უშველის თუ არა ლარის კურსს ირაკლი ღარიბაშვილი?

“ლარი გაუფასურება დაიწყო და ვერც მთავრობა, ვეღარც ეროვნული ბანკი ამ პროცესს ვერ აჩერებს.

ის, რომ პრემიერ-მინისტრი შეიცვალა და ეკონომიკაში შეზღუდვები იხსნება, დიდ გავლენას ამ მხრივ ვერ მოახდენს. ყოველ შემთხვევაში, ქვეყანაში არავის სჯერა, რომ ლარს რამე უშველის. ლარის კურსი უკვე 3,33-ს მიუახლოვდა, რასაც ეკონომიკურ ფაქტორთან ამ ეტაპზე ნაკლები კავშირი აქვს, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ეროვნულ ვალუტას ახლა ყველაზე მეტად პოლიტიკური პროცესების გავლენა აუფასურებს. კურსი რომ უფრო მაღლა არ წავიდა, ეს მხოლოდ სებ-ის ინტერვენციების შედეგია. როგორც ანალიტიკოსები ფიქრობენ, ირაკლი ღარიბაშვილის გაპრემიერება ამ მდგომარეობას ვერ შეცვლის, რადგან არ აქვთ იმედი, რომ სავალუტო პრობლემის გამო ქვეყანაში ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი დადგება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “უშველის თუ არა ლარის კურსს ირაკლი ღარიბაშვილი? / ახალ პრემიერს სიმკაცრის გამოჩენა ამ მიმართულებითაც მოუწევს, რომ ბაზარზე სპეკულაციები აღიკვეთოს.

 

“ასე ფიქრობს ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ანალიტიკოსი ნიკა შენგელია, რომლის განცხადებითაც, კურსზე ჯერჯერობით დადებით გავლენას ვერც შეზღუდვების მოხსნა მოახდენს, რადგან ლარი ძირითადად პოლიტიკური პროცესების გავლენის ქვეშას არის მოქცეული. “პრემიერ-მინისტრად ვინც არ უნდა მოვიდეს, ეროვნული ბანკი არის იურიდიულად დამოუკიდებელი ინსტიტუტი და ემორჩილება რეალურად ფედერალურ სარეზერვო სისტემას. არაოფიციალურად ასეა. მისი მთავარი ფუნქცია ინფლაციაზე თვალყურის მიდევნებაა, გაცვლით კურსზე პასუხისმგებლობა მოხსნილი აქვს. იმავდროულად ასევე ბევრი ფუნქცია აქვს ნაკისრი, რაც მისი პრეროგატივა არ უნდა იყოს. მაგალითად, საფინანსო სექტორის ზედამხედველობა, სადაზღვევო, მიკროსაფინანსო ბაზრების რეგულირება და სხვა. ახალი პრემიერი ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს სებ-ზე, თუმცა რაც შეუძლია მთავრობას ისაა, რომ პრობლემური სესხები ჩამოაწერონ მოქალაქეებს. ისედაც ასეულობით მილიონობით ლარის მოგებას ინარჩუნებენ ბანკები! რაიმე ბერკეტს ვერ ვხედავ, რომ ახალი პრემიერი სებ-ის საქმიანობაში ჩაერევა და ამით კურსი გამყარდება”, - ამბობს ნიკა შენგელია, რომლის აზრით, “ცხადია, ვერც ეკონომიკის გაშვება მიიჩნევა ლარისთვის შვებად”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“მართალია, 1 -ლი მარტიდან შეზღუდვების დიდი ნაწილი უქმდება, მაგრამ 1 თვე მაინც იქნება საჭირო, რომ სასტუმროები და რესტორნები ამუშავდეს. ვინ შევა სასტუმროში, ესეც უკვე შეიძლება სერიოზულ პრობლემას იქცეს“, - თვლის შენგელია. რაც შეეხება ლარის გაუფასურებას, როგორც ანალიტიკოსმა აღნიშნა, პოლიტიკური პროცესების გამო ადგილი აქვს ქვეყნიდან ფულის გადინების არასახარბიელო ტენდენციას, რაც ეროვნული ვალუტის კურსზე უარყოფითად მოქმედებს. ლართან დაკავშირებით პოლიტიკური პროცესების გავლენასა და ეკონომიკური გუნდის შეცდომებზე გააკეთა აქცენტი ფინანსისტმა დავით წიქარიძემ, რომელიც აცხადებს, რომ კურსთან დაკავშირებით ახალი პრემიერის დანიშვნა მდგომარეობას უკეთესობისკენ ვერ შეცვლის”, - დასძენს გამოცემა.

