"ქართველობა უფრო საინტერესო და მიმზიდველია“- ფრიდონ შუბითიძის წარმატებული გზა აფხაზეთიდან ამერიკამდე

მრავალფეროვანი გზა აფხაზეთიდან ამერიკამდე ასეთი იყო: ტკბილი ბავშვობა სოფელ კოჩარაში, საინტერესო სტუდენტობა, ქარტეხილებით სავსე ცხოვრება სოხუმში, აფხაზეთის ომი, კოდორის ხეობასა და უღელტეხილზე გადმოსვლა, ლტოლვილობა და კიდევ ბევრი რთული პერიოდი...

თუმცა ცხოვრების სიძნელეებმა, ბევრმა შრომამ, განათლების წყურვილმა და ბრძოლამ შედეგი გამოიღო. ფრიდონ შუბითიძე 19 წელია უკვე, რაც ამერიკის ერთ-ერთი ელიტარული და უძველესი კოლეჯის - Dartmouth-ის პროფესორ/ მასწავლებელია. ხელმძღვანელობს ელექტრო-მაგნიტური ველების ზონდირების ლაბორატორიას, სადაც ასპირანტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჰყავს.

როგორც თვითონ აღნიშნავს, ამერიკა უდიდესი და უძლიერესი ქვეყანაა, სადაც ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი და სადაც პირველ რიგში ადამიანი ფასობს.


რამდენად რთულია ემიგრაციის პირობებში ქართული ტრადიციების შენარჩუნება? რა რისკებს უკავშირდება ამერიკაში ცხოვრება ქართველისთვის? რას შეცვლიდა საქართველოს განათლების სისტემაში? წარმატების მიღწევის გზებზე და საკუთარ ოჯახზე Firstnews.ge- ს Dartmouth-ის პროფესორ/მასწავლებელი - ფრიდონ შუბითიძე ესაუბრა:

 

- როგორი იყო გზა აფხაზეთიდან ამერიკამდე? როგორ მოხვდით ამერიკაში?

- გზა აფხაზეთიდან ამერიკამდე მრავალფეროვანი იყო, რომელიც ტკბილ და ლამაზ ბავშობას მოიცავდა, აფხაზეთის ულამაზესი კუთხის ოჩამჩირის რაიონ სოფელ კოჩარაში. ამის შემდეგ იყო სტუდენტობის საინტერესო და ქარტეხილებით სავსე ცხოვრება სოხუმში, აფხაზეთის ომი, კოდორის ხეობასა და უღელტეხილზე გადმოსვლა, ლტოლვილობა, ასპირანტობის პერიოდი თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტში (თსუ), პედაგოგიურ მოღვაწეობა თსუ-ს სოხუმის ფილიალში და სამეცნიერო მოღვაწეობა ათენის ტექნიკურ უნივერსიტეტში. ჩემი ცხოვრების თითეულ პერიოდში ძალიან ბევრი დადებითი და უარყოფითი მინახავს. საბედნიეროდ, ყოველთვის დადებითი სჭარბობდა და სწორედ ეს იყო წარმატების საწინდარი.

თსუ-ში 1997 წლის 26 სექტემბერს, დისერტაციის დაცვის შემდეგ, მივიღე საბერძნეთის სახლემწიფო გრანტი და მოღვაწეობა ათენის ტექნიკურ უნივერსისტეტში გავაგრძელე, როგორც პოსტ-დოქტორანტმა. ათენში მუშაობისას, ერთ დღეს ვნახე განცხადება იმის შესახებ, რომ ამერიკაში ეძებდნენ მეცნიერ-თანამშრომელს გამოყენებითი ელექტროდინამიკის მიმართულებით. ელექტრონული ფოსტით გავგზავნე ჩემი მონაცემები და ამიყვანეს Dartmouth-ის კოლეჯში, სადაც უკვე 19 წელია ვმოღვაწეობ.

