April 25, 2024

“მიჭირს სარკოზის შეფასებების უმეტესობის სერიოზულად აღქმა” - ესტონეთის ექსპრეზიდენტი

“ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ჰენდრიკ ილვესი ერთ-ერთი იყო სახელმწიფოს მეთაურთა იმ დელეგაციიდან, რომელიც აგვისტოს ომის დროს საქართველოს ეწვია და ხალხსა და ქვეყანას მხარდაჭერა აღუთქვა - როგორც ამბობს, ეს იყო დაპირება, რომლის ერთგულიც ის დღემდე რჩება.

12 წლის შემდეგ პრეზიდენტ ილვესს აგვისტოს ომსა და მის მნიშვნელობაზე ვესაუბრეთ”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი: “მიჭირს სარკოზის შეფასებების უმეტესობის სერიოზულად აღქმა” / “თუ სარკოზი ფიქრობს,­ რომ 6-პუნქტიანი შეთანხმება, რომლის შეუსრულებლობაში თვითონვე გადამწყვეტი როლი ითამაშა, დიდი წარმატებაა, ეს არასერიოზულია”.

 

“მე და პრეზიდენტმა კაჩინსკიმ გადავწყვიტეთ, რადგან მსოფლიო პოლიტიკური ელიტა საკმარის ყურადღებას არ აქცევდა იმას, რაც ხდებოდა საქართველოში, უნდა ჩამოვფრენილიყავით. ამავე აზრზე იყვნენ ლატვიის პრემიერიც და ლიტვის პრეზიდენტი ადამკუსიც. პირდაპირ თბილისში ვერ ჩამოვფრინდით, რადგან რუსებმა ქართულ საჰაერო ზონაში შემოსვლის უფლება არ მოგვცეს, ასე რომ, განჯაში მოგვიწია დასხდომამ. შემდეგ ავტომანქანით 180 კილომეტრი გავიარეთ და საქართველოში ფაქტობრივად მთვარის შუქზე ჩამოვედით, რადგან შემოსვლისას ფარები ჩაგვაქრობინეს. გვითხრეს, შეიძლება რუსებმა გესროლონ ან დაგბომბონო. ჩამოვედით თბილისში და პირდაპირ პარლამენტის წინ შეკრებილ ხალხთან წაგვიყვანეს, სიტყვით გამოვედით, ვეცადეთ გაგვემხნევებინა. გაუხარდათ ჩვენი გამოჩენა, მით უმეტეს, რუსები 30 კილომეტრში იდგნენ და არავინ იცოდა, რა მოხდებოდა”, - აცხადებს გამოცემასთან საუბრისას ჰენდრიკ ილვესი.

 

“შემდეგ შევხვდით პრეზიდენტ სარკოზის, რომელმაც გვითხრა, რომ ამ დილემიდან გამოსავალი იპოვა გამოსავალი, რომელზეც თვე-ნახევრის შემდეგ თვითონვე თქვა უარი - რომ ევროკავშირის და რუსეთის ურთიერთობა გაიყინებოდა, სანამ რუსები სამხედრო დანაყოფებს არ გაიყვანდნენ, შემდეგ კი თავად დათმო მეექვსე პუნქტის ეს კომპონენტი, რამაც ვნახეთ, სადამდეც მიგვიყვანა - ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დღემდე შეუსრულებელია... რაც შეეხება ახლახან გამოქვეყნებულ სარკოზის მემუარებს, ჯერ თავად სარკოზის ქმედება შევაფასოთ: ის ამბობდა, რომ “მშვიდობას მიაღწია”, შემდეგ კი ევროსაბჭოს ყრილობაზე მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ მოსკოვში მისი გაჩარხული გარიგება არ შეიცავდა მთავარ გარანტიას - ბერკეტს, რომელიც რუსეთს აიძულებდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შეესრულებინა”, - იხსენებს ესტონეთის ექსპრეზიდენტი.

