ამ გვერდის ამობედვა

პანდემია კაცობრიობას ანადგურებს - როგორ მივაღწევთ ვაქცინამდე

“კორონავირუსი კაცობრიობას უკვე დაუნდობლად ანადგურებს, შეერთებულ შტატებში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ვირუსისგან ყოველ ერთ წუთში ერთი ადამიანი იღუპებოდა, ვითარება ბრაზილიაშიც და ინდოეთშიც უკიდურესად გამწვავებულია.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 17 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მათგან 700 ათასამდე ადამიანი კი გარდაიცვალა. ინფიცირებულთა რაოდენობის თვალსაზრისით, პირველ ადგილზეა შეერთებული შტატები, სადაც 4,5 მილიონი კოვიდინფიცირებულია, მეორე ადგილზე ბრაზილიაა, აქ ინფიცირებული 2,4 მილიონი ადამიანია, მესამე ადგილზე კი 1,5 მილიონი ინფიცირებულით ინდოეთია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით პანდემია კაცობრიობას ანადგურებს - როგორ მივაღწევთ ვაქცინამდე.

 

“შეერთებული შტატების კოვიდ-მონაცემებზე საგენტო „როიტერი" შემაშფოთებელ ინფორმაციას აქვეყნებს, ბოლო ორი თვის განმავლობაში კოვიდ-19-ით გარდაცვალების ტემპი აჩქარდა, სააგენტოს გათვლებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში, დაახლოებით ყოველ ერთ წუთში კორონავირუსისგან ერთი ადამიანი იღუპებოდა. ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ მსოფლიოში არსებული კოვიდ-19 თან დაკავშირებული რთული სიტუაცია გასაკვირი არაა, რადგან მისი თქმით, ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე რაც უფრო მეტჯერ გადაეცემა, მით უფრო ძლიერი ხდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“კორონავირუსმა მუტაცია განიცადა თუ არა, ამას მიკრობიოლოგები და ვირუსოლოგები გვეტყვიან, თუმცა ფაქტია და მანამდეც ვამბობდი, რომ ვირუსი რაც უფრო მეტჯერ გადაეცემა, უფრო მეტად ძლიერი ხდება, ამიტომ ეს გასაკვირი არაა. ასევე ნუ გვავიწყდება ისიც, რომ ამერიკაში ისედაც მოსახლეობა ძალიან დიდია და ძალიან ბევრი ადამიანია, რომელსაც თანხმლები დაავადებები აქვთ, კორონავირუსი კი ძირითადად ამ ადამიანებს ურტყამს, მერე აქ შედის ნარკოტიკის მომხმარებლებიც და ასევე ძალიან ბევრი სხვადასხვა ჯგუფი, რომლების ვირულენტობის მაჩვენებელი გაზრდილი ვირუსის ფონზე უფრო მაღალია. საინტერესოა და კიდევ კარგი კვლევა უნდა ჩატარდეს იმაზე, რომ მაგალითად ამერიკაში, საფრანგეთში და საქართველოში მოქმედი ვირუსები რამდენად განსხვავდება ერთმანეთისგან, აღსანიშნავია, რომ ვირუსმა საფრანგეთშიც და ესპანეთშიც მოიმატა, ამიტომ ეს ყველაფერი გასარკვევი და შესასწავლია, ის თუ რამდენად განსხვავდება, მაგალითად, ამერიკაში და საქართველოში მცხოვრებ ადამიანთა იმუნიტეტი, იმიტომ, რომ დადგინდეს ვირუსებს შორის ხომ არ არის განსხვავება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.

 

“მსოფლიო ვაქცინამდე ვერანაირად ვერ მივა, სანამ გარკვეული დრო არ გავა და სანამ არ დარწმუნდება სახელმწიფო, რომ ვაქცინა მავნებელი არაა და იმაზე უარესს არ იზამს, რასაც თვითონ კორონა. ნუ გვავიწყდება, რომ ვაქცინა წამალი არაა, ესაა უცხო ცილა, რომელიც ორგანიზმში სხვადასხვა სახით შეჰყავთ, ესაა ან ცოცხალი დასუსტებული მიკრობები, ან უკვე გამზადებული ანტიგენი, მაგრამ რას გამოიწვევს, კაცმა არ იცის. თუ ვაქცინა მოუმზადებლად გაკეთდა, ამან შესაძლოა დაავადება თვითონ გამოიწვიოს, ამიტომ ჩვენ ვირუსის ზემოქმედებისგან რაც არ უნდა მძიმე შედეგები მივიღოთ, ჩვენ ვაქცინის აუცილებელ ტესტირებას მაინც უნდა დაველოდოთ”, - მიიჩნევს ეპიდემიოლოგი.

 

“აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის გენომის ანალიზმა, რომელიც ვიეტნამში გამოვლინდა აჩვენა, რომ ეს კოვიდ-19-ის ახალი ტიპია, რომელიც უფრო გადამდებია - ამის შესახებ ინფორმაცია ვიეტნამის მთავრობის ოფიციალურმა გაზეთმა გამოაქვეყნა. ვიეტნამის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელის თქმით კი აღნიშნული ვირუსის შტამი უფრო გადამდებია და უფრო სწრაფად გავრცელება შეუძლია, თუმცა ჯანმრთელობისთვის მისი საფრთხის დონე კორონავირუსის სხვა შტამებისგან არ განსხვავდება. სააგენტო “როიტერის” ინფორმაციით, ზემოაღნიშნული შტამი აქამდე დიდ ბრიტანეთში, ირლანდიასა და ბანგლადეშში დაფიქსირდა, თუმცა, როგორ მოხვდა ის კორონავირუსის გამო ჩაკეტილ ვიეტნამში დაუზუსტებელია”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 454 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 31 2020

სიახლეები