"სხვის ბედზე ხარ პასუხისმგებელი და შეცდომის დაშვების უფლება არა გაქვს“- პროფესია იურისტი

რა გინდა, რომ გამოხვიდე? – ეს ერთ-ერთია იმ კითხვებს შორის, რომელზე პასუხიც სკოლის დასრულების წლებშიც კი არ ვიცით.

ერთი შეხედვით, ყველა ადამიანს საკმარისი დრო აქვს, სასურველი პროფესიის ასარჩევად, თუმცა როგორც ახალგაზრდები ამბობენ, ეს ის შემთხვევაა, როცა მხოლოდ დროის სიჭარბე არჩევანის გააზრებულობასა და თავისუფლებას არ განაპირობებს. ხშირად ნაადრევად მიღებული გადაწყვეტილება ადამიანის მომავალ ცხოვრებაზე არასწორად მოქმედებს,ზოგი კი ნანობს რომ წლები დაკარგა არასწორად შერჩეული პროფესიისთვის.

 

მაინც როდის და როგორ უნდა ავირჩიოთ პროფესია? FirstNews.ge გთავაზობთ რუბრიკას - „აირჩიე შენი მომავალი პროფესია“. რუბრიკაში შემოგთავაზებთ სხვადასხვა პროფესიის ადამიანების ისტორიას, რომლებიც მოგვიყვებიან თუ რატომ აირჩიეს საკუთარი საქმე.

 

თამუნა ფაჩულია პროფესიით იურისტია, ის ქუთაისში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატია. თამუნა FirstNews.ge-ს უყვება რომ ეს პროფესია, მისი ბავშვობის ოცნება იყო.

 

- სენაკში დავიბადე, გავიზარდე და ვსწავლობდი ერთ-ერთ ულამაზეს სოფელ მენჯში, რომელიც ადრე კურორტის სტატუსს ატარებდა, უნიკალური ბალნეოლოგიური  წყლების გამო. ჩემი ბავშვობა დაკავშირებულია ძალიან ლამაზ მოგონებებთან, როგორც სენაკთან, ასევე აფხაზეთთან.

თამამი, ნებიერა ბავშვი ვიყავი, რომელიც მუდმივად ცდილობდა  სამართლიანი ყოფილიყო. ალბათ ამანაც განაპირობა შემდგომში ჩემი პროფესიის არჩევა და დიდი სიყვარული ჩემი საქმიანობისადმი.     

 

-  რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?

- ჩემს პროფესიად იურისპროდენციის არჩევაში დიდი როლი ჩემს ხასიათს მიუძღვის.

 

-  ეს პროფესია თქვენი ბავშვობის ოცნებაა?

- ნამდვილად. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ბებოს (როგორც ხდება ხოლმე ჩვენს საზოგადოებაში), ძალიან უნდოდა თეთრხალათიანი ექიმი გამოვსულიყავი და მუდმივად ამას მეუბნებოდა. სულ ვიცოდი, რომ მე იურისტი ვიქნებოდი  და ვიმუშავებდი სხვების უფლებების დასაცავად.

 

-  როგორ მიაღწიეთ წარმატებას? რა ხერხები ან რა თვისებები დაგჭირდათ ამისთვის?

- როდესაც პროფესია და ხასიათი - რაც ადამიანს გააჩნია, არის ჰარმონიულად შერწყმული ერთმანეთს და თუ ამას დავურთავთ შრომისმოყვარეობას (რაც ალბათ ყველა პროფესიის ადამიანისათვის არის აუცილებელი),  ჩემი სპეციალობისათვის კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია), ვფიქრობ ზემოაღნიშნული თვისება არის წარმატების საწინდარი. ჩვენს სპეციალობაში მიუხედავად ასაკისა და გამოცდილებისა, აუცილებელია ახლოს იყო წიგნებთან და კითხულობდე მუდმივად.

გარდა ამისა, აუცილებელია აღვნიშნო, რომ სანათესაოში მხოლოდ მე არა ვარ  (უფრო დედის მხრიდან) ამ პროფესიის მქონე, იურისტობა არის ჩვენი ასე შეიძლება ითქვას საგვარეულო პროფესია. ბუნებრივია ძალიან დიდია მათი როლი ჩემი პროფესიული წარმატების მიღწევაში. რადგანაც, როდესაც ხარ სტუდენტი, ხელი მიგიწვდება ყველა საჭირო ლიტერატურაზე, რომელიც იმ პერიოდისათვის შესაძლოა არ ჰქონოდა შენს ლექტორსაც კი, რომელიც საგანს გასწავლიდა, იზრდები გარემოში, სადაც ყოველდღიურად გესმის სამართლის ანაბანა, თუ გინდა გახდე „კარგი იურისტი“ აუცილებლად გამოხვალ. 

 

- რა არის თქვენი პროფესიის მთავარი მიზანი? რას ემსახურებით?

- ჩემი პროფესიის მიზანი - პირველ რიგში უფლებების დაცვაა, სიმართლე. სამართლიანობა და პრინციპულობა. 

 

- თქვენი აზრით, რა უნარ-ჩვევები უნდა ჰქონდეს ახალგაზრდას, რომ თქვენს პროფესიას დაეუფლოს?

- პირველ რიგში, უნდა იყოს ძალიან შრომისმოყვარე და უნდა ახსოვდეს, რომ  მხოლოდ იურისტად გახდომის სურვილით ვერ გახდება კარგი იურისტი და უყვარდეს კითხვა. დანარჩენი კი შრომის შედეგად ყველაფერი მიღწევადია. 

 

- რას ურჩევდით მომავალ თაობას, რომელთაც გადაწყვეტილი აქვთ თქვენი პროფესიის არჩევა?

- ბევრი, ძალიან ბევრი იკითხონ (იშრომონ)  საკუთარ პროფესიაში რეალიზაციისათვის. ჩემთვის, ჩემი გადასახედიდან ჩვენს პროფესიას გააჩნია ყველაზე დიდი შეიძლება ითქვას „ტვირთი“ ესაა პასუხისმგებლობა, თუმცა შეიძლება ყველა პროფესიის წარმომადგენელი იმავეს ფიქრობდეს თავის პროფესიაზე და ეს არ არის სადაო. რადგანაც როდესაც წყვეტ ადამიანის ბედს (რომელსაც აკეთებს მოსამართლე), იცავ ვინმეს (რომელსაც ახორციელებს ადვოკატი), ან ბრალს სდებ ვინმეს, უნდა გახსოვდეს, რომ შენ პასუხისმგებელი ხარ შენს ქმედებაზე, ქცევაზეც და სხვის ბედზე და აქ შეცდომის დაშვების უფლება არა გაქვს.

წაკითხვა 2432 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 03 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.