ლარი უფსკრულში გადაიჩეხა - ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ კაპიტულაცია გამოაცხადეს

“მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ლარი შეიწირეს. კურსს უკვე გაუფასურებაც აღარ ეთქმის, მდგომარეობა იმდენად კატასტროფულია, რომ სიტუაციის კონტროლი ფაქტობრივად შეუძლებელია.

იმის ნაცვლად, რომ ლარს ოდნავ მაინც უშველონ, მთავრობაც და ეროვნული ბანკიც უმოქმედოა. ფაქტია, რომ ყველაზე კრიტიკულ მომენტში არანაირი ქმედითი ნაბიჯი არ იდგმება. ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ განმარტების გაკეთებას ყველა პასუხისმგებელი სტრუქტურა გაურბის, არც სებ-ში, არც ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებში კურსთან დაკავშირებით შეფასება არ კეთდება. შესაბამისად, უცნობია, რა ხდება რეალურად და სანამდე მიჰყავთ ქვეყანა ლარის უკიდეგანო გაუფასურებით. სამწუხაროდ, უკვე მერამდენე შემთხვევაა, როცა “რეზონანსის” კითხვებს ეროვნულ ბანკში არ პასუხობენ. გარდა იმისა, რომ სებ-ში ოფიციალური განცხადება არ კეთდება, პრესასთან კომუნიკაციის შესაძლებლობასაც ზღუდავენ და ზღვარგადასული უპასუხისმგებლობის გზას ადგანან, რაც ბოლო დროს უკვე სისტემატურად ხდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ლარი უფსკრულში გადაიჩეხა - ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ კაპიტულაცია გამოაცხადეს! / 1 დღეში 7 თეთრით გაუფასურებული ვალუტა, არანაირ მცურავი კურსის რეჟიმში არ ჯდება.

 

“ლარის კურსი 3,0-იან ნიშნულს უახლოვდება და თითსაც არავინ ანძრევს, რომ გაუფასურების პროცესი შეაჩერონ. ეკონომისტი აკაკი ცომაია ვარაუდობს, რომ ეროვნული ბანკი ინტერვენციას მოახდენს, თუმცა, საბოლოოდ, როგორც ეკონომისტი ამბობს, რუსეთის დუმის გადაწყვეტილების ძალაში შესვლა ლარის გაუფასურების პროცესს ვერაფრით შეაჩერებს და ქვეყანა ამით უმძიმეს შედეგს მიიღებს. “დუმის გადაწყვეტილება, ბუნებრივია, გავლენას ახდენს ყველა ფაქტორზე და იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი ადამიანი ელოდება ლარის გაუფასურებას, ალბათ, სებ-ი შეეცდება მოემზადოს ინტერვენციისთვის. ამ მომენტში კურსი დევალვაციას რუსეთის ფაქტორის გავლენით განიცდის. რეზერვებს თუ დახარჯავს ეროვნული ბანკი, ლარს გაამყარებენ, მაგრამ რუსეთის დუმის გადაწყვეტილება თუ ძალაში შევა, ლარს უკვე ვერაფერი უშველის – თუ სანქციები ამოქმედდება, ამის შედეგად დაიწყება პროცესი, რომლის მიხედვითაც უცხოური ვალუტის შემოდინება შეწყდება. ბუნებრივია, შემოსავლები ქვეყანაში კლებას დაიწყებს. სხვა შემთხვევაში, სანქციები თუ არ ამოქმედდა, ლარი არ უნდა გაუფასურდეს. ახლა მაინც აჟიოტაჟის ფაქტორია და ლარი რაღაც დროის მერე ისევ გამყარების გზას უნდა დაადგეს. სხვანაირად ეს პროცესი ვერ აიხსნება. ვფიქრობ, სანქციების ამოქმედების შემთხვევაში, რეზერვების ხარჯვას აზრი არ ექნება”, მიიჩნევს აკაკი ცომაია, რომლის განმარტებით ასეთ შემთხვევაში კურსი თანდათანობით გააგრძელებს გაუფასურებას და ახალი წონასწორობის ნიშნულს დაიჭერს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ცხადია, რომ დღეს ყველაზე მწვავე კრიტიკას ეროვნული ბანკი იმსახურებს როგორც რიგითი მოქალაქეების, ასევე სპეციალისტების მხრიდან, რომელთათვისაც გაუგებარია, რატომ არ ხდება სავალუტო რეზერვების გამოყენება და რატომ დუმს ქვეყნის მთავარი ბანკი ყველაზე მძიმე სიტუაციაში. ფინანსისტი პაატა ბაირახტარი საუბრობს სხვადასხვა მიზეზზე, რამაც მისი თქმით, ლარის სტაბილურობა შეიწირა. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ანალიტიკოსი ბესო ნამჩავაძის აზრით, ლარის გაუფასურების მიზეზი რუსეთისგან მოსალოდნელი სანქციებით გამოწვეული პანიკაა. ამ მოცემულობაში აუცილებელია მთავრობამ სამოქმედო გეგმა წარმოადგინოს", - განაგრძობს გამოცემა.

