რატომ აღიარა აშშ-მა სომხების გენოციდი და რით უპასუხებს თურქეთი? - გეოპოლიტიკა და ლობისტები

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლების პალატამ 29 ოქტომბერს მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად, 1915 წელს თურქეთში (ოსმალეთის იმპერიაში) მომხდარი სომხების ხოცვა-ჟლეტვა ფორმალურად (იურიდიულად) გენოციდად აღიარა.

 

თურქეთის ელჩმა ვაშინგტონში სერდარ კილიჩმა კონგრესმენები გააფრთხილა, რომ რეზოლუცია კიდევ უფრო გაამწვავებს აშშ-თურქეთის ისედაც დაძაბულ ურთიერთობას.

 

მომხდარიდან 104 წლის გასვლის შემდეგ, როცა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლების პალატაში დებატები დასრულდა, რეზოლუციის პროექტი კენჭისყრაზე იქნა წარდგენილი. შედეგი, პრინციპში მოსალოდნელი იყო: დოკუმენტს მხარი დაუჭირა 405-მა კონგრესმენმა, წინააღმდეგი იყო 11 და თავი შეიკავა - სამმა კანონმდებელმა. პალატის 13-მა წევრმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

 

რა დგას კონგრესის ამ საკმაოდ მოულოდნელი ნაბიჯის უკან? როგორ აისახება რეზოლუცია აშშ-თურქეთის ურთიერთობაზე და რა როლი შეასრულა რეზოლუციის მიღებაში სომხურმა ლობმა?

 

 

რეზოლუციის მნიშვნელობა
 
 
 
ამერიკის კონგრესის წარმომადგენლების პალატის მიერ მიღებული რეზოლუცია ნიშნავს, რომ აშშ-მა სომხების გენოციდის ფაქტი იურიდიულად აღიარა. დოკუმენტი ძალაში შედის სენატისა და პრეზიდენტის მოწონების (თანხმობის) გარეშე.

 

 

"ცხადია, გენოციდის აღიარებას უდიდესი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, თუმცა, რა თქმა უნდა, ვერ მოახდენს პირდაპირ გავლენას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტმამენტზე და ამერიკელ დიპლომატებზე", - ამბობს ბი-ბი-სის კორესპონდენტთან საუბარში ლოურენს ბროერსი, სამხრეთ კავკასიის ექსპერტი და ბრიტანული ორგანიზაციის Conciliation Resources-ის კავკასიური პროგრამების დირექტორი.

 

 

რეზოლუციის პროექტის განხილვისა და კენჭისყრის წინ კონგრესის წევრები უფრო მეტად ისტორიული სამართლიანობის აღდგენაზე ლაპარაკობდნენ, ვიდრე საგარეო პოლიტიკაზე.
 
 
 
 
"ეს დოკუმენტი თურქეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული, მასში აღიარებულია ოსმალეთის იმპერიაში მომხდარი ტრაგიკულ მოვლენა", - განაცხადა წარმომადგენლების პალატის დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერმა სტენ ხოეირმა ტრიბუნიდან. "რეზოლუცია არის სიგნალი ჩვენი სომეხი და ქურთი ძმებისა და დებისათვის, რომ შეერთებული სტატები ბედის ანაბარად არ მიატოვებს", - დაამატა კონგრესმენმა.
 


როგორც პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ ადამ შიფმა აღნიშნა, იგი ამ რეზოლუციის მისაღებად 19 წელი იბრძოდა: "ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ დაღუპულებს", - თქვა კონგრესმენმა, რომელიც ტრიბუნაზე გამოსვლისას ცრემლები წამოუვიდა, - "და არც დუმილს აღარ გავაგრძელებთ".

 
 
 
 
რა მოხდა 1915 წელს?
 
 
 
ისტორიკოსთა უმრავლესობის აზრით, პირველი მსოფლიო ომის პერიოდში, ანატოლიიდან დეპორტაციის დროს, ასობით ათასი სომეხი დაიღუპა.

 

გენოციდის კვლევის საერთაშორისო ასოციაციის (IAGS) დასკვნის მიხედვით, დეპორტაციას და რეპრესიებს მილიონზე მეტი სომეხი ემსხვერპლა. ბევრი მკვლევარი მიიჩნევს, რომ დაიღუპა 1,5 მილიონი სომეხი ეროვნების ადამიანი.

 

 

თურქმა ისტორიკოსმა ტანერ აკჩამმა, რომელიც აშშ-ის კლარკის უნივერსიტეტის პროფესორია, გამოაქვეყნა დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ სომეხთა მასობრივი მკვლელობები ოსმალეთის იმპერიის ხელისუფალთა ბრძანებების საფუძველზე ხდებოდა.

 

 

რუსეთმა, გერმანიამ, საფრანგეთმა, ბელგიამ, იტალიამ, ბრაზილიამ და სხვა რიგი ქვეყნები ოფიციალურად აღიარებენ სომეხთა გენოციდის ფაქტს. იგივე დამოკიდებულება აქვს ევროპარლამენტსაც. რომის პაპმა ფრანცისკმა სომეხთა ხოცვა-ჟლეტვა მე-20 საუკუნის პირველ გენოციდად შერაცხა.

