March 29, 2024

სკოლებში სწავლის განახლება შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს

“ქვეყანაში კორონავირუსის რამდენიმე შტამის ცირკულირების გამო და განსაკუთრებით კი ეს “დელტა” ვარიანტს ეხება, დღეს ბავშვების ინფიცირება უფრო მეტად ვლინდება, ვიდრე წინა ტალღების პერიოდში.

სპეციალისტების განმარტებით, თუ ინფიცირებულთა ყოველდღიური რაოდენობა არ შემცირდა, სასწავლო პროცესის კლასებში დაწყება შესაძლოა რისკებთან იყოს კავშირში. უკვე მეორე დღეა, რაც ინფიცირებულთა კრიტიკულად მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება, ოთხშაბათს კორონავირუსის 4233 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 38 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.36 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.65 % ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.35 %”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სკოლებში სწავლის განახლება შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს - “თუ ინფიცირება არ შემცირდება, სწავლის დახურულ სივრცეში გაგრძელება გართულდება”.

 

“როგორც იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, თუ ინფიცირებულთა რაოდენობა არ შემცირდება, სასწავლო პროცესის დახურულ სივრცეში გაგრძელება ძალიან გართულდება. “ბავშვების კუთხით მდგომარეობა ზუსტად ისეთივეა, როგორც მოზრდილების. ვგულისხმობ იმას, რომ, როდესაც ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა მატულობს, ამის უკან დგას ინფიცირებული ბავშვების რაოდენობის მატებაც და უფრო მეტი მიმართვიანობა პედიატრიულ სტაციონარებში. რაც ყველაზე მთავარია, კორონავირუსის „დელტა" ვარიანტის ბუნებიდან გამომდინარე, მას უფრო მეტი გავრცელება ახასიათებს ახალგაზრდებში და ბავშვებში, რაც გულისხმობს იმ შემთხვევების ზრდას, რომელსაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდება”, - განმარტავს ჩხაიძე, თუმცა, ამბობს, რომ “დელტა” ვარიანტს არ შეუცვლია წარმოდგენა კორონავირუსზე, - რომ კორონავირუსი უფრო ნაკლებად ვრცელდება ბავშვებში, მოზრდილებთან შედარებით”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ის მონაცემები, რომელიც გვაქვს და ჩვენ ძირითადად, აშშ-ის NCDC-ის მონაცემებს ვეყრდნობით, კორონავირუსის “დელტა” ვარიანტის შემთხვევაში, მაქსიმუმ 3%-ია იმ ბავშვების რაოდენობა, რომელსაც საავადმყოფოში მოთავსება სჭირდება, ანუ 100-დან 3. ეს არ არის დიდი მაჩვენებელი. 100-დან 97 ბავშვი კორონავირუსს გადაიტანს მსუბუქად, ბინის პირობებში, მაგრამ თუ დავთვლით პროცენტულ განაწილებას, 48 ათასი ინფიცირებულიდან 40 ბავშვი მაინც უნდა იყოს... 12 -დან 15-წლამდე ბავშვების ვაქცინაცია შესაძლებელია განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც მათ აქვთ ისეთი ქრონიკული პათოლოგიები, რაც ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მის ჯანმრთელობას რისკს შეუქმნის. ეს არ არის რუტინული და ყველა ბავშვს არ ეხება. ევროპის უმეტესი ქვეყანა უკვე ახორციელებს და ნაწილი გეგმავს 12-დან 15 წლამდე ბავშვების ვაქცინაციის დაწყებას, თუმცა, ინდივიდუალური გადასაწყვეტია, იქნება თუ არა ვაქცინაცია”, - მიიჩნევს იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი.

 

“ეპიდემიოლოგი და ექსპერტი ირაკლი ხმალაძე “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ თუ ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები არ გატარდება, რეკომენდაციების კუთხით და ვაქცინაციის კუთხით, სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში დაწყება რისკის შემცველი იქნება. “რისკი, რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ ეს რისკი უფრო გაიზრდება თუ დაცული არ იქნება ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები, რომლებზეც ჩვენ ამდენი ხანია ვლაპარაკობთ და რაც მთავრია, ყველა პერსონალი უნდა იყოს აცრილი - აღარაა იმის დრო, რომ მე მინდა და მე არა - კი ბატონო, აირჩიონ რომელი ვაქცინაც უნდათ, მაგრამ პერსონალი აუცილებლად აცრილი უნდა იყოს. ბავშვებშიც, ალბათ, პირველ რიგში სასურველია, რომ უფროსკლასელებიც აცრილები იყვნენ, ასევე, მაქსიმალურად დაცული უნდა იყოს რეკომენდაციები, პირბადეების გამოყენება იქნება ეს, თუ კლასებში დაცული გარკვეული დისტანცია” - თვლის ხმალაძე, რომლის თქმით, “არაა გამორიცხული, რომ სექტემბრისთვის მატება იყოს, მით უმეტეს, ტურისტული სეზონია, მაგრამ, მაინცდამაინც კატასტროფული მატების შანსი არაა”, - დასძენს გამოცემა.

 

“შეიძლება მოიმატოს, მაგრამ სამი ათასზე მეტი არა მგონია იყოს, მართალია, მაღალი რიცხვები იყო, მაგრამ ახლა აცრის პროცესი ძალიან აქტიურად მიდის, რადგან ყველა “ფაიზერს” ელოდებოდა. რადგან “ფაიზერი” შემოვიდა, იმდენი დარეგისტრირდა, რომ დღეს რომ გინდოდეს ჩაწერა, ვერ ჩაეწერები. რაიონებშიც უკვე იგივე სიტუაციაა და ადამიანები უკვე აქტიურად იცრებიან და ბევრად უკეთეს სიტუაციას ველოდები, ვიდრე უარესს”, -  ამბობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ხომ არაა გეგმაში, რომ ქვეყანაში 16 წელს ქვემოთ ბავშვები აცრა დაიწყოს, როგორც ეს გარკვეულ ქვეყნებში ხდება?” - პასუხობს:

 

“ჯერ არა, რადგან ვაქცინა არაა გამოცდილი ისე, როგორც წესი და რიგია, თუმცაღა, კულუარებში საუბარია, რომ შესაძლოა ბავშვების აცრა ჩინური ვაქცინით მოხდეს, ოღონდ ეს შეიძლება იყოს ათი წლის ასაკიდან და არა უფრო ქვემოთ.... პედაგოგების აცრა მიმდინარეობს, მე ვინც მეკითხებოდა, უმეტესობა “ფაიზერს” ელოდებოდა, თითქმის ყველა პედაგოგი სასწავლო პროცესის დაწყების დროისთვის ალბათ აცრილი იქნება”.

 

“მანამდე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებული ადამიანები, სურვილის შემთხვევაში, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეძლებენ აცრას. რაც შეეხება მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს, დღეის მონაცემებით ქვეყანაში ერთჯერადად 542 639 ადამიანია აცრილი, ხოლო სრულად 171 908”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 378 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.