April 25, 2024

სტაგნატორი: ვლადიმერ პუტინი რუსეთის ცვლილებებს უფრთხის

გერმანული გაზეთის „ზიუდდოიჩე ცაიტუნგ“-ის («Süddeutsche Zeitung») 24 ივნისის ნომერში გამოქვეყნდა სტატია სათაურით „სტაგნატორი: ვლადიმერ პუტინი რუსეთის ცვლილებებს უფრთხის“, რომელშიც ქვეყნის მართვის მხრივ რუსეთის პრეზიდენტის საქმიანობის სტილია გაანალიზებული, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ვლადიმერ პუტინის მოქმედებას კორონავირუსის პირობებში, ომის დასრულების 75-ე წლისთავის აღსანიშნავი სამხედრო აღლუმის წინ (ავტორი - ზილკე ბიგალი).

 

„რუსეთის პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანაში შედარებით მშვიდი ვითარება იყოს, რათა ისტორიაში კარგი სახელით შევიდეს. მოსკოვში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საკარანტინო შეზღუდვები მოულოდნელად ძალიან შესუსტდა არა ეპიდემიოლოგიური, არამედ პოლიტიკური მიზეზების გამო, - თვლის ავტორი, - პრეზიდენტმა გადაწყვიტა საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის ხმის მიცემა ჩაეტარებინა, თანაც ვირუსის გავრცელების მაღალი დონის პირობებში. ვლადიმერ პუტინისათვის ხალხის ჯანმრთელობა მეორეხარისხოვანია ისევე, როგორც უმრავლესობის აზრი. უკვე დიდი ხანია ცნობილია: რუსეთში რაც უფრო მეტ ადამიანს სურს ცვლილებები, მათთვის მით უფრო ნაკლები არჩევანი რჩებათ“.

 

„პრეზიდენტს, პრინციპში, საკონსტიტუციო რეფორმისათვის ხმის მიცემა არც ჭირდება, მაგრამ მას სურს დატკბეს საარჩევნო უბნებში მიღწეული ტრიუმფით: ხალხმა უნდა დაინახოს, რომ მისი კიდევ ორი საპრეზიდენტო ვადის დამტკიცება ლეგიტიმურად ხდება. ამით ვლადიმერ პუტინი აჩვენებს თავის გარემოცვას და მოსახლეობას, რომ უახლოეს პერსპექტივაში მას ალტერნატივა არ ეყოლება“, - ხაზს უსვამს ავტორი და იქვე აღნიშნავს, რომ „ასეთ პირობებში, დიდი ალბათობაა, რომ ხმის მიცემა ფარსად გადაიქცეს“.

 

როცა მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოხატავს, ვლადიმერ პუტინი გაღიზიანებული რეაგირებს. ასეთ დროს მისი გარემოცვა აცხადებს, რომ ყველაფერი დასავლეთის ბოროტი ხმების ბრალიაო. პრეზიდენტი იმდენად მოწყდა რიგითი ადამიანების ყოველდღიურ პრობლემებს, რომ მას აღარ ესმის მათი განწყობა და საერთოდ, ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას „ვარდისფერი სათვალით“ უყურებს.

 

„გამარჯვების სამხედრო აღლუმი, რომელიც მოსკოვში და რუსეთის მასშტაბით 24 ივნისს ჩატარდა, მოწოდებულია მოსახლეობის განწყობის ასამაღლებლად და სიამაყის გრძნობის განსამტკიცებლად. ისიც ფაქტია, რომ ამომრჩეველთა დიდი ნაწილი გამარჯვებით ნამდვილად ამაყობს. „ვირუსზეც ისე გავიმარჯვებთ, როგორც მეორე მსოფლიო ომში“, - ასე განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. აღლუმი - რუსეთის არმიის უმაღლესი მთავარსარდლის ძალის დემონსტრაციაა... და რაც უფრო უძნელდება კრემლს მოსახლეობის კითხვებზე პასუხის გაცემა, მით უფრო ხშირად უბრუნდება წარსული წარმატებების გახსენებას“.

 

„მას ამაში საკონსტიტუციო რეფორმა დაეხმარება: კონსტიტუციის ცვლილებები „დააკონსერვებს“ მიღწეულს, განამტკიცებს იმ ფასეულოებებს, რომლებიც ვლადიმერ პუტინმა რუსეთისათვის შეარჩია. ასე შევა იგი ისტორიაში“, - აღნიშნულია სტატიაში.

 

„რაც შეეხება თვითონ უშუალოდ რუსებს: ისინი, ვინ რეფორმას ხმას მისცემენ, საკუთარი თავისთვის თავისუფალ არჩევანის შესაძლებლობას ისპობენ. ვინც ცხოვრების შეცვლას აპირებს, ის ამისთვის სხვა ადგილს ეძებს - დასავლეთს. რუსი ახალგაზრდების ნახევარზე მეტი - 18-24 წლის ასაკისანი - საზღვარგარეთ ემიგრაციაზე ფიქრობს. მათი ასეთი პესიმიზმის მიზეზი, როგორც ჩანს, ისაა, რომ ხედავენ - პუტინისეულ საკონსტიტუციო რეფორმას მასშტაბური საპროტესტო აქციები არ მოჰყოლია. ვლადიმერ პუტინი სასურველ მიზანს მიაღწევს და... ყველაფერი ძველებურად დარჩება“, - ასკვნის ავტორი სტატიის დასასრულს.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://www.sueddeutsche.de/politik/russland-wladimir-putin-1.4945053

წაკითხვა 513 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.