„ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავდივარ"- ქუთაისის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები

დღეს, სკოლის მოსწავლეებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი დღე იყო. საქართველოს მასშტაბით რამდენიმე რეგიონში ბოლო ზარი აღინიშნა.

წელს, პანდემიის გამო, განათლების სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს რეკომენდაცია გაუგზავნა, რომლის თანახმად, შესაძლებელია ე.წ. ბოლო ზარის ორგანიზება, მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებისა და პედაგოგების მონაწილეობით სკოლის ტერიტორიაზე, უცხო პირთა დასწრების გარეშე.

 

პანდემიამ შეუშალა ხელი ამ დღის დამახასიათებელი პერფორმანსების ჩატარებასაც. დედაქალაქისა და რეგიონების სკოლებში დღეს კოვიდრეგულაციები მკაცრად იყო დაცული.

 

ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა აბიტურიენტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალური ქსელის მეშვეობით მიულოცა. 

 

დღეს, საქართველოს სკოლებში ბოლო ზარი დაირეკება. სწავლის დასრულებას გილოცავთ ყველას და მთელი გულით გისურვებთ წარმატებას თქვენი ცხოვრების გზაზე ახალი ნაბიჯების გადადგმისას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

 

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ სახელმწიფო, თავის მხრივ, მაქსიმუმს გააკეთებს, რათა ახალგაზრდებს მშვიდი და ბედნიერი ცხოვრებისა და განვითარებისთვის გარანტირებული ჰქონდეთ ყველა შესაძლებლობა.

 

ირაკლი ღარიბაშვილი მასწავლებლებს გაწეული შრომისთვის მადლობას უხდის.

 

„დარწმუნებული ვარ, რომ მთელ ენერგიას მომავალშიც სწავლას და განვითარებას მოახმართ და საკუთარი ცოდნითა და პროფესიონალიზმით სხვადასხვა სფეროდან ერთგულად ემსახურებით სამშობლოს, იზრუნებთ ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე. სახელმწიფო კი, თავის მხრივ, მაქსიმუმს გააკეთებს, რათა მშვიდი და ბედნიერი ცხოვრებისა და განვითარებისთვის გარანტირებული გქონდეთ ყველა შესაძლებლობა. მადლობა მინდა, გადავუხადო ყველა მასწავლებელს გაწეული შრომისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას! ჩვენ ვამაყობთ თქვენით და მომავალში დიდ გამარჯვებებს, წარმატებებსა და წინსვლას გისურვებთ“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

 

ბოლო ზარი კოვიდრეგულაციების დაცვით ქუთაისის პირველ საჯარო სკოლამაც აღნიშნა.

 

„ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავდივარ და ქუთაისის პირველი საჯარო სკოლა დავამთავრე უკვე. მიუხედავად იმისა, რომ კოვიდპანდემიაა, მაინც შევიკრიბეთ, რადგან ეს დღე ძალიან დიდ ემოციებს იწვევს ჩვენში. ყველას დავემშვიდობეთ, განსაკუთრებული ღონისძიება არ გვქონია,ძირითადად ფოტოსესით შემოვიფარგლეთ,“ - განაცხადა FirstNews.ge-თან საუბარში ქუთაისის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლემ ანასტასია რევიშვილმა.

 

"ძალიან აღელვებულები ვართ, სკოლის ბოლო დღეებით, შემდეგ გამოცდები იწყება. ერთმანეთის ნახვაც გაგვიხარდა, რადგან ძირითადად კოვიდის გამო ონლაინ ვსწავლობდით. ჩვენ ქუთაისის პირველი საჯარო სკოლის 190-ე გამოშვება ვართ და ამასთანავე,აღსანიშნავი თარიღია. სკოლაში, კლასში მერხები დისტანციით დაგვახვედრეს, ასევე პირბადეებიც გადმოგვცეს. ფოტოსესია გვქონდა და ეს იყო ჩვენი აღნიშვნა. წასვლით ვერსად მივდივართ, რეალობიდან გამომდინარე,“- აცხადებს ჩვენთან საუბარში ქუთაისის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე ნანო მეფარიშვილი.

 

შეგახსენებთ, საქართველოში სკოლის დამთავრების ბოლო ზარით აღნიშვნის ტრადიცია დიდი ხანია არსებობს. უკვე მეორე სასწავლო წელია, რაც სკოლებში საგანმანათლებლო პროცესი პრევენციული წესების დაცვით და ზოგ შემთხვევაში, დისტანციური რეჟიმით მიმდინარეობს.

 

წაკითხვა 597 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 20 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.