"საშუალება მომეცა საკუთარი თავი სხვა კუთხით დამენახა “ - ქუთაისელი სტუდენტის  პანდემიის პერიოდი საფრანგეთში

კორონავირუსმა მოულოდნელად მსოფლიო რეალობა შეცვალა. განსხვავებული გახდა ცხოვრების სტილი, განათლების სისტემა, ქვეყნების საგარეო და საშინაო პოლიტიკა.

დაწესდა შეზღუდვები, აიკრძალა საჰაერო მიმოსვლა. გაჩერდა ეკონომიკა, ტურიზმის სექტორმა ფაქტობრივად არსებობა შეწყვიტა. გამონაკლისი არც საქართელო ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსს ჩვენი მთავრობა კარგად უმკლავდება და ამას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიც კი აღიარებენ, მაინც რჩება რიგი პრობლემები, რომლებიც ჯერ კიდევ მოსაგვარებელია.

 

კორონავირუსის პანდემიის დასაწყისში საქართველოს მოქალაქე, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მათემატიკის მაგისტრატურის სტუდენტი, -  თამარ კლდიაშვილი, გაცვლითი პროგრამით, Erasmus+ - ით საფრანგეთში იმყოფებოდა.

 

როგორი იყო ქუთაისელი სტუდენტის კორონავირუსის პანდემიის პერიოდი საფრანგეთში? რა გამოწვევებისა და საფრთხის წინაშე იყო ის? - ამის შესახებ FirstNews.ge-ს  თამარ კლდიაშვილი თავად  ესაუბრა.

 

- როგორ მოხვდი საფრანგეთში სასწავლებლად? რა პროგრამით წახვედით?

- საფრანგეთში Erasmus+ პროგრამის საშუალებით მოვხვდი. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სტუდენტებისთვის გამოცხადდა კონკურსი Erasmus+ სტიპენდიის მოსაპოვებლად, რენის გამოყენებითი მეცნიერების ეროვნულ ინსტიტუტში - INSA Rennes. ამ პროგრამაზე მანამდეც მქონდა ინფორმაცია ჩემი მეგობრებისგან, რომლებსაც უკვე ჰქონდათ ამ უნივერსიტეტში იგივე პროგრამით სწავლის გამოცდილება.  

საბუთების შეტანის შემდგომ,  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საფრანგეთიდან ჩამოვიდა ამ უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მირეილ დუკასი, რომელმაც კანდიდატებს  რამდენიმე ლექცია-სემინარი ჩაგვიტარა ინფორმატიკის მიმართულებით და კვლევით პროექტზე, სწორედ ამ ლექცია-სემინარების საშუალებით მოხდა ჩემი შერჩევა.

 

- როგორი იყო კორონავირუსის პანდემიის პერიოდი და საფრანგეთის ონლაინ სწავლების რეჟიმი?

- კორონავირუსის პანდემიის პერიოდი ცოტა სტრესული იყო (ალბათ, არა მარტო ჩემთვის). ფაქტობრივად, მობილობის დიდი ნაწილი კარანტინში გამოკეტილმა გავატარე. ჩემთვის გაცვლითი პროგრამა, გარდა განათლებისა,  კულტურის, ხალხის გაცნობასა და მათთან დამეგობრებასთან ასოცირდებოდა, რისთვისაც მე, ფაქტობრივად, მხოლოდ 2 თვე მქონდა.

მაგრამ პოზიტიურად რომ შევხედო, ეს პერიოდი სასარგებლოც იყო. განსაკუთრებით, სწავლის კუთხით. მაქსიმალურად მოვახდინე კონცენტრირება სწავლაზე და ჩავერთე ონლაინ-სწავლებაში, რაც საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა. გარდა ფრანგული უნივერსიტეტის ლექციებისა და პროექტისა, შესაძლებლობა მქონდა ჩავრთულიყავი ონლაინ-სწავლების რეჟიმში აკაკი წერეთლის სახლმწიფო უნივერსიტეტშიც. ფაქტობრივად, ორ უნივერსიტეტში ერთდროულად ვსწავლობდი.

გარდა ამისა, საკმაო დრო მქონდა საკუთარ თავზე მემუშავა. გავიარე სხვადასხვა ონლაინ-კურსები. ასევე, აქტიურად დავიწყე მზადება, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჩამებარებინა მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა მათემატიკაში.  