 

“არარეზიდენტი ორგანიზაციები, რომლებსაც ფული დაბანდებული აქვთ სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში ან “ცხელი ფული” აქვთ შემოტანილი, კაპიტალი ქვეყნიდან გააქვთ. როგორც ხდება ხოლმე, ასეთი ფული “ინვესტიციებად” მიიჩნევა, მაგრამ აქედან 45% მიდის ფინანსურ ბაზარზე. მართალია, ფორმდება, როგორც ინვესტიცია, მაგრამ სინამდვილეში ეს არის “ცხელი ფული”, რომლის გასტუმრების შემდეგ ხდება ქვეყნიდან კაპიტალის გატანა. როდესაც ინვესტორი ხედავს, რომ პოლიტიკური არეულობა იწყება ქვეყანაში, ცდილობს მაქსიმალურად სწრაფად დააკონვერტიროს ფული დოლარში და გაიტანოს ქვეყნიდან. შესაბამისად, სავალუტო ბაზარზე მოთხოვნა იზრდება. აქედან გამომდინარე, უახლოეს დღეებში საგრძნობი გაუფასურება მოსალოდნელი და დროულად უნდა მიიღოს ზომები ეროვნულმა ბანკმა, რომ ფსიქოლოგიური ფაქტორიც არ ჩაერთოს. ბუნებრივია, კურსი თუ უფასურდება, ერთვება აჟიოტაჟის ფაქტორი და ხალხი ყიდულობს დოლარს, სჭირდება თუ არა. არის კიდეც ამის ნიშნები, ლარის კურსმა აშკარად დაიწყო გაუფასურება. ეს პროცესი გაგრძელდება იქამდე, სანამ საქართველოში პოლიტიკური დესტაბილიზაციაა”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა შენგელია.

 

“ლარის კურსს ვერც ახალი პრემიერი უშველის, ეს გამორიცხულია. ეკონომიკა დანგრეულია, კიდევ კარგად ინარჩუნებენ კურსს ამ მდგომარეობაში. საკადრო ცვლილებები, ვინც არ უნდა მოვიდეს მთავრობაში, შედეგამდე ვერ მიგვიყვანს. რა შედეგზეა საუბარი, თუკი რეფორმა არ გატარდა და ხარჯი არ შეამცირეს, არაფერი გამოვა. არათუ შემცირება, ბიუროკრატიის ზრდაზეა აქცენტი. ჯერ ინტერვენციებით როგორღაც აცოცხლებენ ლარს და მერე ალბათ ეს რესურსიც ამოუწურება. საქართველოსთვის ახლა ის პერიოდია, როცა არავინ ფიქრობს ინვესტიციებზე, ლარის გამყარებაზე, ეკონომიკურ ზრდასა და სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებზე, პოლიტიკურ ჭიდაობაშია ჩართული მთავრობის მთელი შემადგენლობა. ეკონომიკური და პოლიტიკური არასტაბილურობა ყველაზე მეტად სავალუტო ბაზარს აწვება. დიდი პრობლემაა მოსალოდნელი და მთავრობას ეკონომიკის კოლაფსიდან გამოყვანის არანაირი გეგმა არ გააჩნია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით წიქარიძე.

წაკითხვა 479 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.