 

- სად მიიღეთ განათლება და რა ნაბიჯები გაიარეთ წარმატების მიღწევამდე? რამდენად რთული იყო ამ წარმატებამდე გასავლელი გზა?

- განათლების მიღება ოჯახიდან იწყება. მყავდა არაჩვეულებრივი მშობლები (ივანე შუბითიძე და შურა ხარაიშვილი), რომლებმაც შრომა, თავმდაბლობა, სიკეთის კეთება და სხვების დაფასება მასწავლეს. ისინი განსაკუთრებით აფასებდნენ ჩემს განათლებას. კოჩარის დაცემის შემდეგ მათ თითქმის ყველაფერი დაკარგეს, მაგრამ ყველაზე მეტად იმას განიცნიდნენ, რომ ჩემი წიგნები სახლიდან ვერ გამოიტანეს.

პიროვნების განათლებაში და ჩამოყალიბებაში ასევე დიდი წვლილი მიუძღვის გარემომცველ სამყაროს. მთელი კოჩარის, მრავალეთნიკური შემადგენლობის საზოგადოებამ დიდ როლი შეასრულა ჩემი განათლებისა და ადამიანური ურთიერთოებების საწყისების ჩამოყალიბებაში. რა თქმა უნდა, წიგნების სიყვარული პედაგოგებისგან ვისწავლე. მყავდა არაჩვეულებრივი მასწავლებლები, როგორც დაწყებით, ასევე საშუალო სკოლებში. ძალიან ძნელია რომელიმე მათგანი გამოყო, მაგრამ ჩემი პროფესიის გამო, ფიზიკის მასწავლებელს, ავრორა მებონიას, გამოვარჩევ. იგი იყო და არის საუკეთესო მასწავლებელი და მეგობარი. მისი, როგორც პედაგოგის უნიკალურობა არა მარტო მასალის გადმოცემის უნარით დასტურდება, არამედ იმითაც, რომ მას შესანიშნავად შეეძლო მოსწავლის პოტენტიალის დანახვა და გაღრმავება.

სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა აფხაზეთის (სოხუმის) სახელემწიფო უნივერსისტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე გავაგრძელე.

მიუხედევად იმისა, რომ აფხაზეთში განვითარებული მოვლენების გამო იძულებული ვიყავით  სწავლა სოხუმის უნივერსიტეტის კედლებს მიღმა გაგვეგრძელებინა, ჩვენი პროფესორები ყოველთვის მოწოდებისა და პროფესიონალიზმის უმაღლეს დონეზე იყვნენ. რომან ჯობავას უშუალო ხელმძღვანელობითა და კურირებით ავირჩიე გამოყენებითი ელეტქროდინამიკის მიმართულება. 1994-1998 წლებში, ვმუშაობდი თსუ-ს სოხუმის ფილიალში, ჯერ მასწავლებლად, შემდეგ დოცენტად; ვკითხულობდი ლექციებს და ვხელმძღანელობდი ასპირანტურის განყოფილებას. 1998 წლიდან მოღვაწეობა ათენის ტექნიკურ უნივერსიტეტში გავაგრძელე.

ვერ ვიტყვი, რომ ჩემს პროფესიულ განვითარებას რაიმე სირთულეები ახლდა. ეს ორი ფაქტორით აიხსნება: 1) ჩემი მეუღლის - ირმა შამათავას უდიდესი მხარდაჭერა და თანადგომა მქონდა. მას სჯეროდა ჩვენი მომავლის, იმ დროსაც კი, როცა გარშემო სრული განუკითხაობა, უშუქობა, გაუძლისი ცხოვრება და პროფესიონალიზმის მიმართ უნდობლობა სუფევდა. 2) მე ვაკეთებდი და ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს.

ასე რომ, ეს გზა უფრო საინეტერესო, პროფესიული გამოწვევებით იყო აღსავსე, ვიდრე სირთულეებით. საქართველოში მოღვაწეობისას ვიყავი ერთ-ერთი პირველი, ვინც მიიღო ახალგაზრდა მეცნიერთა საპრეზიდენტო სტიპენდა. ასევე გავხდი სოროსის სტიპენდიანტი და ჩართული ვიყავი სხვადასხვა სამეცნიერო პროექტებში.


