ამ გვერდის ამობედვა

მარია ზახაროვამ კრასნოგორსკში საკონცერტო დარბაზში მომხდარ თავდასხმას ტერაქტი უწოდა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში საკონცერტო დარბაზში მომხდარ თავდასხმას ტერაქტი უწოდა.

მისივე თქმით, მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა დაგმოს ეს საზარელი დანაშაული.

„კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარ სროლასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს რუსეთის გენერალური პროკურატურაც.

„დღეს საღამოს, კრასნოგორსკის საკონცერტო დარბაზში ღონისძიების დაწყებამდე კამუფლაჟში გამოწყობილი უცნობი პირები შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. დაშავებულთა რაოდენობა ზუსტდება, გასართობი ცენტრის შენობაში ხანძარი გაჩნდა, მიმდინარეობს მოქალაქეების ევაკუაცია“, - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, ადგილზე მობილიზებული სამართალდამცავი უწყებების ქმედებების კოორდინირება მოსკოვის ოლქის პროკურორს, სერგეი ზაბატურინს დაევალა.

მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში „კროკუს სიტი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. თვითმხილველის განცხადებით, ინციდენტი ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის დაწყებამდე მოხდა - დარბაზის პარტერში სულ მცირე სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა და ავტომატებიდან ცეცხლი გახსნა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ასევე ააფეთქეს ხელყუმბარა, რის გამოც ხანძარი გაჩნდა. არაოფიციალური ცნობებით, დაღუპულთა რაოდენობა 40-ს, დაშავებულთა რიცხვი კი 100-ს აღემატება.

წაკითხვა 94 ჯერ

სიახლეები