"ენკა" ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

კომპანია „ენკა“ (ENKA) საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს მიმართავს და განმარტავს, რომ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შესახებ წარდგენილი პეტიციის ავტორებს შეცდომაში შეჰყავთ მოსახლეობა.

მათი განმარტებით, არასწორია პეტიციის ავტორთა მტკიცება, თითქოს „ნამახვანის კასკადი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მდინარე რიონის ხეობას და ბუნებას, არამედ – ლეჩხუმის და ქუთაისის მოსახლეობასაც და რეგიონის მდგრად განვითარებას“, რადგან მოკლებულია ყოველგვარ დასაბუთებასა და მყარ არგუმენტებს.

 

"ჩვენ პატივს ვცემთ აზრის გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა მიგვაჩნია, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს მიზანმიმართულ კამპანიასთან, რომლის ერთადერთი ამოცანაა – 800 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის განხორციელებისთვის ხელის შეშლა და ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის სრული გაჩერება.

 

კომპანია ENKA-ს ქვემო ნამახვანჰესთან მიმართებაში, არსებული ეტაპისთვის ყველა საჭირო ნებართვა გააჩნია, რომელიც გაცემულია შესაბამისი უწყებების მიერ, წარდგენილი კვლევების, საჯარო განხილვებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის საკმაოდ ხანგრძლივი და კომპლექსური შესწავლის საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ პროექტი ხორციელდება უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების გათვალისწინებით და სრულ შესაბამისობაშია როგორც საქართველოს, ასევე “მაღალი კაშხლების საერთაშორისო კომიტეტის” ნორმებსა და სტანდარტებთან.

 

კომპანიას, საინვესტიციო ვალდებულების ფარგლებში აღებული აქვს პასუხისმგებლობა, როგორც პროექტის წარმატებით განხორციელებაზე, ასევე 1600 მდე საქართველოს მოქალაქის დასაქმებაზე, პროექტის არეალში მცხოვრები მოსახლეობისთვის მიწებისა და ქონების დაკომპენსირებაზე (რაშიც დღევანდელი მდგომარეობით 30 მილიონამდე ლარი იქნა დახარჯული), 28 კმ ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზის მონაკვეთის მშენებლობაზე (ჯამური ღირებულება 200 მილიონი ლარი), მრავალი სოციალური პროექტის განხორციელებაზე და სხვა. ინვესტორი დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება აღებულ ვალდებულებებს და პირნათლად ასრულებს მათ.

 

ნამახვანჰესის პროექტი ქართული ენერგოსექტორის დამოუკიდებლობისთვისა და უსაფრთხოებისთვის საკვანძო მნიშვნელობას შეიცავს – კასკადის წლიური გამომუშავება 1,500.00 გგვტ.სთ იქნება, რაც წლიური მოხმარების 12%-ს აღწევს. ამასთანავე, პროექტი ორ მეგობარ ქვეყანას შორის, რომელთაც ერთმანეთთან სტრატეგიული ინტერესები აკავშირებთ, თანამშრომლობის უმაღლესი გამოხატულებაა. პროექტის განხორციელებისთვის ხელის შეშლა მიუღებელია, მისმა გაჩერებამ კი ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის მიმართ ნდობის დაკარგვა შეიძლება გამოიწვიოს“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

წაკითხვა 67 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 17 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.