პირველი ოქტომბრიდან პოლიეთილენის პარკების წარმოება და რეალიზაცია დასჯადი ხდება - რა სანქციები დაეკისრება დამრღვევ პირს

საქართველოში პოლიეთილენის პარკების გამოყენება, იმპორტი და წარმოება იკრძალება. 

 

საქართველოს მთავრობის ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, თავდაპირველად აკრძალვა 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკებზე გავრცელდება, უკვე 2019 წლის პირველი აპრილიდან კი აიკრძალება ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია. ამავე რეგლამენტის მიხედვით, სრულად იკრძალება ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.


ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, პლასტიკისა თუ ბიოდეგრადირებადი პარკების კონტროლს შემდეგი უწყებები განახორციელებენ:


პარკების წარმოებისას – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი;


პარკების იმპორტისას – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;


პარკების რეალიზაციისას – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო.


პასუხისმგებლობა პარკის წარმოება-რეალიზაციის წესების დარღვევისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განისაზღვრება. კოდექსის მიხედვით რეგულირების წესის დარღვევა გამოიწვევს მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით. განმეორებით ჩადენილი ქმედება კი გამოიწვევს მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ამ შემთხვევაშიც შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით.


ცნობისათვის, პოლიეთილენის პარკების აკრძალვაზე საუბარი 2017 წლიდან დაიწყო, პროექტის განხორციელება უკვე 2018 წლის იანვრიდან იგეგმებოდა. თუმცა ამ თარიღისთვის პროექტის დასრულება შეფერხდა და ამოქმედების თარიღმა გადაიწია. მაშინაც და ახლაც პოლიეთილენის და ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების აკრძალვის მთავარ მიზეზად პარკების ქიმიური შემადგენლობა სახელდებოდა, რომელიც სერიოზულ ზიანს აყენებს ბუნებას და რომლის სრულ დაშლას 100 წელიწადზე მეტი სჭირდება. 


საინტერესოა ისიც, რომ 2014 წლის მონაცემებით, საქართველოში ერთი მოქალაქე, საშუალოდ, წელიწადში 525 ერთჯერად პლასტიკის პარკს მოიხმარს, ხოლო, მაგალითად, ირლანდიაში აღნიშნული საშუალო მაჩვენებელი არის 14 პლასტიკის პარკი, დანიასა და ფინეთში კი მხოლოდ 4.

 

წყარო: bpn.ge

წაკითხვა 441 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.