ამ გვერდის ამობედვა

ზოგადი უნარების გამოცდა საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთა ნაწილისთვის მოიხსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის ახალი რეგულაცია აამოქმედა.
 
განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ბრძანების თანახმად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარების ვალდებულება გავრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებმაც სწავლის უფლება უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოიპოვეს 2019 წლის 1-ლი იანვრიდან.
 
სამინისტრო ამ ფორმით შეეცადა გამოხმაურებოდა იმ უკმაყოფილო აპლიკანტებს, რომლებსაც საქართველოში სწავლის გაგრძელებისთვის ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება უწევდათ, მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა ჩაბარებული მათ ეს გამოცდა. შეგახსენებთ, რომ ეს პირები განათლების სამინისტროსთან აქციებს რეგულარულად მართავდნენ.
 
“უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის გამოცდის ჩაბარების შესახებ  ახალი რეგულაცია ამოქმედდა.  ეს  გამონაკლისია და ამ გამონაკლისის მთავარი საფუძველი  თანაბარი პირობებისა და  ყველასათვის ხელმისაწვდომი გარემოს  შექმნა და უზრუნველყოფა გახდა”-განაცხადა განათლების სამინისტრომ.
 
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით  სწავლის გაგრძელებას საქართველოში სტუდენტები მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდის  ჩაბარების შემთხვევაში შეძლებენ. ამ გამოცდის  წარმატებით  ჩაბარება გულისხმობს სტუდენტის მხრიდან საქართველოს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მზაობისათვის მინიმალური კომპეტენციის დადასტურებას.
 
ზემოაღნიშნული პირებისათვის გამოცდა დღეს, 11 თებერვალს არის ჩანიშნული. მონაწილეებს,უკვე გადახდილი აქვთ სარეგისტრაციო თანხა 100 ლარის ოდენობით. სამინისტრო კი განმარტავს, რომ  ამ ახალი რეგულაციის ამოქმედების შემდეგაც, გამოცდაში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვს ყველა დარეგისტრირებულ აპლიკანტს.
წაკითხვა 1044 ჯერ