April 25, 2024

"ბოლოს მარიამი მიხვდა, ვინ იყო "შახოვსკი", თუმცა მისი საიდუმლო არ გათქვა" - ქართველი აგენტების "დაშიფრული" სიყვარული

"მომხიბვლელი მარიამის თაყვანისმცემლებს შორის იყვნენ ფრანკოს ხელისუფლების ერთ-ერთი მინისტრი, ესპანეთის, მაროკოს მმართველები და სხვა პოლიტიკური მოღვაწეები" .


მანუელ ჰერერა 2013 წელს საქა­რთველოში ჩამოვიდა. სამხრეთამერიკელი მამაკაცი, რომელმაც მეუღლის ანდერძის თანახმად, პატარა ყუთი და დოკუმენტები ჩამოიტანა, ქართველი ემიგრანტის, სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწის, ლეო კერესელიძის ერთადერთი ქალიშვილის, მარიამ კერესელიძის მეუღლე იყო. მარიამის შესახებ ინფორმაცია მწირია, ისტორ­ი­კო­სი, ტელედოკუმენტალისტი ბესო გაფრინდაშვილი რამდენიმე წელი იკვლევდა მარიამის ისტორიას, რომელსაც მასზე უგონოდ შეყვარებული"პავლე ჯორჯაძის, იმავე "შახოვსკის" კა-გე-ბესთვის განკუთვნილმოხსენებებში მიაგნო. როგორია დაკარგული ქართველი ქალის ამბავი და რატომ ნადირობდა მასზე რამდენიმე ქვეყნის უშიშროება, ბესო გაფრინდაშვილი­ მოგითხრობთ:

 

1990-იან წლებში, როდესაც უშიშროების არქივები გაიხსნა, სწორედ მათში აღმოჩნდა პავლე ჯორჯაძის ("შახოვსკის") ჩვენება, საიდანაც ვიგებთ მარიამ კერესელიძის შესახებ. საბჭოთა სპეცსამსახურების გადაბირებულ ჯორჯაძეს დავალებული ჰქონდა ანტისაბჭოთა ქართულ ემიგრაციაში შეღწევა და ლიდერების განადგურება...

 

მარიამმა განათლება რომში მიიღო, შემდეგ მშობლებთან (მარიამის მამა, ლეო კერესელიძე, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაცია "თეთრი გიორგის" ხელმძღვანელი იყო) ერთად ჩრდილოეთ მაროკოში, ქალაქ ტანჟერში ჩავიდა. პავლე ჯორჯაძის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ის გერმანელებთან მეორე მსოფლიო ომის დასაწყისიდან, ანუ ტანჟერში ცხოვრების პერიოდში თანამშრომლობდა. ქართული ემიგრაციის ნაწილი ფიქრობდა, რომ გერმანიის საშუალებით მოახერხებდნენ სამშობლოში დაბრუნებას და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. მომხიბვლელი მარიამის თაყვანისმცემლებს შორის იყვნენ ფრანკოს ხელისუფლების ერთ-ერთი მინისტრი, ესპანეთის, მაროკოს მმართველები და სხვა პოლიტიკური მოღვაწეები.

 

მარიამის სადაზვერვო საქმიანობას ხელს უწყობდა ისიც, რომ მან კარგად იცოდა იტალიური, ინგლისური, ესპანური, გერმანული და არაბულიც კი, ქართული კი მამამ პარიზში ბავშვობაშივე ასწავლა. ერთ-ერთ წერილში, რომელსაც მარიამი მამიდას სწერს, ვკითხულობთ: "როცა პატარა ვიყავი, ქართულად ლექსებს ვწერდი და ფანდურზე ვმღეროდი. უკვე 14 წელიწადი გავიდა, უკანასკნელად რომ ველაპარაკე ქართველ ადამიანს. ახლა 38 წლის ვარ, ყოველდღე მავიწყდება მშობლიური ენა და ამის გამო მიკვდება გული. 11 წელია, ქართული წიგნი არ წამიკითხავს, მაგრამ ახლა ვკითხულობ და ყოველდღე ჩემს თავს ქართულად ველაპარაკები..."

 

პავლე ჯორჯაძის ანგარიშიდან ჩანს, რომ მარიამის ინფორმაციით, გერმანული ავიაცია სამი წლის განმავლობაში ბომბავდა გიბრალტარში განლაგებულ ბრიტანეთის საზღვაო ძალების ბაზას.



არსებობს ვერსიაც, რომ ის პლაჟზე აღმოსავლური სამოსით დადიოდა, რადგან ვერავინ იღებდა ეჭვს, რომ შეიძლებოდა აგენტი ყოფილიყო, აკვირდებოდა გემების გადაადგილებას და ინფორმაციას გერმანელებს­ აწვდიდა. დოკუმენტებშია მოთხრობილი, რომ მარიამმა ტანჟერში ჩაშალა ამერიკელებისა და პორტუგალიელების დიპლომატიური შეხვედრა...

 

გერმანელების დამარცხების შემდეგ მარიამი ქართველ ჯარისკაცებთან (რომელთა ხელმძღვანელი ფრიდონ წულუკიძე იყო) ერთად იტალიაში ჩავიდა და პარტიზანებს შეუერთდა. მოგვიანებით კი მამიდას სწერს, დამიჭირეს და ძლივს გადავურჩი სიკვდილსო. რაშიც ფრიდონ წულუკიძეს სდებს ბრალს, მან ჩამაბარა თავის ხელით გერმანელებსო, საბედნიეროდ, ქართველი ესესელების დახმარებით"მარიამი გაქცევას ახერხებს...

 

ომის დამთავრების შემდეგ ის იტა­ლიაში­ რჩება, მაგრამ იმის გამო, რომ საბჭოთა კავშირი ევროპის ბევრ ქვეყანაში ფაშისტური გერმანიის მომხრე პოლიტიკურ ემიგრანტებს დევნიდა, მარიამ კერესელიძე იძულებული გახდა სამხრეთ ამერიკაში წასულიყო, ასე დამკვიდრდა პერუში, სადაც ლექციებს ლიმას უნივერსიტეტში კითხულობდა. 

 

წყარო:  http://daqali.marao.ge

წაკითხვა 1466 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.