 

 


თურქეთის დღევანდელი ხელისუფლების დაჟინებული მტკიცებით, დაღუპული სომხების რაოდენობა 300 ათასს არ აჭარბებს. ანკარა არ აღიარებს, რომ სომხების მიზანმიმართული ხოცვა ოსმალეთის იმპერიის მთავრობის ბრძანებით იყო ინიცირებული.

 

 

გეოპოლიტიკა
 
 
 
წარმომადგენლობით პალატაში რეზოლუციის კანონპროექტი ჯერ კიდევ იანვარში იქნა შეტანილი, მაგრამ მისი განხილვა ჭიანურდებოდა - კანონმდებლები თავს არიდებდნენ თურქეთთან ურთიერთობის გამწვავებას, მაგრამ ახლო აღმოსავლეთში - სირიაში მომხდარმა ამბებემა დოკუმენტის მიღება მნიშვნელოვნად დააჩქარა.
 
 
 

"აშშ-ის მიერ სომხების გენოციდის აღიარება, რასაკვირველია, არ ნიშნავს იმას, რომ თურქეთი თავის ისტორიას კრიტიკულად შეაფასებს. პირიქით, გეოპოლიტიკური კონტექტის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ისე გამოდის, რომ რეზოლუციის მიღებით ამერიკა თითქოსდა თურქეთის დასჯას ცდილობს", - ამბობს ლოურენს ბროერსი.

 

 

როგორც "ბი-ბი-სი"-ს თურქული სამსახურის ჟურნალისტი ირენ კოკერი თვლის, "ბოლო დროს აშშ-ის კონგრესში თურქეთის მიმართ მზარდი მტრული დამოკიდებულება აშკარად შეიმჩნევა, განსაკუთრებით ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების გამო".

 

მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ რეზოლუციის მიღება ხელს შეუშლის და ავნებს თურქული სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას, რომელმაც ბოლო წლებში ბევრი რამ გააკეთა", - ამბობს ამერიკელი ექსპერტი ჯოშუა კუჩერა, გამოცემა Eurasianet-ის კავკასიის განყოფილების რედაქტორი:

 

 


"ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არგუმენტი გენოციდის აღიარების წინააღმდეგ არის ის ფაქტი, რომ თურქეთი ბოლო წლებში საკმაოდ წინ წავიდა საკუთარი წარსულის შეფასების გზაზე. ეს რეზოლუცია კი წყალს დღევანდელი თურქეთის ხელისუფლების წისქვილზე ასხამს, ანუ ანკარის ნარატივზე - გავიხსენოთ, რომ ჯერ კიდევ 1915 წლის გენოციდამდე ოსმალეთის მთავრობა სომხებს დასავლეთის "მეხუთე კოლონად" თვლიდა... მაგრამ ბოლო ხანს მემარცხენე ლიბერალური შეხედულებების მქონე თურქებმა და თურქეთში მცხოვრებმა სომხებმა ამ სპეკულაციების წინააღმდეგ დიდი მუშაობა გასწიეს", - ამბობს ჯოშუა კუჩერა, - ახლა კი წარმომადგენლების პალატის მიერ მიღებული რეზოლუცია თურქეთში "შეთქმულების თეორიის" მომხრეებისათვის კოზირად იქცევა".

 
 
 
 
სომხური ლობი
 
 
 
რეზოლუციის მიღების გეოპოლიტიკურ კონტექტს არ მალავენ ამერიკაში მცხოვრები სომხების იმ ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, რომლებიც რეზოლუციის მომზადებასა და მის ლობირებაში მონაწილეობდნენ. ისინი თვლიან, რომ მათი თანამშრომლობა ამერიკელ კანონმდებლებთან სომეხი წარმოშობის ამომრჩევლების ნებას წარმოადგენს. ამ ფაქტორმა დოკუენტის მიღებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

 

 


"ამერიკის სომხური ასამბლეის" დირექტორის (ქვეყნის დასავლეთ რეგიონში) მიგრან თუმაჯიანის თქმით, მათი ძალისხმებით რეზოლუციის ტექსტში აღნიშნულია, რომ აშშ-ს დიდი წვლილი აქვს შეტანილი 1915 წლის გენოციდის მსხვერპლთა დახმარების საქმეში. "ჩვენი აქტიური მუშაობით მივაღწიეთ იმას, რომ კონგრესის ბევრმა წევრმა პოზიცია რეზოლუციის მხარდაჭერის მიმართ ბოლო მომენტში დადებითად შეცვალა", - ამბობს მიგრან თუმაჯიანი, - "მართალია, პალატაში დემოკრატიული უმრავლესობის რაოდენობა საკმარისი იყო რეზოლუციის მისაღებად, მაგრამ მაინც დაუღალავად ვმუშაობდით დასვენების დღეებშიც კი, რომ დოკუმენტის მიმართ რესპუბლიკელი კანონმდებლების მხრიდან რაც შეიძლება მასიური მხარდაჭერა ყოფილიყო. ჩვენთვის ამას დიდი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს".

