April 25, 2024

ქვეყანაში ორნიშნა ინფლაციის საფრთხეა - “ეროვნული ბანკი საერთოდ სხვაგანაა”

“წლიური ინფლაცია აპრილის თვეშიც მაღალ ნიშნულზეა.

მისი შეჩერება ვერაფრით ხერხდება. მეორე კვარტალის პირველ ორ თვეში ინფლაციამ მიზნობრივს 2-ჯერ გადააჭარბა და ახლა მისი მაჩვენებელი 7.2%-ია. მძიმეა სპეციალისტთა ნაწილის პროგნოზი. მათი აზრით, ეროვნულმა ბანკმა რა ნაბიჯიც არ უნდა გადადგას, ინფლაციის შეჩერება ვერ მოხდება. მარტის მსგავსად, აპრილშიც წლიური ინფლაცია 7.2% იყო. საქართველოს ეროვნული ბანკის ნაბიჯების მიუხედავად, ფასების ზრდას არაფერი შველის, ამიტომ, დიდი ალბათობით, ქვეყანა ორნიშნა მაჩვენებელს მიუახლოვდება. გაზრდილი ინფლაციის საპასუხოდ, 28 აპრილს რეფინანსირების განაკვეთი 9.5%-მდე გაიზარდა, რასაც შედეგი, ჯერჯერობით, არ მოუტანია. ფასების ინდექსის შემცირება მხოლოდ 2022 წლის დასაწყისიდან არის ნავარაუდევი. როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე აღნიშნავს, დღევანდელი ვითარება არ იძლევა იმის საშიშროებას, რომ ქვეყანაში ორნიშნა ინფლაცია დაფიქსირდეს, თუმცა მდგომარეობა სავალალოა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ქვეყანაში ორნიშნა ინფლაციის საფრთხეა - “ეროვნული ბანკი საერთოდ სხვაგანაა” / რა ნაბიჯიც არ უნდა გადაიდგას, ინფლაციის შეჩერება ვეღარ მოხდება.

 

“ჩვენს ვითარებაში ფასების გაზრდა ლარის კურსის დაცემამ გამოიწვია, რასაც მოჰყვა იმპორტული საქონლის გაძვირება და შემდეგ გაურკვევლობის ეფექტმაც შეასრულა თავისი როლი. აჟიოტაჟური მოთხოვნა წარმოიშვა ზოგიერთ პროდუქციაზე. ამას დაემატა კომუნალური ტარიფებისა და საწვავის გაძვირებაც. ეს კომპონენტებია, რომლებიც ძირითადად მოქმედებენ სამომხმარებლო ფასებზე. ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მთელი 1 პუნქტით გაზარდა. ეს იშვიათად ხდება. მე ორნიშნა ინფლაციას ნამდვილად არ ველოდები, პირიქით, მგონია, რომ მომდევნო თვეებში ეს მაჩვენებელი დაიწევს, ჯერ ერთი, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდის გამო და მეორეც, ახლა მოდის ზაფხულის თვეები. მაისიდან სექტემბრამდე საქართველოში, ტრადიციულად, დეფლაციური პერიოდია, სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია იაფდება სეზონური ფაქტორის გამო, ამიტომ მგონია, რომ ეს შიში გადაჭარბებულია და ორნიშნა ინფლაცია არ გვექნება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო არჩვაძე.

 

“მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გაზრდა მყისიერ ეფექტს ვერ მოახდენს. ამას რამდენიმე კვირა და შესაძლოა, თვეც კი დასჭირდეს, რომ შედეგი იყოს, მაგრამ, რა თქმა უნდა, რაც უფრო მაღალია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, მით უფრო ძვირდება ფული, კრედიტების ღირებულება და ეს უარყოფითად მოქმედებს სამეწარმეო კუთხით. ერთი მხრივ, ბაზარს ვიცავთ ინფლაციისგან, მაგრამ, მეორე მხრივ, ბიზნესსა და მოსახლეობას არ ვაძლევთ დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას, რათა ისინი გაუმკლავდნენ მომატებულ ფასებს”, - დასძენს სტატისტიკოსი.

 

“საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის თანახმად, ფასები სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების უმეტესობაზე არის გაზრდილი. ძირითადი 10 პროდუქცია, რომლებზეც ყველაზე მეტად გაიზარდა ფასები, 2021 წლის აპრილში ასე გამოიყურება: მზესუმზირის ზეთი გაძვირდა 76,6%-ით; თერმომეტრი - 68,4%-ით; ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი - 38,5%-ით; საშინაო ფეხსაცმელი კაცის - 34,6%-ით; წიწიბურა - 32,2%-ით; ლურსმანი - 31,9%-ით; სტომატოლოგის მომსახურება (კბილის ამოღება) - 30,8%-ით; საშინაო ფეხსაცმელი ქალის - 28,8%-ით; ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები - 28,3%-ით; ქალის ზამთრის ფეხსაცმელი - 27,9%-ით. ინფლაციის კუთხით, ისევე როგორც ეროვნული ვალუტის გაუფასურებისა და არასტაბილურობით მხრივ, საქართველოს პოზიციები რეგიონში საკმაოდ არასახარბიელოა, ამიტომ საჭიროა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფასების მეტად მატება და მისი ინფლაციაზე ასახვა გარდაუვალი იქნება. ეკონომისტი ზურაბ კუკულაძე მიიჩნევს, რომ ეროვნულმა ბანკმა რა პოლიტიკაც არ უნდა გაატაროს, არანაირი მნიშვნელობა და აზრი აღარ აქვს”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“ინფლაციის მაჩვენებლი რომ შეიცვლებოდა, რად უნდოდა ამას საუბარი, ეს ისედაც ნათელი იყო. ბოლო 5 წლის განმავლობაში ეროვნული ბანკის ქმედებები იმდენად არაადეკვატური და შეუსაბამოა ეკონომიკასთან, რომ მათ შორის ვერანაირ კავშირს ვერ ვხედავ. შეიძლება, სადღაც სტატისტიკაში დაფიქსირდეს, რომ სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის გაზრდამ შეამციროს ინფლაცია, მაგრამ ვინ გაიგო, რომ ეროვნულმა ბანკმა გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა? მხოლოდ მათ, ვისაც სესხი აქვს აღებული, სხვას არავის აინტერესებს. როდესაც რეფინანსირების განაკვეთი არის 8.5%, ეს ნიშნავს იმას, რომ დაქცეული ეკონომიკა გვაქვს და ამ დროს კიდევ იზრდება 9.5 პროცენტამდე. როდესაც ამ ყველაფერს ვერ გრძნობ, მაშინ შეიძლება ვიფიქროთ, რომ მონეტარული პოლიტიკა გინდ გამკაცრდეს, გინდ შემცირდეს, მაინც არაფერი შეიცვლება. ეროვნული ბანკი საერთოდ სხვაგანაა, საქართველოს ეკონომიკა კი _ სულ სხვაგან, ესაა მთავარი ტრაგედია. ეროვნულმა ბანკმა რა პოლიტიკაც არ უნდა გაატაროს, არანაირი მნიშვნელობა და აზრი არ აქვს”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზურაბ კუკულაძე.

წაკითხვა 460 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.