ამ გვერდის ამობედვა

სომხეთი და აზერბაიჯანი ტყვეების გაცვლასა და ურთიერთობების შემდგომ ნორმალიზებაზე შეთანხმდნენ

სომხეთი და აზერბაიჯანი ტყვეების გაცვლასა და ურთიერთობების შემდგომ ნორმალიზებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფისისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

“სომხეთის რესპუბლიკა და აზერბაიჯანის რესპუბლიკა თანხმდებიან, რომ ისტორიული შესაძლებლობა არსებობს რეგიონში დიდი ხნის ნანატრი მშვიდობის მისაღწევად. ორი სახელმწიფო კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ სურვილს ურთიერთობები დაარეგულირონ და მიაღწიონ სამშვიდობო ხელშეკრულებას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების პატივისცემის საფუძველზე”, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფისსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომელიც ორ ქვეყანას შორის ნდობის აღდგენისთვის “ხელშესახები ნაბიჯების” გადადგმას მოიცავს.

 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჰუმანიტარულ ღირებულებებზე დაყრდნობით და კეთილგანწყობის ნიშნად აზერბაიჯანმა 32 სომეხი სამხედრო მოსამსახურე გაათავისუფლა. თავის მხრივ, სომხეთმა ჰუმანიტარულ ღირებულებებზე დაყრდნობით და კეთილგანწყობის ნიშნად 2 აზერბაიჯანი სამხედრო მოსამსახურე გაათავისუფლა.

 

ასევე აღნიშნულია, რომ კეთილგანწყობის ნიშნად სომხეთმა თავისი მხარდაჭერა გამოხატა აზერბაიჯანის მიერ გაერო-ს კლიმატის ცვლილების შესახებ კონვენციის მხარეების კონფერენციის 29-ე სესიის (COP29) მასპინძლობისთვის კანდიდატურისთვის, და საკუთარი კანდიდატურა გაიწვია. თავის მხრივ აზერბაიჯანმა, კეთილგანწყობის ნიშნად, მხარდაჭერა გამოხატა გაერო-ს აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფის ბიუროში წევრობისთვის ნომინირებული სომხეთის კანდიდატურისადმი.

წაკითხვა 104 ჯერ

სიახლეები