რა წერია თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა შესახებ 2018 წლის ანგარიშში მოხვდა.

 

თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფაზე საუბარია ანგარიშის იმ ნაწილში, რომელიც პიროვნების ხელშეუხებლობის დაცვას, მათ შორის სიცოცხლის თვითნებური მოსპობისგან მის დაცვას ეხება.

 

„წლის განმავლობაში იყო ერთი ბრალდება სახელმწიფოს ან მისი წარმომადგენლების მიერ უკანონო მკვლელობის შესახებ. 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თბილისის საავადმყოფოში 10 იანვარს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც 2017 წლის დეკემბერში, პანკისის ხეობაში ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის დროს მას უშიშროების ძალებმა ესროლეს. მისი მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ამტკიცებდა, რომ მკვლელობა უკანონო იყო. სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა გამჭვირვალე, ობიექტური და დროული გამოძიების ჩატარების მნიშვნელობას. არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქმეზე დაწყებული გამოძიება ერთიანობის არარსებობის გამო გააკრიტიკეს“, – ნათქვამია ანგარიშში.

 

თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სპეცოპერაციის დროს, საკუთარ საძინებელ ოთახში სპეცრაზმმა თავში სასიკვდილოდ დაჭრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მაჩალიკაშვილს ახმედ ჩატაევის ჯგუფის წევრებთან კავშირში ადანაშაულებდა. სუს-ის მტკიცებით, თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად, უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე, გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა.

 

მაჩალიკაშვილი 10 იანვარს ისე გარდაიცვალა, რომ მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. იმავე სპეცოპერაციის შედეგად პანკისის ხეობაში დაკავებული სხვა პირები კი სასამართლომ ტერორიზმის ხელშეწყობაში დამნაშავედ სცნო.

 

პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს. გამოძიებას პასუხისგებაში ამ დრომდე არავინ მიუცია.

წაკითხვა 5722 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.