March 29, 2024

ერთი ნაბიჯი დიდი ომის დაწყებამდე - ერდოღანმა პუტინს და ასადს ახალი ულტიმატუმი წაუყენა

“თურქეთი ამჟამად არაა იმ მდგომარეობაში, რომ რუსეთთან ომის დაწყების ინიციატორი იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ანკარას გააჩნია ამის საფუძველი. ორივე მხარე ერთმანეთს აბრალებს ყველაფერს. რაც შეეხება ლიბიას, რუსეთი იქ ჰიბრიდული ომის მეთოდებს იყენებს”, - ასე აფასებს სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” საუბრისას თურქეთის პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც მასშტაბური ომის დაწყებას აანონსებს იმ შემთხვევაში, თუ სირიის არაბული არმია და რუსეთის შეიარაღებული ძალები არ დატოვებენ იდლიბის პროვინციაში არსებულ თურქეთის სადამკვირვებლო პუნქტების ტერიტორიას”, - წერს გაზეთი “რეზონანი” სტატიაში სათაურით ერთი ნაბიჯი დიდი ომის დაწყებამდე - ერდოღანმა პუტინს და ასადს ახალი ულტიმატუმი წაუყენა.

 

“გამოსავალი არის, რომ რეჟიმის ძალებმა საზღვრის მიღმა უნდა დაიხიონ. სხვა შემთხვევაში ამას თებერვლის ბოლომდე მოვაგვარებთ”, - თქვა თურქეთის პრეზიდენტმა. რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ მიუხედავად არსებული შეთანხმებისა, არ აპირებს თებერვლის ბოლომდე ლოდინს და სირიაში სისხლისმღვრელი დაპირისპირების დაწყებით იმუქრება. ამასთან, რუსეთთან მიმართებით თურქეთის პრეზიდენტს დამატებითი პრეტენზიებიც აქვს - ლიბიაში შექმნილი ვითარება. 15 თებერვალს ჟურნალისტებთან საუბრისას ერდოღანმა განმარტა, რომ თურქული მხარის ინფორმაციით, ლიბიაში მიმდინარე კონფლიქტი მოსკოვის მიერ იმართება - ამის დასტურად თურქეთის პრეზიდენტმა წარმოადგინა ფოტო, რომელზეც გამოსახულები არიან ლიბიის მეამბოხე ეროვნული არმიის გენერალი ხალიფა ჰაფთარი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, რუსული კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” დირექტორი და რუსეთის გენშტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, სამხედრო მოქმედებებს ლიბიაში უმაღლესი რანგის რუსი სამხედროები ხელმძღვანელობენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

 

“ისინი არიან უმაღლესი სამხედრო ჩინოვნიკები და ახლა ისინი ხელმძღვანელობენ “ვაგნერს”, მაგრამ ისევ ამბობენ, რომ არანაირი კავშირი არ აქვთ მასთან. ამჟამად რუსეთის უმაღლეს დონეზე ხელმძღვანელობს ომს ლიბიაში”, - განაცხადა ერდოღანმა. ახლო აღმოსავლეთში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი მიხეილ ბოგდანოვი კი ერდოღანის განცხადებას უარჰყოფს და აცხადებს - “არ ვიცი, საიდან მოიტანა ეს”. რაც შეეხება კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერს”, ოფიციალური მოსკოვი მასთან კავშირს ისევ გადაჭრით უარყოფს. რუსეთის პრეზიდენტმა 11 იანვარს განაცხადა, რომ იმ შემთვევაშიც კი, თუ ლიბიის კონფლიქტში რუსეთის მოქალაქეები მართლაც არიან ჩართული, ისინი რუსეთის ინტერესებს არ ატარებენ და ხელისუფლების მხრიდან არ ხდება მათი დაფინანსება. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ თურქეთსა და რუსეთს შორის მასშტაბური შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყოს, თუმცა საუბრობს იმ მიზეზებზეც, რომლის გამოც შესაძლოა, რომ თურქეთმა ამისგან თავი შეიკავოს”, - დასძენს გამოცემა.

 

 

“თურქეთი ამჟამად არაა იმ მდგომარეობაში, რომ რუსეთთან ომის დაწყების ინიციატორი იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ანკარას გააჩნია ამის საფუძველი. ასადის რეჟიმმა დაარღვია მის მიერვე შემუშავებული ასტანის შეთანხმების პირობები, რომელიც გულისხმობდა იდლიბისა და ალეპოს პროვინციებში სამთვალყურეო პუნქტების შექმნას და ერთობლივ პატრულირებას ტერიტორიაზე, სირიის სამთავრობო ჯარებს კი შემტევი ოპერაციები არ უნდა განეხორციელებინათ ამ ტერიტორიაზე. თურქეთმა შექმნა 30 კმ-იანი უსაფრთხოების ზონა, რადგან საკუთარ ტერიტორიაზე ქურთი მებრძოლების შემოჭრას ელოდა. ორივე მხარე ერთმანეთს აბრალებს ყველაფერს. ასადის რეჟიმი და რუსეთი ამბობენ, რომ თურქეთმა ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა და მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კვლავ არიან ტერორისტული დაჯგუფებები, რომელიც თავს ესხმიან ასადის სამთავრობო ჯარებს. თურქეთი კი მეორე მხარეს აბრალებს ყველაფერს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

 

 

“ლიბიაში რუსეთი იყენებს “ჰიბრიდული ომის” მეთოდს - რუსეთმა პირველად დაიწყო კერძო სამხედრო კომპანიების გაგზავნა იმ ტერიტორიებზე, სადაც რუსეთს გეოსტრატეგიული და გეოეკონომიკური ინტერესები გააჩნია. ჰაფთარის მხარეს მყოფი რუსი დაქირავებული მებრძოლები, ფაქტობრივად, იცავენ რუსული ენერგოკომპანიების ინტერესებს. რუსეთს უნდა, რომ შექმნას პლაცდარმი აფრიკის კონტინენტზე თავისი გეოსტრატეგიული გავლენის გაფართოებისათვის. ჯერ კიდევ ცივი ომის პერიოდში სსრკ-ის ჰქონდა სამხედრო-საზღვაო ბაზა ლიბიაში, ტრიპოლისთან ახლოს. პუტინმა დაახლოებით 2006 წელს აღადგინა ამ ბაზის ფუნქციონირება და ეს განსაკუთრებით გამოადგება ახლა, როდესაც ლიბიაში ორხელისუფლებიანობაა. რუსეთი ამით სარგებლობს და ცდილობს გავლენა გააფართოოს ლიბიაში, ეგვიპტეში, ალჟირსა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონში. ამ შემთხვევაში რუსეთის ეს ინტერესები იკვეთება და წინააღმდეგობაშია თურქეთის ინტერესებთან. 17 თებერვალს თურქეთის მაღალი დონის დელეგაცია ჩადის მოსკოვში და ამ მოლაპარაკებების შედეგები მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ერდოღანის სამომავლო ქმედებებს და იმას, თუ რამდენად შეასრულებს თურქეთის პრეზიდენტი თავის ულტიმატუმს, რომელიც ასადის რეჟიმსა და კრემლს წაუყენა”, - განმარტავს ექსპერტი.

წაკითხვა 463 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 17 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.