როდის დაიბადა იოსებ სტალინი, ანუ "დიდი ბელადის" იდუმალებით მოსილი ცხოვრების კიდევ ერთი გამოცანა

შესაძლოა ბევრს გაუკვირდეს და თქვას: რა თქმა უნდა, 1879 წლის 21 დეკემბერს! ასე აღნიშნავდა და აღნიშნავს "დიდი დიქტატორის" ამ ქვეყანაზე მოვლენას მისი თაყვანისმცემელთა მრავალიცხოვანი არმია.
 
თუმცა სტალინის პირად არქივში მიკვლეული დოკუმენტები სხვა რამეს ამტკიცებს. ყოველწლიურად მსოფლიოს ყველა კუთხეში ასობით წიგნი და სტატია იბეჭდება იოსებ სტალინის შესახებ, მაგრამ მისი ფენომენი დღემდე სათანადოდ შესწავლილი მაინც არაა. მკვლევრები ჯერ კიდევ ვერ გასცდნენ სტერეოტიპებს და სტალინის პიროვნებას მხოლოდ შავ-თეთრ ფერებში წარმოაჩენენ. ეს კი ამურთულესი პოლიტიკური ფიგურის მოღვაწეობის პოზიტიური და ნეგატიური შედეგების გამარტივებული აღქმაა.

"საყვარელი ბელადი", "გენიოსი" - ერთი მხრივ და "სისხლიანი ტირანი", "ბოროტი გენია" - მეორე მხრივ. ამგვარი, პოლარულად განსხვავებული შეხედულებები ჭარბობს სტალინის პიროვნების შეფასებისას. ჭეშმარიტება კი, როგორც ყოველთვის, სადღაც შუაშია. სტალინის პიროვნება უკვე საერთაშორისო ფენომენად იქცა და მას გეოგრაფიული საზღვრები ვერ აკავებს. ვერც დრო აკლებს დიდად ვერაფერს ამ ფენომენს. პირიქით, ზოგიერთ ტოტალიტარულ რეჟიმში (თუნდაც რუსეთში) "სტალინური მართვის მეთოდები" კვლავ ცოცხლობს და აშკარად თუ ფარულად კვლავ იყენებენ.

სტალინის შესახებ მითების შექმნას (იდეალიზაციიდან - "სატანიზაციამდე") ხშირად იმით ხსნიან, რომ მიუწვდომელია იმ პერიოდის ისტორიული და საარქივო დოკუმენტები. სტალინის პოლიტიკური მოღვაწეობისა და პირადი ცხოვრების ბევრი, აქამდე სრულიად გასაიდუმლოებული ათასობით დოკუმენტი კარგა ხნის მანძილზე ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო რუსეთის სახელმწიფო არქივის ვებგვერდზე РГАСПИ. Ф558. СТАЛИН.И.В, სადაც 11 თემატური ერთეულია განთავსებული, რაც, თავის მხრივ, 18 809 ერთეულ დოკუმენტს მოიცავს. დღესდღეობით კი ქართველი მკითხველისთვის ამ დოკუმენტების გაცნობა საკმაოდ გართულებულია, რადგანაც რუსეთის სახელმწიფო არქივის ვებგვერდზე განთავსებულ საარქივო დოკუმენტებზე წვდომა მხოლოდ რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს დაუტოვეს. რუსეთის ხლისუფლებამ სტალინის არქივის ასლები გადასცა იელის უნივერსიტეტსაც  (უფრო სწორად - მიჰყიდა), საიდანაც დოკუმენტების წასაკითხად მისი გამოთხოვაა შესაძლებელი. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს ისტორიაში არ არსებობდა დიქტატორი, რომელიც იოსებ სტალინის მსგავსად იყენებდა სპეცსამსახურების შესაძლებლობებს.

