April 25, 2024

"ლუკაშენკოს რეჟიმი აშკარად ირღვევა - რა იქნება შემდეგ?"

აშშ-ის რადიოსადგურის „ამერიკის ხმის“ რუსულმა სამსახურმა («Голос Америки») დღეს, 18 აგვისტოს, თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით „პუტინი და ლუკაშენკო: რა იქნება შემდეგ?“, რომელშიც გამოთქმულია ამერიკელ ექსპერტთა ვარაუდები მოვლენების შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით (ავტორები - ვალერია ეგისმანი და ევა ბოლდინა).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

 

„რამდენიმე დღის წინ ბელარუსისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ტელეფონით ისაუბრეს. მოგვიანებით ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსში სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში მხარეები იმოქმედებენ იმ პრინციპების მიხედვით, რომლებიც სამოკავშირეო და კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის ხელშეკრულებებშია ჩადებული.

 

ბევრს შეშფოთება დაუუფლა: რუსეთი სამხედრო ძალას გამოიყენებს, რომ  ბელარუსის პრეზიდენტს ხელისუფლება შეუნარჩონოსო. რამდენად აქვს საფუძველი ასეთ ვარაუდს?

 

პენსილვანიის უნივერსიტეტში არსებული ჯო ბაიდენის ცენტრის დირექტორი მაიკლ კარპენტერი (იგი ადრე პენტაგონის მაღალჩინოსანი იყო) თვლის, რომ საეჭვოა მოსკოვმა ბელარუსის ამბებში პირდაპირი, ღია ჩარევის გადაწყვეტილება მიიღოს. უფრო ისე მოხდება, რომ კრემლი თავისი სპეცსამსახურების წარმომადგენლებს ჩუმად გაგზავნის ალექსანდრე ლუკაშენკოს დასახმარებლად:

 

„თუ რუსეთი რაღაცას მაინც მიხვდა და გააცნობიერა უკრაინაში და საქართველოში შეჭრის შემდეგ, ეს ისაა, რომ მოსკოვმა უნდა იცოდეს - მეზობელ ქვეყანაში სამხედრო აგრესიას ანტირუსული განწყობების ზრდა მოსდევს. მე არ ვიცი, რას გააკეტებს და რა ნაბიჯს გადადგამს ამ შემთხვევაში რუსეთი, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ მოსკოვი, ალბათ, საიდუმლოდ გაგზავნის „ეფ-ეს-ბე“-ს (ФСБ) აგენტებს ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის დასახმარებლად და ოპოზიციის პროტესტების ჩასახშობად, ანუ ყირიმისებური „პატარა მწვანე კაცუნების“ მსგავსი არაფერი არ მოხდება“, - ამბობს ექსპერტი.

 

მაიკლ კარპენტერის აზრით, ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ საკუთარი ნებით პოსტის დატოვება ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული პროტესტების მასშტაბი ძალიან დიდია, თან სიტუაცია ძალიან სწრაფად იცვლება, პროგნოზის გაკეთება რთულდება: „თუ ალექსანდრე ლუკაშენკო მიხვდება იმას, რომ მისი რეჟიმის სიცოცხლისუნარიანობის გაგრძელება უკვე შეუძლებელია, მაშინ შეიძლება მისი დარწმუნება გადადგომის თაობაზე“, - აღნიშნავს მაიკლ კარპენტერი.

 

აშშ-ის ატლანტიური საბჭოს ექსპერტი ანდერს ოსლუნდიც ასევე თვლის, რომ რუსეთის პირდაპირი სამხედრო ჩარევა ბელარუსის საქმეებში ნაკლებსავარაუდოა და ხაზს უსვამს, რომ მოსკოვს ბელარუსის სიტუაციაზე გავლენის მოსახდენად სხვა შესაძლებლობებიც აქვს.

 

„ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ლუკაშენკოსთან ტელეფონით საუბრის შემდეგ პუტინის განცხადებაში ვერ დავინახეთ მისი მხარდაჭერა ბელარუსის პრეზიდენტის მიმართ. პუტინი უფრო მეტს ლაპარაკობდა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებისა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შესახებ, ანუ ეს ნიშნავს, რომ ვინც არ უნდა მოვიდეს ბელარუსის ხელისუფლებაში, მთავარია ამ ორ ხელშეკრულებაში ჩადებული დებულებების ერთგული იყოს, როგორც ეს სომხეთის შემთხვევაში მოხდა“, - თვლის ატლანტიური საბჭოს ექსპერტი.

 

„რუსეთისათვის გაკვეთილი იყო უკრაინის 2014 წლის ამბებიც, რომლებიც მისთვის ძალიან ძვირადღირებული აღმოჩნდა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამხედრო საფრთხე გაქრება. კრემლი, ალბათ, თავის ჯარებს ბელარუსის საზღვრებთან გადაისვრის. მოსკოვი არ იტყვის იმას, რომ შეჭრას გეგმავენ, მაგრამ მზად იქნებიან იმ შემთხვევისათვის, თუ ბელარუსში სიტუაცია კონსტროლიდან გამოვა“.

 

ანდერს ოსლუნდი ასევე მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა ბელარუსში ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის მექანიზმი უნდა შექმნას, ასევე უნდა დაუწესოს მკაცრი სანქციები ალექსანდრე ლუკაშენკოს, მისი ოჯახის წევრებს და იმ პირებს, რომლებიც ჩაბმულნი იყვნენ არჩევნების შედეგების გაყალბებაში და ძალადობაში.

 

„ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმი აშკარად ირღვევა“, - ამბობს ექსპერტი. მისი თქმით, იგი ამას „ადრე თუ გვიან“ მაინც გააცნობიერებს. ამიტომაც ევროპელი შუამავლების მეშვეობით მას უსაფრთხოების გარანტია და ქვეყნიდან მშვიდად წასვლის შესაძლებლობა უნდა მიეცეს. ამ საკითხში მონაწილეობის მიღება რუსეთის წარმომადგენელსაც შეუძლია“.

 

წყარო: https://www.golos-ameriki.ru/a/putin-lukashenko/5547184.html

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წაკითხვა 455 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 18 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.