რომელ ქვეყნებს უხსნის საზღვარს ევროკავშირი

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა, რომელთა მოქალაქეებს გარე საზღვრების გახსნის შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის უფლება ექნებათ. 

როგორც „ევრონიუსი“ წერს, ბრიუსელში მაღალჩინოსნები დახურულ კარს მიღმა განიხილავდნენ საკითხს, თუ რომელი ქვეყნების მოქალაქეებს შეეძლებათ პირველი ივლისიდან ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა მას შემდეგ, რაც ევრობლოკი გარე საზღვრებს გახსნის.

 

გამოცემის ინფორმაციით, ჩამონათვალმა უკვე გამოიწვია სკანდალი, რადგან სიაში კორონავირუსით განსაკუთრებით დაზარალებული აშშ-ში არ შედის. ასევე, სავარაუდოდ სიის მიღმა რჩებიან რუსეთი და ბრაზილია.

 

ევროპელმა დიპლომტებმა „ევრონიუსს“ განუცხადეს, რომ ლიდერები დღევანდელ შეხვედრაზე საბოლოო შეთანხმებამდე ვერ მივიდნენ. მოლაპარაკებები პარასკევს გაგრძელდება.

 

„ევრონიუსმა“ ევროკავშირის დიპლომატიური წყაროებიდან იმ ქვეყნების სრული ჩამონათვალი მოიპოვა, რომლებსაც ევროპის საზღვრებს გაუხსნიან. ჩამონათვალში მოხვდა საქართველოც.

 

„ევრონიუსის“ მიერ მოპოვებული სიის თანახმად, ასე გამოიყურება იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა წარმომადგენლებს ევროპაში შესვლა შეეძლებათ: 

 

ვატიკანი, მონაკო, მონტენეგრო, ანდორა, სერბეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, უკრაინა, ალბანეთი, თურქეთი, კოსოვო, ჩრდილოეთ კორეა, თურქმენეთი, ვიეტნამი, ჩინეთი, ტაილანდი, მიანმარი, მონღოლეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, საქართველო, ბჰუტანი, ლიბანი, ინდონეზია, უზბეკეთი, ინდოეთი, ტაჯიკეთი, ყაზახეთი, პალაუ, ახალი ზელანდია, ავსტრალია, დომინიკა, ბაჰამის კუნძულები, სენტ-ლუსია, ურუგვაი, იამაიკა, კუბა, გაიანა, პარაგვაი, ვენესუელა, ნიკარაგუა, კოსტა - რიკა, კანადა, ანგოლა, ტუნისი, ნამიბია, უგანდა, მოზამბიკი, მავრიკი, ზამბია, რუანდა, ეთიოპია, მაროკო, ალჟირი და ეგვიპტე.

 

აღნიშნულის მიუხდავად, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დღეს გავრცელებული განცხადების მიხედვით, საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და 2020 წლის 31 ივლისის ჩათვლით მოქმედებს.

 

დღეს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ რეგულარული ფრენები, შესაძლოა, ივლისის ბოლომდე გადავადდეს. მისი თქმით, საზღვრების საბოლოოდ გახსნა დამოკიდებულია სხვა ქვეყნებში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე. ასევე, მან განაცხადა, რომ საქართველო ელოდება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მასთან მიმართებით ევროკავშირი.

წაკითხვა 496 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 25 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.