ჯაშუშობა, დეზინფორმაციის გავრცელება, ფარული მოსმენები და პოლიტიკური ოპონენტების ლიკვიდაცია - ეს ყველაფერი საბჭოთა დიქტატორის ძალაუფლების გამყარებას ემსახურებოდა. სტალინი, უპირველესად, სახელმწიფოებრივ-ადმინისტრაციულად მოაზროვნე პიროვნება იყო. შტეფან ცვაიგის დარი ოსტატი სჭირდება იოსებ სტალინის ურთულესი პოლიტიკური ბიოგრაფიის შექმნას. ჩემი აზრით, სტალინს შეეფერება XIX საუკუნის ცნობილი ფრანგი პოლიტიკოსის, ჟოზეფ ფუშეს ცვაიგისეული შეფასება: "ცივი, უგრძნობელი ადამიანი, კარგი მოანგარიშე და გამჭრიახი მოთამაშე". საარქივო დოკუმენტები ადასტურებს, რომ სტალინი ყველაზე რადიკალური გადაწყვეტილების მიღების დროსაც ცინიკურად რეალისტი რჩებოდა. იგი ყოველთვის ოსტატურად მალავდა თავის ფარულ ზრახვებს, რაშიც კარგი სამსახიობო ნიჭი უწყობდა ხელს. ამავე დროს, მას ჰქონდა უდიდესი ენერგია. სტალინი კითხულობდა ყველაფერს: კონსტანტინე გამსახურდიას "დავით აღმაშენებლით" დაწყებული და სამხედრო სტრატეგიის შესახებ დაწერილი ბროშურით დამთავრებული, რასაც პირადი ბიბლიოთეკის წიგნების ფურცლებზე სტალინის ხელით გაკეთებული კომენტარები ადასტურებს. გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან საბჭოთა საგარეო დაზვერვა სპეციალურად სტალინისთვის სისტემატურად ამზადებდა სრულიად საიდუმლო ანალიტიკურ მოხსენებებს ოპერატიულ-აგენტურული მუშაობის თეორიისა და პრაქტიკის, ასევე, სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ. სტალინი ყურადღებით ეცნობოდა ამ დოკუმენტებს, რასაც მისი ხელით გაკეთებული საინტერესო შენიშვნები მიუთითებს.
 
 
ფელიქს ძერჟინსკი და იოსებ სტალინი
ფოტო: ფელიქს ძერჟინსკი და იოსებ სტალინი 

რამდენიმე წლის წინ რუსეთის სახელმწიფო არქივის ვებგვერდზე განთავსებული სტალინის პირადი არქივის ნაწილის (ასზე მეტი დოკუმენტის) შესწავლა მოვახერხე და ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ქართველი მკითხველი მითებისა და ლეგენდების ნაცვლად დოკუმენტური პირველწყაროებიდან შეიტყობს სიმართლეს. ამიტომაც პერიოდულად გაგაცნობთ სტალინის პოლიტიკური მოღვაწეობისა და პირადი ცხოვრების ამსახველ საარქივო დოკუმენტებს, რომელთაგან უმრავლესობა დღემდე უცნობი და ზოგჯერ სენსაციურიც აღმოჩნდება. ამჟამად იოსებ სტალინის ბიოგრაფიის შესახებ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო არქივში დაცულ იმ ისტორიულ დოკუმენტებს გავეცნოთ, საიდანაც ძალზე საინტერესო ცნობებს შევიტყობთ იოსებ ჯუღაშვილის ცხოვრებაზე.