ცხოვრების პირობების თვალსაზრისით ეს საკმაოდ რთული იყო, რადგან ამ ყველაფერს ის საერთო გამოწვევები ახლდა, რომელიც მთელ საქართველოში სუფევდა. ეს იყო ლტოლვილობა, უსახლკარობა, უშუქობა, უსახსრობა და ა.შ.

 

www 5726945740794626048 n

 

- თქვენ და თქვენი მეუღლე წლებია ამერიკის განათლების სისტემაში მოღვაწეობთ. შეადარეთ საქართველოს და ამერიკის განათლების სისტემა. რას შეცვლიდით საქართველოს განათლების სისტემაში?


- განათლება ერის სახეა, რომლიც მის წარსულს, აწმოსა და მომავალს ასახავს. საუკუნეების განმავლობაში ყველა ქვეყანამ, რომელიც გადარჩა, აირჩია და ჩამოაყალიბა თავისი განათლების სისტემა. ეს სისტემა გამოიყენება, როგორც პლატფორმა, რომელზეც ხდება ახლის დაშენება. ამიტომ, ჩემი აზრით, საქართველო და ქართველი ხალხი უნდა დაეყრდნოს წარსულს, ეროვნულ განათლების სისტემას და მას უნდა მოერგოს. პირველს, რასაც შევცვლიდი, მასწავლებლებს ხელფასს გავუზრდიდი და შესაბამისად, მოვთხოვდი ხარისხიან სწავლების პროცესს.

როდესაც განათლებაზე ვსაუბრობთ, დაწყებითი სკოლიდან უნდა დავიწყოთ. აქ მთავარია ბავშვებთან მასწავლებლის მიდგომა. მისი მიზანი უნდა იყოს ის, თუ როგორ წარმოაჩინოს და გააღვიძოს მოსწავლის ნიჭი. მაგალითად, ამერიკაში, დაწყებით სკოლაში თამაშებით ასწავლიან და ამის გამო ბავშვებს ძალიან მოსწონთ სკოლა. დავალებებს თითქმის არ აძლევენ. ვფიქრობ, ამ მიმართულბით საქართველოში ბევრი რამ გადასახედია.

ამერიკაში ბავშვების აღზრდაში ჩართულია საზოგადოების ყველა სფეროს წარმომადგენელი. სკოლებში მოჰყავთ პიროვნებები, რომლებიც ყვებიან საკუთარ წარმატებებზე და დაშვებულ შეცდომებზე. წარმოიდინეთ, რომ ნარკომანი უხსნის ბავშვებს თუ რამდენად ცუდია ნარკოტიკების მოხმარება. ამას ძალიან დიდი ეფექტი აქვს.

განათლების მესამე, უმაღლესი საფეხურში, 25 წელია ჩართული ვარ. როგორც აღვნიშნე, საქართველოში ვმუშაობდი ლექტორ-მასწავლებლად, დოცენტად, შემდეგ ვიყავი საბეძნეთში- ევროპაში, ვმოღვაწეობდი „ბრიტიშ კოლუმბიის“ უნივერსიტეტში - კანადა და 19 წელია ამერიკის ერთ-ერთი ელიტარული და უძველესი (250 წლის) კოლეჯის (უნივერისტიტეტის) პროფესორ/ მასწავლებელი ვარ. გარდა ამისა, დავაარსე და ვხელმძღვანელობ ელექტრო-მაგნიტური ველების ზონდირების ლაბორატორიას. ამ ლაბორატორიაში მყავს ასპირანტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებიდან. სამეცნიერო მუშაობის გამო კონკურენციის გაწევა მიხდება ამერიკის თითქმის ყველა ელიტარული უმაღლესი სასწავლებლის კურსადამთავრებულებთან.