 

“ბოლო 2 თვეა, ეროვნული ვალუტა მნიშვნელოვან რყევებს განიცდის, ამ პროცესების ფონზე სრულიად ლეგიტიმურად ისმის კითხვა, უნდა ჩარეულიყო თუ არა სებ-ი პროცესებში და ზოგადად შეიძლებოდა თუ არა ამ პროცესების თავიდან აცილება. ცენტრალურ ბანკს აქვს თავისი სავალუტო რეზერვები; დიახ, სწორედ ის სავალუტო რეზერვები, რომლის შევსებასაც, მნიშვნელოვან წილად ჩვენი ვალუტის სტაბილურობა ეწირება. მაგალითად, თუ 2018 წლის იანვარში რეზერვები 3 მლრდ მცირედით აღემატებოდა 2019 წლის იმავე პერიოდში, მათი მოცულობა 3.7 მლრ-მდე გაიზარდა, ეს, ცხადია, ცუდი არ არის, მაგრამ მთავარია როგორ ხდება რეზერვების შევსება, რათა ამ პროცესით წნეხი არ გავზარდოთ ვალუტაზე. ჩვენთან, პირიქით მოხდა, ანუ სავალუტო რეზერვებმა კი არ დაიცვა ლარი, არამედ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მის გაუფასურებაში!” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ბაირახტარი.

 

“ამ დროს ცენტრალური ბანკები თავიანთ სავალუტო რეზერვებს, როგორც წესი იმ მოკლევადიანი, საშინაო ან ფსიქოლოგიური ფაქტორების გასანეიტრალებლად იყენებენ, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს ვალუტის სწრაფი დევალვაცია ან ფასების სტაბილურობას შეუქმნას საფრთხე. მეტიც რიგი ცენტრალური ბანკები, რეზერვებს იყენებენ იმ საგარეო ეგზოგენური ფაქტორების წინააღმდეგაც, რომელსაც წინასწარ იციან, რომ ინტერვენციით ვერ გაანეიტრალებენ, თუმცაღა ინტერვენციის გზით ცდილობენ ეკონომიკასა და ბიზნესს თავიდან ააცილონ ვალუტის, ნახტომისებური გაუფასურება და ეს რყევები უფრო ხავერდოვანი გახადონ. ბოლო ორი წელია, სებ-ს არც ერთი ინტერვენცია არ განუხორციელებია ბაზარზე ლარის დასაცავად, დღეს არსებული მდგომარეობა სწორედ ნეგატიურ მოლოდინს და მათი როგორც მინიმუმ შერბილება შესაძლებელია. რაც შეეხება მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმს და მისი შოკების შთანთქმის ეფექტს, დღეში 7 თეთრით გაუფასურებული ვალუტა, არანაირ მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმში არ ჯდება, ხოლო რაც შეეხება შოკების შთანთქმას, სანამ ბაზარზე შოკური ეფექტი არ მოხდება, კურსი არაფერს შთანთქავს და ის უბრალოდ, აჟიოტაჟურად უფასურდება”, - დასძენს ბაირახტარი.

 

“ლარის კურსი გარბის მხოლოდ ერთი მიზეზით: რუსეთისგან მოსალოდნელმა სანქციებმა გამოიწვია პანიკა. თუმცა, ვინც ახლა 2.95-ად ყიდულობს, ნუ იქნება დარწმუნებული, რომ ახლო მომავალში უფრო იაფად ვერ იყიდდა. ლარის კურსი არ არის დამოკიდებული მხოლოდ რუსეთიდან შემოსულ დოლარზე. შესაბამისად, რუსეთიდან მოსალოდნელ დანაკლისს თუ გადაფარავს სხვა ქვეყნიდან დოლარის შემოსვლის ზრდა (თუნდაც სესხების), ეს დანაკლისი დაბალანსდება. ამასთან, ლარის კურსის დაცემა შეამცირებს იმპორტს, ანუ ქვეყნიდან დოლარის გასვლას. ამიტომ, ახლა მთავრობის დუმილი კი არა, საჭიროა აქტიური ქმედება და საუბარიც, რას აპირებენ”, - ამბობს გამოცემასთან საუბრისას ბესო ნამჩავაძე.

წაკითხვა 1193 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 10 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.