ძალიან მარტივია, რომ ჯარისკაცი გახდეთ, მთავარია შეგიძლიათ თუ არა იყოთ მეომარი? - გოდერძი გადელია

ვფიქრობ, რომ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება სპონტანურობის საკმაოდ დიდ ნაწილს შეიცავს, - ამის შესახებ FirstNews.ge- თან საუბარში გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტი გოდერძი გადელია აცხადებს.

წარმოშობით ქალაქ ხობიდანაა. 14 წლის იყო, როდესაც სამხედრო ფორმა ჩაიცვა. ლიცეუმიდან ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მოხვდა, იქიდან კი აშშ-ს საზღვაო ძალების აკადემიაში.

 

FirstNews.ge გთავაზობთ რუბრიკას - „აირჩიე შენი მომავალი პროფესია“. რუბრიკის სტუმარია კადეტი გოდერძი გადელია, რომელიც საკუთარი პროფესიისა და წარმატების შესახებ გვიყვება.

 

- მოგვიყევით თქვენს შესახებ... (სად გაიზარდეთ, როგორი ბავშვი იყავით)

- ბავშვობის წლები უმეტესად მშობლიურ ქალაქში გავატარე. ღრმად მწამს, რომ ჩემს ჩამოყალიბებაში ჩემმა ქალაქმა და ხალხმა უდიდესი როლი ითამაშა. ბავშვობის გახსენებისას კადრებად წარმომიდგება ყველა ის გაკვეთილი, რაც ჩემი ხალხისგან მივიღე და მუდმივად მეხმარება გადაწყვეტილებების მიღებაში.

 

- რატომ აირჩიეთ თქვენი პროფესია? იყო თუ არა ეს თქვენი ბავშვობის ოცნება?

- 14 წლის ვიყავი, მეცხრე კლასში, როცა ჩემმა მეგობარმა ლუკა შამუგიამ საუბრისას მითხრა, რომ ქუთაისის კადეტთა ლიცეუმში აპირებდა ჩაბარებას. მე და ჩემმა მეორე მეგობარმა, გიორგი გაგუამ, უბრალოდ ერთმანეთს შევხედეთ, თვალებით თანხმობა ვანიშნეთ ერთმანეთს და ჩვენს მეგობარს ლიცეუმში სასწავლებლად გავყევით. ასე ჩავიცვით 14 წლის ბიჭებმა სამხედრო ფორმა და ერთი წამითაც არ შეგვპარვია ერთმანეთსა და საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვი.

 

- რა არის თქვენი პროფესიის მთავარი მიზანი? რას ემსახურებით?

- ჩემი, როგორც საქართველოს მოქალაქის მიზანი და მოვალეობაა დავიცვა ისინი, ვინც მიყვარს და ვაფასებ. ვიყო მართალი და გულწრფელი ჩემს მეგობრებთან და ყოველ დღე წინ გადავდგა ნაბიჯი ჩემი და ჩემი ერის კეთლდღეობისთვის. დასაწყისში უბრალო მოქალაქე შეგნებულად ვახსენე. იმისთვის რომ შეასრულო შენი მისია არაა აუცილებელი იყო სამხედრო. ანალოგიურის გაკეთება ყველას შეუძლია, მე უბრალოდ აქ ვიპოვე ჩემი ადგილი.

 

219688926 250258436666502 5127655758504142792 n

 

- რა წარმატებას მიაღწიეთ ამ ხნის განმავლობაში და როგორ? თქვენი აზრით რა არის საჭირო, იმისათვის რომ წარმატებული გახდეს ადამიანი?

- მე წარმატებისთვის ჯერ არ მიმიღწევია, უბრალოდ მეტი პასუხისმგებლობა მერგო. ლიცეუმიდან ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მოვხვდი, იქიდან კი აშშ-ს საზღვაო ძალების აკადემიაში, რაც ჩემი ოცნება იყო. უბრალოდ ყველა მიზნის მიღწევის მერე ვიაზრებ, რომ ეს წარმატება კი არა უფრო მეტი საზრუნავი და სადარდებელია. ალბათ წარმატებას იმას ვუწოდებდი, რომ საფიქრალი და სადარდებელი მაქვს, რაც ცხოვრებას თავისებურ აზრს აძლევს. 

 

- თქვენი აზრით როგორაა განვითარებული საქართველოში თავდაცვის სფერო? რა გამოწვევების წინაშეა და როგორი მომავალი აქვს?

- იმისგან, ვისაც რეალური სამხედრო ნათლობა ჯერ არ მიუღია ცოტა ნაადრევია სამხედრო დოქტრინებისა და სტრატეგიებზე ღიად საუბარი. უბრალოდ ვიტყვი რომ ქართველებს ბრძოლის შნო და ძალა გენეტიკურად მოგვდევს და მჯერა, რომ მიუხედავად ყველა მატერიალური და ტექნოლოგიური პრობლემებისა, ქართულ თავდაცვის ძალებს შეუძლია პასუხი გასცეს ჩვენი ქვეყნის გამოწვევებს, თუნდაც საკუთარი სიცოცხლის ფასად.

 

- თქვენი აზრით რა უნარჩვევები უნდა ჰქონდეს ახალგაზრდას, რომ თქვენს პროფესიას დაეუფლოს?

- განსაკუთრებული არაფერი, უბრალოდ ყველა წარუმატებლობის შემდეგ უნდა ეყოს ძალა, რომ თავად წამოდგეს ან გვერდში უნდა ჰყავდეს ვინმე ისეთი, ვინც დაეხმარება წამოდგომაში. სულ ესაა, მზად იყავით ყველაზე ცუდი მომავლისთვის, მაგრამ ასევე იმედი გქონდეთ ყველაზე კარგის.

 

- რას ურჩევდით მომავალ თაობას, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს თქვენი პროფესიის არჩევა?

- თავდაცვის ძალებში წამოსვლამდე ჯერ დაფიქრდით რა არის თქვენი მოტივაცია. სად ხედავთ საკუთარ თავს და რას გინდათ მიაღწიოთ. ძალიან მარტივია, რომ ჯარისკაცი გახდეთ, მთავარია შეგიძლიათ თუ არა იყოთ მეომარი? ამ ორ ცნებას შორის დიდი განსხვავებაა. ადამიანი სულით შეიძლება მეომარი იყოს და ფორმა არ ეცვას, მას არც ცხოვრება გაუძნელდება და არც მისი მიზნის მიღწევა. ყველაზე ცუდია, როდესაც ჯარისკაცის ფორმაში მეომარი არ არის, ასეთ დროს ბევრი პრობლემა იჩენს თავს.  

წაკითხვა 2363 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 07 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.