მახსოვს, 2001 წელს მთხოვეს წამეკითხა საზოგადო ლექცია საქართველოსა და ზოგადად საბჭოთა განათლების სისტემაზე. ლექციის ბოლოს აღვნიშნე საბჭოთა განათლების ნაკლოვანობები სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით ეკონომიკური და სამედიცონო მიმართულებით, ასევე - წარმატებები სამენიერო მიმართულებით. მსემენელთა დიდმა ნაწილმა მაშინვე მითხრა სწორედ კარგი სამეცნირო ცოდის გამო აგიყვანეს თანამშრომლად Dartmouth-შიო.

დღეს, მსოფლიოში ცნობილი მეცნიერებისა და პედაგოგების მიერ შექმნილი ლექციების მოსმენა შესაძლებელია ინტერნეტით. ამიტომ, სტუდენტებს აღარ აინტერესებთ ლექციის მოსმენა აუდიტორიაში. მათ უნდათ გაიგონ, თუ როგორ იყენებს პროფესორი ლექციის მასალას რეალურ პრაქტიკაში. ამის გაკეთება კი მხოლოდ საკლასო ოთახებში თანამედროვე ტექნოლოგიების შეტანითაა შესაძლებელი. ამ მხრივ საქართველოში ბევრი რამ შესაცვლელია.

პროფესორი სამეცნიერო საქმიანობაში აქტიურად ჩართული უნდა იყოს, მუშაობდეს საზოგადოებისათვის სასარგებლო პრობელმებზე. დღეს, ლექციების მოსმენა ინტერნეტშიც შესაძლებელია, სადაც ყველაფერი დეტალურადაა გაწერილი მსოფლიოში ცნობილი მეცნიერებისა და პედაგოგების მიერ. ტექნიკური განათლების დონე საქართველოში ძალაინ შემცირდა და თან იმ დროს, როცა ასპირანტების კონკურენცია მსოფლიოს მასშტაბით გაიზარდა.

ამით მინდა ვთქვა, რომ საქართველოს განათლების სისტემა უნდა შეიცვალოს, მაგრამ ეს უნდა დაეფუძნოს იმას, რაც კარგი იყო წარსულში. დამატებით მოვითხოვდი პროფესსურის მეტ სამეცნიერო-საზოგადოებრივ აქტიურობას, მეტი ტექნოლოგიების ინტეგრაციას მოვახდენდი სწავლის პროცესში და სავალდებულოს გავხდიდი ნაშრომის/სტატიის/პროექტის წარმოდგენის სწავლების კურსს.

 

- რამდენად რთულია ემგრაციის პირობებში ქართული ტრადიციების შენარჩუნება?

- საბედნიეროდ, მე და ჩემი ოჯახი ამერიკის ყველაზე გამორჩეულ და საუკეთესო ინტერნაციონალურ ქალაქში ვცხოვრობთ. მე ვიტყოდი, რომ ქართული ტრადიციების შენარჩუნება არც თუ ისე ძნელია, პირიქით მარტივიცაა, რადგანაც ყველას აინეტერესებს და მოსწონს ჩვენი, ქართული ტრადიციები, სიმღერები, ცეკვები, სუფრა. ვთვლი, რომ ქართველობა უფრო საინტერესო და მიმზიდველია აქ მყოფი საზოგადოებისთვის.

 

- შვილებისთვის ქართული ტრადიციების გადაცემას თუ ახერხებთ და როგორ?