 

- როგორი ხალხია ფრანგები? (თვისობრივად, ხასიათით) როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა ამ ერზე და რას გადმოიტანდი საქართველოს რეალობაში?

- აღფრთოვანებული ვარ ფრანგებით. ჩემს გამოცდილებაზე დაყრდნობით, შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მეგობრული ერია. ყველა კეთილგანწყობილია და მზად არის დაგეხმაროს თუ კი რაიმე გჭირდება. ეპიდემიის პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული და უცხო იყო ყველასთვის ასეთი ვითარება, ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი, როგორც სტუდენტებისგან, ასევე ლექტორებისგან.

საქართველოს რეალობაში გადმოვიტანდი ალბათ მათ მსგავს „ლაღ დამოკიდებულებებს“ ,  რაც ყველას ახასიათებს.

 

ffff72903138803 3309140818422641964 n

 

- რა პარალელს გაავლებდით საფრანგეთისა და საქართველოს სწავლებას შორის? რისი გაუმჯობესებაა შესაძლებელი ჩვენს განათლების სისტემაში?

- ფრანგულ სწავლებაში ყველაზე მეტად ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების საშუალება მომწონს. ცოდნას, რომელსაც ლექციებზე იღებ, იყენებ ლაბორატორიულ სამუშაოებში, რაც ნასწავლის განმტკიცების საშუალებას გაძლევს. ამავდროულად ხედავ თუ, რაში და როგორ შეიძლება გამოიყენო მიღებული ცოდნა. ვისურვებდი,  ჩემს უნივერსიტეტშიც მეტად გვქონდეს ამის შესაძლებლობა.

 

- რა მოგცა და რა სიახლე შემატა შენს ცხოვრებისეულ გამოცდილებას საფრანგეთში მიღებულმა განათლებამ?

- საფრანგეთში გატარებული დრო და მიღებული განათლება ჩემთვის მნიშვნელოვანი გამოცდილებაა. პირველ რიგში საშუალება მომეცა მემუშავა კვლევით პროექტზე (რაც პირველი იყო ჩემთვის),  რომელიც დაკავშირებული იყო ქართულ ენასთან და მცირე წვლილი შემეტანა ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეში და მის პოპულარიზაციაში. ასევე, იქ სწავლის შესაძლებლობამ, მომცა საშუალება აღმომეჩინა საკუთარი თავის განვითარების სხვადასხვა გზა.

თუმცა არა მხოლოდ განათლებამ, არამედ ამ პერიოდში დამოუკიდებლად ცხოვრებამ და სირთულეებთან გამკლავებამ,  საშუალება მომცა აღმომეჩინა და სხვა კუთხით დამენახა საკუთარი თავი.

 

- როგორი იყო საქართველოში გამომგზავრების პროცესი და როგორ გეხმარებოდათ ამ პროცესში საქართველოს საელჩო საფრანგეთში?

- საქართველოში გამომგზავრების პროცესი ალბათ ჩემი მობილობის ყველაზე რთული ნაწილია. 5-თვიანი მობილობის ნაცვლად INSA Rennes-ში მყოფ ქართველ სტუდენტებს 6-თვიანი პროგრამა გამოგვივიდა, რადგან ერთი თვით ფაქტობრივად „ზედმეტად ჩავრჩით“ საფრანგეთში. ფრენები არ სრულდებოდა. მაისში სპეც-რეისები დამთავრდა და ივნისშიც მხოლოდ ჩარტერული რეისები იყო დანიშნული, ოღონდ არა საფრანგეთიდან და ამას გარდა არც ისე ხელმისაწვდომ ფასად (მით უმეტეს, სტუდენტებისთვის). ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი იყო ამსტერდამიდან გამოფრენა, მაგრამ იქამდე ჩასვლაც პრობლემას წარმოადგენდა. ფრენისა და საცხოვრებლის დამატებით თანახაზე ისევ Erasmus+ პროგრამა დაგვეხმარა და საბოლოოდ ივნისის ბოლოს მოვახერხეთ საქართველოში დაბრუნება.

საქართველოს საელჩო საფრანგეთში მხოლოდ ტაქსის მოძიებაში და საწვავის ხარჯის დაფინანსებაში დაგვეხმარა, რათა პარიზიდან ამსტერდამში ჩავსულიყავით.

 

ავტორი: ნინო ოთარაშვილი

წაკითხვა 1110 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 05 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.