ამ გვერდის ამობედვა

მარიამ ჯაში: საგანმანათლებლო პროგრამების ბიუჯეტი 160 მილიონი ლარით გაიზრდება

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ის მნიშნელოვანი ცვლილებები შეაჯამა,  რომელსაც  2019 წლის ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს. მისი ინფორმაციით, მომავალი წლისთვის საგანმანათლებლო პროგრამების ბიუჯეტი 160 მილიონი ლარით გაიზრდება. მისივე განცხადებით, განათლების ბიუჯეტის მატების მნიშვნელოვანი ნაწილი ინფრასტრუქტურულ კომპონენტს ეხება.
 
 „წელს ქვეყნის მასშტაბით დასრულდა 50 სკოლის მშენებლობა და მათგან 20 სკოლა მთლიანად სახელმწიფო რესურსით აშენდა. 2019 წელს სკოლების ინფრასტრუქტურის ნაწილში გაზრდილი ბიუჯეტი საშუალებას მოგვცემს გავაფართოვოთ ყველაზე პრიორიტეტულ სოფლებსა და მუნიციპალიტეტებში სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესი", -განაცხადა მარიამ ჯაშმა.  
 
მარიამ ჯაშმა ყურადღება პროფესიული განათლების დაფინანსებაზე გაამახვილა, რომელიც  2018 წელთან შედარებით, 20.3 მლნ-ით იზრდება. ეს  მას  ახალმიღებული პროფესიული განათლების კანონის იმპლემენტაციის ხელშესაწყობად უაღრესად მნიშნელოვან პირობად მიაჩნია.
 
 
„ახალი კოლეჯები აშენდება მარნეულში, ხაშურში, მარტვილში, წყალტუბოსა და ჩოხატაურის რაიონებში და ეს განათლების სამინისტროსთან ერთად ჩემი კოლეგების - მაჟორიტარი დეპუტატების დამსახურებაა", - განაცხადა მარიამ ჯაშმა.
 
 
კომიტეტის თავმჯდომარე  მიესალმება იმ ფაქტს, რომ  ბიუჯეტში პირველად არის გათვალისწინებული როგორც საჯარო, ასევე კერძო კოლეჯებში სტუდენტების სახელმწიფო ვაუჩერით დაფინანსება. მისი თქმით, ეს ცვლილებაც წლების მანძილზე გადაუჭრელი პრობლემის საპასუხოდ მოხდა, რომ უფრო კონკურენტუნარიანი გარემო დანერგილიყო საჯარო და კერძო პროფესიულ სასწავლებლებს შორის. მისი შეფასებით,  ეს ნაბიჯიც ინტენსიური მუშაობის შედეგია პროფესიული განათლების სისტემაში ჩართულ სხვადასხვა მხარესთან. 2019 წელს ბიუჯეტით დაახლოებით 15,600 სტუდენტის სწავლა დაფინანსდება, მათ შორის კერძო კოლეჯების 3,000 სტუდენტის.
წაკითხვა 983 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 14 2018

სიახლეები