- სამი შვილი გვყავს: თორნიკე, სალომე და გიორგი. თორნიკე საქართველოში დაიბადა. ოთხი წლის იყო, როდესაც საბრძნეთში წავედით. სალომე და გიორგი ამერიკაში დაიბადნენ. სამივეს ძალიან უყვართ საქართველო. თითქმის ყოველწლიურად ჩავგყავს საქართველოში ან აქ გვყავს სტუმარი საქართველოდან. საქართველოში ყოფნისას სხვადასხვა მხარეში დაგვყავს, ვაცნობთ ქართულ ცხოვრებას, კულტურასა და ურთიერთობებს. თორნიკეს დიდი ინტერესი აქვს, რომ ქართული ღვინისა და სხვა პროდუქტიის პოპულარიზაცია და გატანა მოახდინოს ამერიკაში. სალომეს განსაკუთრებით ქართული ცეკვები და ბალლეტი მოსწონს. გარდა ამისა, მოსწონთ საქართველოს ისტორია. ისინი ამაყობენ, რომ ქართველები არიან, მეგობრებიც კი ჩამოჰყავთ საქართველოს გასაცნობად.

 

errrr95017787202542 5272950730128200676 n

 

- რა რისკებს უკვაშირდება ამერიკაში ცხოვრება ქართველისთვის?

- ამერიკა ემიგრანტების ქვეყანაა. აქ ყველაზე მეტად ადამიანი ფასობს. არ დამავიწყდება ჩემი მასპინძელი პროფესორის სიტყვები, ჩამოსვლიდან ორი თვის შემდეგ რომ მოვისმინე: „ფული არაფერია, აქ ადამიანია ყველაზე მნიშველოვანი“. ანუ ამერიკა თვითონ არ უქმნის რისკებს არცერთ ერს და მათ შორის ქართველს. აქ თითქმის ყველა პირობაა იმისათვის შექმნილი, რომ კანონის ფარგლებში ყველაფერს მიაღწიო. მე და ჩემი ოჯახი აქ 19 წლის წინ ჩამოვედით, უცნობ ქვეყანაში მოვდიოდით და ვფიქრობდით, რომ ერთი წლის შემდეგ საქართველოში დავრუნდებოდით. მაგრამ ისეთი პირობები შეგვიქმენს, 19 წლის შემდეგაც აქ ვართ. ვიტყოდი, რომ წარმატებული ქართველის დამკვიდრება ამერიკაში უფრო საქართველოს რისკებია, ვიდრე ქართველის. ამისთვის კი უნდა იყო კონკურენტუნარიანი და მონაწილეობდე მაღალი დონის პროექტებში.

 

- აღგვიწერეთ თქვენი ერთი სამუშაო/ჩვეულებრივი დღე?

- სამუშაო დღე ჩეულებრივ 8 საათზე იწყება, პირველად ელექტრონული ფოსტის შემოწმებით და მათზე პასუხების გაცემით, შემდეგ სტუდენტებთან შეხვედრა, ლექცია; შემდეგ ჯგუფის წევრებთან შეხვედრა სამეცნიერო პროექტების მიმდინარეობაზე და მომავალ გეგმებზე მსჯელობა. წელიწადში ერთდროულად 3-4 პროექტის შესრულება მიხდება. დროს როგორც კი გამოვნახავ, მაშინვე სამეცნიერო პროექტებზე ვმუშაობ. მინდა აღვნიშნო, რომ ამერიკაში რაც უფრო მაღალ საფეხურზე ადიხარ, ადმინისტრაციული სამუშაო და შესაბამისად, პასუხისმგებლობაც იზრდება. სამსახურს დაახლოებით საღამოს 6-7 საათზე ვამთავრებ. მომყავს გიორგი სპორტის, რობოტიკის, კარატის ან მუსიკის გაკვეთილიდან.

 

- რა მოგცათ ამერიკამ?

