ბარბარობა და მასთან დაკავშირებული ტრადიციები

17 დეკემბერი მართლმადიდებლებისათვის წმინდა დიდმოწამე ქალწულის, ბარბარეს, ხსენების დღეა.


საქართველოში ამ დღეს, ტრადიციისამებრ, ლობიანებს აცხობენ.
ყოველთვის მაინტერესებდა, რატომ უნდა მოგვემზადებინა ლობიანები მაინცადამაინც ამ დღეს, და როგორც იქნა ამ კითხვაზე პასუხი მივიღე.

წმიდა დიდმოწამე ბარბარე მართლმადიდებლობისათვის მეოთხე საუკუნის დასაწყისში მმართველ მარკიანეს დროს ეწამა. ამჟამად მისი წმიდა ნაწილები კიევში, ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარშია დასვენებული.

წმიდა ბარბარე ბავშვების მფარველად ითვლება. მას ევედრებიან ყრმათა განკურნებას, ასევე შვილიერებას და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისგან დაცვას.

ქართულ წარმართულ პანთეონში საპატიო ადგილი ეკავა მზის ღვთაებას და მის დედას აისს – ბარბალეს. მათ დღესასწაულზე პატივის ნიშნად აცხობდნენ მზის დიკოს ფორმის ღვეზელებს. საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ, სახელების მსგავსების გამო, დროთა განმავლობაში ორი სუბიექტის წმინდა ბარბარესი და მზის დედის – ბარბალეს გაიგივება მოხდა.
ეს არ იყო საეკლესიო სწავლება, მაგრამ მან ნელ-ნელა ხალხში ფეხი მოიკიდა.
ამ ფაქტების გათვალისწინებით, გასაკვირი აღარ არის, რომ მხოლოდ საქართველოში აცხობენ ბარბარობა დღეს ბარბალესადმი მიძღვნილ ღვეზელებს.
ბარბალეს დღესასწული წელიწადში ორჯერ აღინიშნებოდა – მზის ბუდობის წინ და მზის ღვთაების შობაზე. მზის, ანუ ლილეს ბუდობას, ზეიმობდნენ იულიუსის კალენდრით 25 ივნისს, ხოლო შობას 25 დეკემბერს.
ვინაიდან ქალწულმოწამე ბარბარეს ხსენება აღინიშნება შობის მარხვაში, ხალხური მოქმედება ქრისტიანულ ჭრილში გატარდა და ღვეზელი სამარხვო მზადდებოდა, ძირითადად ნიგვზის. ეს წესი დღემდე შემორჩენილია ქართლში, სადაც გამომცხვარი ნიგვზიანები გაჰქონდათ გზაჯვარედინზე, ჭრიდნენ და გამვლელ-გამომვლელს ურიგებდნენ. ამ დღეს იცოდნენ პირველი მეკვლეობაც. მოგვიანებით, კაკალი ამერიკიდან შემოსულმა და სწრაფად გავრცელებულმა ლობიომ ჩაანაცვლა.

მაშ გამოდის, რომ ლობიანის ცხობა წმ. ბარბარეს დღეს წარმართულია?!
კი, ეს მართლაც ასეა!!!
თუმცა, ცოდვად ნამდვილად არ ჩაგვეთვლება, თუ არქაული დროიდან შეცდომის წყალობით დღემდე მოტანილ ტრადიციას არ დავკარგავთ და ჩვენც, წინაპრების მსგავსად, გადავცემთ მას მომავალ თაობებს. მერე რა, თუ ბარბარობის პატივისცემით კი არა და ბარბალობის წყალობით ვაკეთებთ ამას?!

ბარბარობა დღეს ლობიანების გარდა, ხალხური გადმოცემით, სხვადასხვა კუთხეში განსხვავებულ სამარხვო კერძებს ამზადებენ. ზოგ რაიონში გავრცელებული წესის მიხედვით, აუცილებლად უნდა მომზადდეს წითელი ფერის კერძი. ამისათვის ძირითადად გამოიყენება ჭარხალი, რომელსაც ნიგოზში, ზეთში ან ტყემალში კმაზავენ ან ჭარხლის ფოთლების ხაჭაპურებს აცხობენ.
რაჭაში, გავრცელებული წესის მიხედვით, გოგრის თესლიან ხაჭაპურებსაც აცხობენ. გოგრის თესლს მოხალავენ, დაფქვავენ და წყალთან ერთად საცერზე გაატარებენ. დარჩენილი ხაჭოსდამაგვარ მასას წყალთან ერთად დაადუღებენ, გაწურავენ, შეაზავებენ მარილით და საფუვრიან ცომში ლობიანივით აცხობენ. ასევე გოგრის თესლით შეჭამანდსაც ხარშავენ, რომელსაც მრავალფეროვან მწვანილსაც უმატებენ. ზოგიერთი ოჯახი ამ დღისთვის სპეციალურად იმარაგებს პატარა გოგრებს. თითოეულს მოჭრიან თავს, ამოასუფთავებენ, კედლებზე უსმევენ თაფლს და ამოავსებენ მოხარშული ბრინჯით, ჩირებითა და კომშით, შემდეგ კი ღუმელში წვავენ.
რა თქმა უნდა ბარბარობის მთავარ კერძად ლობიანები ითვლება. სავარაუდოდ, ლობიოს შემოსვლამდე გულსართად გარდა ნიგვზისა ოსპს, ცულისპირს ან მუხუდოს გამოიყენებდნენ. ძველად ლობიანები თონეში ცხვებოდა, დღესდღეობით საამისოდ ტაფას ან ღუმელს გამოიყენებენ.
დასავლეთ საქართველოში ასევე მიღებულია ბარბარობა დღეს სუფრაზე მოხარშული გოგრა ფიგურირებდეს. ასევე აუცილებელია თევზის რომელიმე სახეობაც ამშვენებდეს სუფრას, მეტწილად შემწვარი და ქინძმარში ან ბაჟეში ჩაწყობილი.

georgians.gr

წაკითხვა 9052 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.