 

“იმავე შეხვედრაზე, დიდწილად ფრანგების დაჟინებით, გადაწყდა, რომ რუსეთთან თანამშრომლობა არ შეეწყვიტათ. მახსოვს, წამოიძახა: “მადლობა ღმერთს, საღმა აზრმა გაიმარჯვა!” - ასე რომ, ცოტა მიჭირს სარკოზის შეფასებების უმეტესობის სერიოზულად აღქმა - მე არც თავიდან მიფიქრია, რომ ეს წარმატება იყო და არც შემდეგ შემიცვლია აზრი. ეს თავსმოხვეული ნარატივია იმ ხალხისგან, ვისაც სურს ეს შეთანხმება წარმატებად გაასაღოს. დატოვეს რუსმა სამხედროებმა ქართული ტერიტორიები? არა, შესაბამისად, არანაირ წარმატებაზე არ შეიძლება საუბარი. თუ სარკოზი ფიქრობს, რომ შეთანხმება, რომლის შეუსრულებლად დარჩენაში თვითონვე გადამწყვეტი როლი ითამაშა, დიდი წარმატებაა, ეს არასერიოზულია”, - დაასკვნის რესპონდენტი.

 

 “2014 წელს ყირიმისა და დონბასის მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ აგრესორთან ლოლიავი მას მხოლოდ მადას უღვიძებს. დასავლეთისა და ლიბერალური დემოკრატიის უეფექტო რეაქციამ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მიტაცებაზე დაანახა კრემლს და პუტინს, ისევ შეგიძლიათ მსგავსი რამ ჩაიდინოთ და ისევ შეგრჩებათო. რა თქმა უნდა, ასეც მოხდა - უკრაინის კრიზისი ჯერ კიდევ გადაუჭრელია... ჩვენი პასუხი ბევრად უფრო მტკივნეული უნდა ყოფილიყო, მაგალითად, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. პასუხგაუცემლობამ რუსეთი უფრო გაათამამა. ცოტა ხანში კი ვნახეთ ე.წ. გადატვირთვის მცდელობა, რითაც რუსეთს, ფაქტობრივად, ვუთხარით: “მერე რა, რომ დამოუკიდებელ ქვეყანაში შეიჭერი, ჩვენ მაინც გვსურს შენთან კარგი ურთიერთობა”, - დასძენს ჰენდრიკ ილვესი.

 

“საქართველოს რომ მაპ-ი მართლაც მიეღო ბუქარესტში, ვერ გეტყვით, რა შეიძლებოდა მომხდარიყო, მაგრამ მწამს, რომ ბუქარესტის სამიტის გზავნილი იყო ახდენილი ოცნება რუსებისთვის. მათ დაინახეს, რომ დასავლეთი ამ საკითხს სერიოზულად არ უდგებოდა, რომ მაპ-ის მოცემის ნაცვლად გითხრეს, ნატოს წევრები გახდებით, მაგრამ ვინ იცის, როდისო, შეიძლება 100 წლის მერეც. ეს არასერიოზული დამოკიდებულება რუსეთისთვის მწვანე შუქის ანთების ტოლფასი იყო”, - ამბობს ილვესი და შეკითხვაზე - “რა არის აგვისტოს ომის მთავარი გაკვეთილი და ისწავლა თუ არა ის დასავლეთმა?” - პასუხობს: “აგვისტოს ომის გაკვეთილი, როგორც თქვენ უწოდებთ, დასავლეთს მართლაც რომ ესწავლა, 2014 წლის მოვლენები არ მოხდებოდა. არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ უკრაინამ ასწავლა რამე, რადგან სულ ახლახან პრეზიდენტი მაკრონი გამოვიდა და, ფაქტობრივად, თქვა, დავივიწყოთ უკრაინა, რუსეთთან კარგი ურთიერთობა უფრო მნიშვნელოვანიაო. ისევ ძველი ნარატივი - წყენა დავივიწყოთ და რუსებს დავუტკბეთ. ეს უკვე იმდენჯერ განმეორდა, რომ ჩნდება განცდა, დასავლეთს ან სწავლა არ შეუძლია, ან არ სურს, რაც შეიძლება ძვირად დაგვიჯდეს”...

წაკითხვა 411 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 10 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.