- ამერიკა უდიდესი და უძლიერესი ქვეყანაა, სადაც ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი. მე და ჩემი ოჯახი აქ  19 წლის წინ, საბრძნეთიდან, 4 ჩემოდანითა და 200 დოლარით ჩამოვედით. 2009 წელს უნივერსიტეტის დაფინანსებითა და მხარდაჭერით გავხდით ამერიკის მოქალაქეები. ეს ამბავი, რომ შეიტყო ერთ-ერთმა თანამშრომელმა მითხარა: „ამერიკამ მოიგოო შენ, რომ მოქალაქე გახდიო“. 19 წლის მანძილზე შესაძლებლობა მომცა ჩემი დაგროვილი ცოდის რეალიზაციის შედეგად ჩამომაყალიბებინა ჩემი სამეცნიერო ჯგუფი, მონაწილეობა მიმეღო ისეთ პროექტებში, როგორებიცაა: კიბოს განკურნება, აუფეთქებელი ბომბების აღმოჩენა და იდენტიფიცირება, მზის მაგნიტური ველების დასხივება დედამიწაზე, ადამიანის დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა (დნმ) გაშიფრა და პერსოანულირ მედიცინს შექმა, ახალი ბიო-დეგრედირებული მასალების გამოკვლევა და მათი ტესტირება კოსმოსში, ახალი რადარების დიზაინი, რიცხვითი მოდელებისა და პროგრამული პაკეტების შემუშავება, მაღალტექნოლოგიური კომპანიის დაფუძნება და შექმნა, მსოფლიოს წამყვან მეცნიერებთან ურთიერთობა და თანამშროლობა. საშუალება მომცა გამომექვეყნებინა 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, გამხდარიყავი სხვადასხვა ორგანიზაციის საპატიო წევრი, მიმეღო ამერიკის თავდაცვის, ენერგიის სამინისიტროებისა და ბუნების დაცვის სააგენტოს წლის საუკეთესო პროექტის ჯილდო, მიმეღო და მეხელმძღანელა რამოდენიმე ათეულ მილიონ დოლარის მქონე ხარჯის პროექტებისათვის.

 

- რა სამომავლო გეგმები გაქვთ და უკავშირდება თუ არა საქართველოს?

- მომავალი გეგმები დაკავშირებულია ახალი ტექნოლოგიების შექმნასთან. მაგალითად, ოქტომბრიდან ახალ პროექტს ვიწყებ (1, 3 მილიონ დოლარიან), რომელიც შექმნის ახალ სენსონურ სისტემებს, მინების აღმოჩენისათვის, დრონების გამოყენებით. ვმუშაობ კიბოს განკურნების ახალ მიმართულებაზე, რომელიც აერთიანებს ელექტრომაგნიტურ ველებს, ნანო-ნაწილაკებს, ქიმიო და იმუნურ თერაპიას.

საქართველო, როგორც დედა სამშობლო, ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩემს გეგმებში. წარსულში მოვახერხე და რამდენიმე პროექტი დავაფინანსე საქართველოში. ქართველ კოლეგებთან ერთად რამდენიმე პროექტი მივიღეთ რუსთაველის სამეცნიერო ფონდიდან. წელსაც გავაგზავნეთ პროექტი საინჟინრო მიმართულებით. ვაპირებ პატარა პროექტების დაფინანსებას ამერიკიდან. ბოლო რამოდენიმე წელია ვცდილობ და ვფიქრობ საქართველოში ჩამოვაყალიბო/შევქმნა სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი. ცენტრი, რომელიც მეცნიერების ყველა მიმართულებას გააერთიანებს. წინა წლებში საქართველოს მთავრობასთან გვქონდა შეხვედრები, მაგრამ საქმე ჯერ არ დაძრულა.

დღევანდელი გლობალიზაციის პირობებში, იმისათვის რომ სახელმწიფომ შეინარჩუნოს თავისი იდენტურობა და არ წაიშალოს რუკიდან, აუცილებელია, ქვეყანამ შექმნას რაიმე მაღალი ტექნოლოგია. ვთვლი, რომ სწორი დაგეგმარებითა და არესებული პოტენციალის მობილიზებით ამის შესაძლებლობა არსებობს. აქ აქცენტი შეიძლება საქართველოში კიბოს განკურნების სასწავლო სამეცნიერო ცენტრის შექმნაზე გავაკეთოთ.

 

ავტორი: ნინო ოთარაშვილი

წაკითხვა 9148 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 16 2018
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.