იოსებ ჯუღაშვილის მშობლების ქორწინებაზე გორის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, 1873-1880 წლებში ჯვარდაწერილთა შესახებ მეტრიკული წიგნის ამონაწერი გვამცნობს. მასში შეიტყობთ, რომ სტალინის მშობლები, ბესარიონ ივანეს ძე ჯუღაშვილი, მართლმადიდებელი, 24 წლის, ქორწინებაში პირველად მყოფი და გორის გარდაცვლილი მცხოვრების, გლახა გელაძის ქალიშვილი, ეკატერინე გლახას ასული გელაძე, მართლმადიდებელი, 18 წლის, ასევე ქორწინებაში პირველად მყოფი, გორში 1874 წლის 17 მაისს დაქორწინებულან. სიძის მოწმეები ყოფილან გორელი გლეხები: ალექსი ნიკოლოზის ძე ზოზიევი, ნიკოლოზ იესეს ძე კოპინოვი და ივანე იოსების ძე შარამოვი, ხოლო ეკატერინე გელაძეს მოწმეებად ჰყოლია გორის მოქალაქეები: ივანე სტეფანეს ძე მამასახლისოვი, ივანე გლახას ძე მეჩითოვი და სტეფანე გიორგის ძე გალუსტოვი. დოკუმენტს ხელს აწერენ: გორის მაზრის დეკანოზი სოლომონ ქრისტეფორეს ძე ხახანოვი და მღვდლები: ნიკოლოზ იაკობის ძე კასრაძე და ალექსი კვინიკაძე. საბჭოთა იმპერიის შემოქმედის ფსიქოლოგიური პორტრეტი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო სათანადოდ არაა გამოკვლეული. ასევე, სათანადოდ არაა შესწავლილი სტალინის პირადი ცხოვრების სხვადასხვა ნიუანსი. ნათქვამია, ეშმაკი დეტალებში იმალებაო და ეს ყველაზე მეტად სტალინის ცხოვრებას მიესადაგება. პირადი ცხოვრება კი ყველა პოლიტიკოსის ფსიქოლოგიური პორტრეტის მოზაიკური პანოს შექმნისთვის აუცილებელი დეტალია. ათწლეულების მანძილზე მიჩნეული იყო, რომ იოსებ ჯუღაშვილი 1879 წლის 21 დეკემბერს დაიბადა, თუმცა სტალინის არქივში არსებული ისტორიული დოკუმენტები სულ სხვა თარიღს მიუთითებს. ამ ფაქტის დასადასტურებლად ორ საარქივო დოკუმენტს დავიმოწმებ: 1878 წელს დაბადებულთა შესახებ გორის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მეტრიკული წიგნიდან ამონაწერი ადასტურებს, რომ იოსებ ჯუღაშვილი 1878 წლის 6 დეკემბერს დაბადებულა, ხოლო 17 დეკემბერს მოუნათლავთ, ნათლია კი გორელი გლეხი მიხეილ ციხითათრიშვილი ყოფილა.

იოსებ ჯუღაშვილის დაბადების თარიღის დაზუსტებისთვის, ასევე, ძალზე მნიშვნელოვანია მეორე დოკუმენტი სტალინის პირადი არქივიდან. ერთ-ერთ შვედურ გაზეთს - "სახალხო-პოლიტიკური ფურცელი", "საბჭოთა ბელადების" ბიოგრაფიული ცნობების დაბეჭდვა განუზრახავს, რისთვისაც სტალინისთვისაც გაუგზავნიათ შესავსებად ანკეტა. სტალინის პირად არქივში დაცულია მისივე ხელით 1920 წლის 11 დეკემბერს შევსებული ამ დოკუმენტის დედანი, რომლის მნიშვნელობა იმითაა განპირობებული, რომ იქ თავად სტალინის მიერ შედგენილ "სტალინის ბიოგრაფიასთან" გვაქვს საქმე.

როდესაც სტალინი დაბადების წელსა და ადგილს მიუთითებს, წერს: "დავიბადე 1878 წელს, ქალაქ გორში (ტიფლისის გუბერნია). წარმოშობა: ქართველი, მამა მუშა (მეწაღე), გარდაიცვალა 1909 წელს, დედა - მკერავი, ცოცხალია". "ანკეტის" დედანში კარგად ჩანს: დაბადების წელი ჯერ ჩაწერილი ყოფილა 1879, ხოლო შემდეგ ციფრ "9" გადაკეთებულია "8"-ად. ბუნებრივია, სტალინის გარეშე ამ ცვლილებას მის ბიოგრაფიაში სხვა ვერ შეიტანდა. სწორედ ამ ცვლილებით დაიბეჭდა სტალინის ბიოგრაფია 1921 წელს ამ გაზეთში.


მიუხედავად ამ უტყუარი ფაქტისა, შემდგომ წლებში, სტალინის სიცოცხლეშივე, საბჭოთა კავშირში და მის ფარგლებს გარეთ გამოცემულ მის ყველა ბიოგრაფიაში დაბადების თარიღად 1879 წლის 21 დეკემბერია მითითებული. ესეც სტალინის გადაწყვეტილებით უნდა მომხდარიყო. ჯერჯერობით უცნობია, თუ რატომ გაიახალგაზრდავა ერთი წლით თავი "დიდმა ბელადმა" და ამით მის იდუმალებით მოსილ ცხოვრებას კიდევ ერთი გამოცანა შეჰმატა.

 

წყარო

წაკითხვა 1017 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 20 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.