ევროკავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები შემდგომი ესკალაციის პრევენციის მიზნით
ევროკავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს, შეწყვიტონ შეიარაღებული დაპირისპირება და დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები შემდგომი ესკალაციის პრევენციის მიზნით, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის ოფიციალური წარმომადგენელის, პიტერ სტანოს, მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„12-13 ივლისს სომხეთმა და აზერბაიჯანმა გაავრცელეს ინფორმაცია მათ საზღვარზე სერიოზული ინციდენტების შესახებ, რომელშიც ჩართული იყო მძიმე შეიარაღება, რასაც, სამწუხაროდ, მსხვერპლი მოყვა.
ევროკავშირი ორივე მხარეს მოუწოდებს, შეწყვიტონ შეიარაღებული დაპირისპირება, თავი შეიკავონ ქმედებებისა და რიტორიკისგან, რომელიც დაძაბულობის პროვოცირებას ახდენს და დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები შემდგომი ესკალაციის პრევენციის მიზნით.
ამ კონტექსტში, ორივე მხარემ უნდა გამოიყენოს მათი მექანიზმები პირდაპირი კომუნიკაციისთვის, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მიერ დამკვიდრებული ფორმატი, ისევე როგორც ეუთო-ს თავმჯდომარის პირადი წარმომადგენელი. ცეცხლის შეწყვეტის ეს სერიოზული დარღვევა ხაზს უსვამს ადგილზე ეუთო-ს მონიტორინგის გაგრძელების სასწრაფო აუცილებლობას, მაშინვე, როგორც კი ამის საშუალება იქნება.
ევროკავშირი მოუწოდებს მხარეებს, მკაცრად დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულება, ენერგია და რესურსები კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლას მიუძღვნან, ხელახლა ჩაერთონ ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით გამართულ არსებით მოლაპარაკებებში და მოამზადონ თავიანთი მოსახლეობა მშვიდობისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
სიახლეები
- „ქართული ოცნების“ ორგანიზებული „საყოველთაო სახალხო შეკრება“ დასრულდა
- "არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ მკაცრად აგებს პასუხს ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც მან ორი ათწლეულის მანძილზე ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა"
- "გლობალური ომის პარტიის აგრესიის მიზეზია, რომ ძალისხმევის მიუხედავად, საქართველო მეორე ფრონტად ვერ აქცია" - ბიზინა ივანიშვილი
- "საქართველო უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ" - ბიძინა ივანიშვილი
- "პირველად გვაქვს ხანგრძლივი და უწყვეტი მშვიდობა ქვეყანაში, რომელიც პირველ რიგში, ჩვენი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა"