“საქართველო კარგავს სატრანზიტო ფუნქციაზე ექსკლუზიურობას... ჩვენ უსუსტესი სახელმწიფო გვაქვს” - ლევან ბოძაშვილი

“გეოსტრატეგიულად ბევრი რამ უკვე შეცვლილია.

ახლა ამის გაფორმება მიმდინარეობს. მე თავიდანვე განვაცხადე, რომ ვითარება საქართველოსთვის არასახარბიელოდ შეიცვალა არა მარტო სამხედრო-სტრატეგიული, სატრანზიტო და გეოეკონომიკური თვალსაზრისითაც. კერძოდ, საქართველო კარგავს სატრანზიტო ფუნქციაზე ექსკლუზიურობას. მანამდე სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის გამო საქართველო აზერბაიჯანული და ცენტრალური აზიური ენერგოგამტარობის ერთადერთი გზა იყო. მართალია, ზოგიერთი ამბობს, რომ ეს არ მოხდება, რადგან ინვესტორები არ დახარჯავენ ფულს ახალი მარშრუტების ასათვისებლად, თუმცა ჩვენს რეგიონში ცალკე საინვესტიციო მიდგომები არაფერს განსაზღვრავს. მთავარი ფაქტორი გეოპოლიტიკური მიდგომებია და ეს განაპირობებს ინვესტორთა მოქმედებებსაც. სომხეთზე გამავალი გზა გაცილებით მოკლე და მომგებიანია. რუსეთიც იხეირებს - კრემლი დიდი ხანია ცდილობდა ენერგოტრანზიტზე გავლენის დაბრუნებას და საშუალება ახლა მიეცა. ასე რომ, სიტუაცია ჩვენთვის სახარბიელო არ არის”, - აცხადებს უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი ლევან ბოძაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “საქართველო კარგავს სატრანზიტო ფუნქციაზე ექსკლუზიურობას”.

 

“ყველა ტიპის რუსული ფაქტორის გაძლიერება რეგიონში ჩვენთვის გამოწვევაა. რუსეთი ოკუპანტია და მისი გაძლიერება არათუ ამ ვითარებაში, მშვიდობიანობის დროსაც კი სახიფათოა მისი აგრესიული ბუნებიდან გამომდინარე. არათუ საკომუნიკაციო არხებზე, მან კონტროლი ქვეყნებზე დაამყარა - ვგულისხმობ სომხეთსა და აზერბაიჯანსაც. მას დიდწილად სწორედ რუსეთის ინტერესების გათვალისწინება უწევს და მომავალშიც მოუწევს... როცა მშვიდობის დამყარებაზე ერთპიროვნული პრეტენზია გაქვს, ეს მშვიდობისმყოფლობად ვერ ჩაითვლება. იგივე ითქმის მომრიგებლობაზეც. რუსული დიპლომატიის ისტორიაში ამის უკან გულწრფელი მოტივები არასდროს მდგარა. ვერც დასავლეთი და ვერც მონაწილე ქვეყნები ამის ნებით მიმღებები ვერ და არ იქნებიან, თუმცა ფაქტობრივი მდგომარეობა სხვა მოქმედების ვარიანტებს გამორიცხავს. დიდი ალბათობით, ჩვენი სამი მეზობელი ქვეყნის ლიდერების შეთანხმების საგანი შეიძლება ყოფილიყო სატრანზიტო წილების განაწილების, სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული საკითხებისა და საერთო-სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბება, რამაც უნდა უზრუნველყოს სომხეთის “შემრიგებლური” მიდგომა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ბოძაშვილი.

 

“აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებთან “საზღვრების დემარკაციისა და დელიმიტაციის საკითხებში” ახალი სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნით რუსეთი განაგრძობს პროვოკაციებს და თან ცდილობს ამ ქმედებებს აბსურდული საერთაშორისო სამართლებრივი ლეგიტიმაცია შესძინოს. დასავლეთს მიანიშნებს, რომ არ აინტერესებს არც საერთაშორისო სამართალი და არც მისი პრინციპები, როცა საქმე მის ინტერესებს ეხება, ის ყველაფერზე წამსვლელია. ამავე დროს პროპაგანდისტულად ცდილობს საქართველოს დაანახოს ურთიერთობის დარეგულირებისკენ ვითომდა გულწრფელი სწრაფვა, მაგრამ სწორედ საქართველოს ხარჯზე და მის საწინააღმდეგოდ აკეთებს ყველაფერს. იმედია, ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთთან პრინციპულობას საქმით გამოიჩენს. კერძოდ, დაამატებს შავ ზღვასა და საქართველოში სამხედრო ინფრასტრუქტურას, დააჩქარებს ჩვენი ნატოში წევრობის საკითხის განხილვას და საამისოდ რეალური მექანიზმის ამოქმედებას; აღარ დაუშვებს იმ შეცდომას, რაც ბუქარესტის სამიტზე მოხდა და რასაც გრძელვადიანი ნეგატიური შედეგები მოჰყვა არა მარტო საქართველოს, არამედ ატლანტიკური გეოპოლიტიკისთვისაც. იმავეს მოველი ევროპელი პარტნიორებისგანაც”, - დაასკვნის ექსპერტი და შეკითხვაზე - “რამდენად მზად ხვდება ჩვენი პოლიტიკური სპექტრი რეგიონში რუსეთის უფრო გაძლიერებითა და საქართველოს თამაშგარე მდგომარეობაში დატოვებით შექმნილ საფრთხეს?” - პასუხობს:

 

“ჩვენ იმდენად ვართ დაკავებული შიდაპოლიტიკური გარჩევებით, ხელისუფლების გადანაწილებითა და მოპოვებით, რომ უამრავი პროცესი გვრჩება უყურადღებოდ. სამწუხაროდ, მხოლოდ უხეშ საფრთხეს ვამჩნევთ. მაგალითად, როცა პროდუქტებზე ფასი ნელ-ნელა და შეუქცევადად იზრდება, მაგრამ არ ვრეაგირებთ იმავენაირად, როცა ნელ-ნელა და ნეგატიურად იცვლება გეოპოლიტიკური სიტუაცია. რატომღაც ველოდებით, რომ მაინცდამაინც ტანკით უნდა შემოგვივარდეს ვინმე, რომ გამოვფხიზლდეთ”.

 

“ჩვენ უსუსტესი სახელმწიფო გვაქვს. დაგროვდა კოლოსალური საგარეო ვალი, არა გვაქვს ქმედითი ეკონომიკური პოლიტიკა, ვკარგავთ ბუნებრივ გეოპოლიტიკურ ნიშას, უკიდურესად ჩამოვრჩებით მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებებს. ღვინო რომ ღვინოა, ჩვენი საამაყო ეროვნული პროდუქტი, მასობრივად მისი ხარისხის ამაღლებაც ვერ შევძელით. საერთო განათლების დონე კატასტროფულია, მართლმსაჯულება შიდაძალაუფლებრივ ცენტრებზეა დამოკიდებული, სოციალური ნებელობა სრულ აპათიაში გადაზრდილი, ახალგაზრდობას პერსპექტივა არა აქვს, პოლიტიკური სპექტრი დეგრადირებულია, ინსტიტუციების სახალხო ლეგიტიმაცია მიზერული, მრავალწლიანი გათვლები და გეგმები არასრულფასოვანი და ა.შ. ჩვენ ველოდებით ახალ დავით აღმაშენებელს, ახალ ილიას, ახალ მესიას, მაგრამ გვავიწყდება რომ ერთიც, მეორეც და მესამეც თითოეულ ჩვენგანშია. მისი ამოქექვა და გააქტიურებაა საჭირო. თქვენ მისვამთ უამრავ კითხვას საგარეო პოლიტიკაზე, მაგრამ მთავარი პოლიტიკა, პრობლემა ჩვენშია. ნუ ველოდებით სხვაგან სიტუაციების ჩვენს სასარგებლოდ დალაგებას, ეს არ მომხდარა და არც მოხდება. ჩვენ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე, მაგრამ არ ვსაუბრობთ გამოსავლის გამონახვაზე; ვლაპარაკობთ დაავადებაზე, მაგრამ არაფერს ვამბობთ მის გამომწვევ მიზეზებზე. ამგვარი მიდგომა უნდა დასრულდეს”, - დასძენს ლევან ბოძაშვილი.

წაკითხვა 439 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.