March 29, 2024

პატრიარქი ბართლომე თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანის მადლიერია

თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“ («Anadolu Ajansı») აქვეყნებს სტატიას სათაურით „პატრიარქი ბართლომე თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანის მადლიერია“ (ავტორები - ზაფერ ბაიაზი და აბდურაჰმან იუსუფი), რომელშიც მსოფლიო პატრიარქისა და თურქეთის ლიდერის სატელეფონო საუბრის დროს განხილული საკითხის შედეგებია გადმოცემული.

 

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის საიტზე განთავსებული მასალიდან ირკვევა, მსოფლიო პატრიარქმა, ბერძენმა ბართლომე პირველმა (მისი რეზიდენცია სტამბოლში მდებარეობს) თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანს დაურეკა და სუმელას მონასტრის რეკონსტრუქციისა და მნახველების განახლებული სახით მისი გახსნის გამო მადლობა უთხრა. ბართლომემ კმაყოფილება გამოხატა იმ დიდი მხარდაჭერისა და ყურადღების გამო, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტმა გამოავლინა მონასტრის აღდგენის საქმეში.

 

სატელეფონო საუბრის დროს პატრიარქმა ბართლომემ მუსლიმანებს ყურბან-ბაირამის დღესასწაულის მოახლოება მიულოცა.

 

სუმელას მონასტერი, რომელიც ტრაპიზონის პროვინციაში მდებარეობს, 2000 წელს იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს.

 

მონასტრის სარესტავრაციო სამუშაოები 2016 წლიდან დაიწყო.

 

სუმელას სამონასტრო კომპლექსი აგებულია ციცაბო კლდეზე, ზღვის დონიდან 1300 მეტრზე, ალტინდერეს ხეობაში და მოიცავს ცარცის კლდეში გამოკვეთილ მთავარ ტაძარს ღვთისმშობლის საპატივსაცემოდ, სალოცავს, სენაკებს, სამზარეულოს, სკოლას, ბიბლიოთეკას, აკვედუკს და სხვა დამხმარე ნაგებობებს. მონასტერს ყოველწლიურად ასობით ათასი მნახველი ჰყავს.

 

ბერძნების მიერ 385 წელს დაარსებული სუმელას მონასტერი 88 წლის განმავლობაში არ მოქმედებდა. მისი ამოქმედების შესახებ გადაწყვეტილება თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრომ 2010 წლის დეკემბერში მიიღო.

 

გუშინ, 28 ივლისს, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სუმელას მონასტერის და ტრაბზონის აია-სოფიას მეჩეთის (მცირე აია-სოფია) მეორე სარესტავრაციო ეტაპის დასრულების და ვიზიტორებისთვის გახსნის ცერემონიალზე ვიდეოკონფერენციის მეთოდით სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ თურქები არასოდეს ყოფილან ნგრევის და განადგურების მომხრენი.  

 

„სხვა აღმსარებლობის ღვთისმსახურების ძეგლების მიმართ მტრულად განწყობილი რომ ვყოფილიყავით, 5 საუკუნეა უკვე ჩვენს ხელში მყოფი სუმელას მონასტერი შეიძლება დღემდის აღარ შემორჩენილიყო. თურქეთის ტერიტორიაზე არსებული სხვა აღმსარებლობის ძეგლების მიმართ ჩვენი დამოკიდებულების ნათელი მაგალითი, სუმელას მონასტერი გახლავთ. რაც შეეხება სტამბოლის აია-სოფიას მეჩეთს, დღემდის შემონახვის და მოვლა-პატრონობისათვის მადლობა უნდ გადაგვიხადონ“, - განაცხადა პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა.

 

ოფიციალური მონაცემებით, დღეს თურქეთში 180 ათას 854 ქრისტიანი და დაახლოებით 20 ათასამდე იუდეველი ცხოვრობს. პროცენტულად არამუსლიმანები თურქეთის მოსახლეობის 0,4%-ს შეადგენენ. ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზე  435 ეკლესია და სინაგოგა მოქმედებს.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყაროები:

https://www.aa.com.tr/en/turkey/fener-greek-patriarch-thanks-turkey-over-sumela-monastery/1925470

https://www.aa.com.tr/ru/турция/патриарх-варфоломей-поблагодарил-президента-эрдогана/1925443

https://www.trt.net.tr/georgian/kultura-da-xelovneba/2020/07/28/sumelas-monasteri-da-trabzonis-aia-sop-ia-vizitorebis-misag-ebad-mzad-aris-1463426

წაკითხვა 608 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 29 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.