-ერთი აუცილებლად აღმოსაფხვრელი პრობლემაა.

 

ზემოთ აღვნიშნე, რომ დარგობრივი ლექსიკონებია შესაქმნელი. უახლოეს მომავალში სპეციალისტებთან თანამშრომლობით დავასრულებთ სუმოს ცნობარ-ლექსიკონს. ეს არის სპორტის ის სახეობა, რომელიც საქართველოში XXI საუკუნეში გამოჩნდა და ქართულ საზოგადოებაში პოპულარული ხდება ჩვენი წარმატებული სუმოისტების მეშვეობით. ტერმინები ისეთია, რომ თარგმნა არ შეიძლება, მაგრამ მათი განმარტება და შინაარსი უნდა ვიცოდეთ. როდესაც ფეხბურთი შემოვიდა, ინგლისურ სიტყვებს იყენებდნენ: „კორნერი“, „გოლკიპერი“ და სხვა. სწორედ ჩვენი სახელოვანი ენათმეცნიერების კონსულტაციების შედეგად შეიქმნა ქართული საფეხბურთო ტერმინოლოგია და დღესაც გამოიყენება...

 

პრობლემა უამრავია. ვფიქრობ, ყოველდღიური შრომით მათი გამოსწორება თანდათანობით შესაძლებელია. სწორედ ეს მიზანი აქვს ჩვენს დეპარტამენტს.

 

ავტორი: ნინო ოთარაშვილი 

წაკითხვა 2339 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 30 2018
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.