ენგურჰესი ხვალიდან გაჩერდება

"ენგურჰესის“ რეაბილიტაციის პროექტი მაშტაბური და ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, - ასე აფასებს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საქართველოს უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტს.

 

პროექტი 2021 წლის 20 იანვარს დაიწყება, ხოლო სადგურის ექსპლუატაციაში გაშვება 2021 წლის 1-ელ მაისსაა დაგეგმილი.

 

„ენგურჰესი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი და იაფი ენერგიის წყაროა, რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა მე-20 საუკუნის 70-იან წლებში. მისი უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის პერიოდულად აუცილებელია სადგურზე სარეაბილიტაციო - სარემონტო სამუშაოების ჩატარება. ამჯერად განხორციელდება საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები - ესაა გვირაბის ცემენტაცია, დალექილი ლამის გამოტანა, ელექტრომექანიკური ნაწილების შეკეთება - რეაბილიტაცია, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს იმას, რომ სადგურის მიერ წყლის დანაკარგი შემცირდება, ელექტროსადგურის გამომუშავება კი მოიმატებს", -ამბობს მინისტრი თურნავა.

 

მისი თქმით, ენგურჰესზე სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში განხორციელდება.

 

ენგურჰესის რეაბილიტაციის პროექტის სრული ღირებულება 45 მლნ ევროა, საიდანაც 7 მლნ ევრო ევროკომისიის გრანტია, 38 მლნ ევრო კი - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საფინანსო რესურსი.

 

პროექტის ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტად სადერივაციო გვირაბის რემონტი სახელდება. სწორედ მისი მეშვეობით მიეწოდება აგრეგატებს წყალსაცავიდან წყალი. შესაბამისად, გვირაბის დასაცლელად და სარემონტო სამუშაოების საწარმოებლად ჰიდროელექტროსადგურის სრულად გაჩერებაა საჭირო. სადერივაციო გვირაბის რემონტი ავარიული მონაკვეთების შესაკეთებლად და გაჟონილი წყლის მოცულობის შესამცირებლად არის აუცილებელი. სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის შედეგად, წელიწადში დამატებით 100-120 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის გამომუშავება იქნება შესაძლებელი.

წაკითხვა 72 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 19 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.