 

 

იგივეს აკეთებდა "აშშ-ის სომეხთა ეროვნული კომიტეტიც": როგორც ამ ორგანიზაციის წარმომადგენელმა არმენ სააკიანმა განუცხადა ბი-ბი-სის ჟურნალისტს, აქტივისტები კონგრესის წევრებს ურეკავდნენ, ესაუბრებოდნენ და არწმუნებდნენ მხარი დაეჭირათ რეზოლუციისათვის. ლობისტებს კი კაპიტოლიუმში (კონგრესში) თითქმის ყველა კაბინეტი მოვლილი აქვთ".
 
 

სომეხ ლობისტებს მხარს უჭერდნენ ორი გავლენიანი ებრაული დაჯგუფება - აშშ-ის ანტიდიფამაციური ლიგა და ამერიკის ებრაელთა კომიტეტი, აგრეთვე ორგანიზაცია "ქრისტიანთა დასაცავად", რომელიც აშშ-ში ახლო აღმოსავლეთის ქრისტიანული მოსახლეობის (უმცირესობის) ინტერესებს იცავს.
 
 
 

რით უპასუხებს თურქეთი?

 

რასაკვირველია, ოფიციალური ანკარა ნეგატიურ რეაგირებას მოახდენს გენოციდის აღიარების ფაქტზე. სხვათა შორის, კენჭისყრის წინ თურქეთის ელჩი სერდარ კილიჩმა ამერიკელ კონგრესმენებს მოუწოდა, რომ უარი თქვან რეზოლუციის მიღებაზე და ნატოში თურქეთ-აშშ-ის პარტნიორობა საფრთხის წინაშე არ დააყენონ. "თუმცა რეზოლუციის მიღების ფაქტი რეალურ ორმხრივ პოლიტიკაზე არსებით გავლენას მაინცდამაინც არ მოახდენს", - თვლის ირენ კოკერი, ბი-ბი-სის თურქული სამსახური ჟურნალისტი.
 
 


"საეჭვოა, რომ კენჭისყრის შედეგებმა თურქეთისა და აშშ-ის ურთიერთობა გაამწვავოს", - მიიჩნევს ვაშინგტონში არსებული ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, თურქული წარმოშობის გიუნეი ილდიზი, - ეს ურთიერთობები ისედაც უაღესად დაბალ დონეზეა და გენოციდის აღიარებამ შეიძლება მხოლოდ მათი გაუმჯობესება გააჭიანუროს". "აშშ-ის ჯარების გასვლა სირიიდან პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანისთვის დიდი საჩუქარი იყო, თუმცა ამ ფაქტსაც კი არ გამოუწვევია აშშ-სადმი თურქების კეთილგანწყობა", - გაიხსენა გიუნეი ილდიზმა.

 
 
 
 
ანკარისა და ერევნის რეაქცია

 

როგორც "როიტერი" იუწყება, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლიუთ ჩავუშოღლუმ მკაცრად დაგმო რეზოლუციის მიღება სომეხთა გენოციდის აღიარების თაობაზე, მას "უმოქმედო და ცარიელი გადაწყვეტილება" უწოდა. თავის "ტვიტერში" მინისტრმა აღნიშნა, რომ ამერიკის კონგრესის წარმომადგენლების პალატის მიერ დოკუმენტის მიღება შირისძიებაა თურქეთის მიმართ, სირიაში მიმდინარე ანტიქურთული ოპერაციის გამო: "ისინი, ვისი გეგმებიც ჩაიფუშა, ახლა მოძველებულ რეზოლუციებს იღებენ. ის წრეები, რომლებიც თვლიან, რომ ასეთი ნაბიჯებიც შურს იძიებენ, ძალიან შემცდარან. ეს მათი სამარცხვინო გადაწყვეტილებაა, როდესაც ისტორიას პოლიტიკისათვის იყენებენ. რეზოლუციას თურქეთისათვის და თურქი ხალხისათვის არანაირი ძალა არ აქვს", - განაცხადა მევლიუთ ჩავუშოღლუმ.

 

 

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ორი "ტვიტი" გამოაქვეყნა რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებით: მან კენჭისყრის შედეგები ისტორიულ ნაბიჯად შეაფასა სამართლიანობისა და ჭეშმარიტების აღდგენის გზაზე და ყველას მადლობა გადაუხადა, ვისი ძალისხმევითაც ეს ისტორიული გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

 

 

საინტერესოა, რომ გენოციდის აღიარების რეზოლუციის მიღების შემდეგ კონგრესმენებმა ასევე ერთხმად მოიწონეს კანონპროექტი, რომლის თანახმად, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქეთს, სირიელი ქურთების შევიწროვების გამო, დამატებითი სანქციები უნდა დაუწესოს.
 
 
 
 
 
 
წაკითხვა 51 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 31 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.