"საქართველოს თავისი სტრატეგიული მდებარეობით აქვს უზარმაზარი პოტენციალი გახდეს ჰაბი აღმოსავლეთს და დასავლეთს შორის ვაჭრობის ხელშესაწყობად"

"საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა წარმოადგენს ეკონომიკის განვითარებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს. ბიზნესი არის ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ძალა და მთავრობების მიერ განხორციელებული სავაჭრო რეფორმების საბოლოო ბენეფიციარი.

შედარებით მცირე ადმინისტრაციული, ლოგისტიკური და სატრანსპორტო ბარიერები, გამარტივებული და ჰარმონიზებული სავაჭრო პროცესები ხელს უწყობს ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაძლიერებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, „აბრეშუმის გზის ფორუმზე" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

პრემიერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რეგიონში არსებული მულტინაციონალური მოთამაშეებისთვის სტაბილური, პროგნოზირებადი და მიმზიდველი გარემოს შექმნა, არასატარიფო ბარიერების მოხსნა, საზღვრის კვეთის და სხვა ადმინისტრაციული პროცედურების შემსუბუქება.

 

„ხაზგასასმელია, რომ ამ მხრივ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკის გამტარებელია, იმპორტირებული საქონლის 80%-ზე მეტი 0%-იანი იმპორტის გადასახადით იბეგრება. გამარტივებული საბაჟო პროცედურები და მინიმალურია არასატარიფო ბარიერები.

 

საქართველო, როგორც მხოლოდ 3.7 მილიონიანი სამომხმარებლო ბაზარი, შესაძლოა ვინმემ მიიჩნიოს არა მიმზიდველად. თუმცა, თუ შევხედავთ საქართველოს, როგორც რეგიონულ ჰაბს, მნიშვნელოვან განსხვავებას მივიღებთ. ჩვენ საქართველოს აღვიქვამთ და ვუყურებთ, როგორც კარიბჭეს, არა მხოლოდ კავკასიის, არამედ შუა აზიის, შემდგომ ევროპის და უფრო მსხვილ დასავლეთ და აღმოსავლეთ ბაზრებზე წვდომისთვის.

 

ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოსთან ერთად, საქართველოში თქვენ დაგხვდებათ საინვესტიციო პრეფერენციები, რომლებიც გაძლეთ საშუალებას, 2.3 მილიარდიან სამომხმარებლო ბაზრებზე წვდომისთვის. სამომხმარებლო ბაზრების ძირითადი ინფრასტრუქტურა იმ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით, რომელიც დღეს საქართველოს უკვე აქვს: ეს არის, როგორც მოგახსენეთ, ჩინეთის რესპუბლიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, ეს არის ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება. ეს არის დსთ-ს ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ასევე, თურქეთთან, უკრაინასთან. ასევე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ის მოლაპარაკებები, რომლებიც დღეს მიმდინარეობს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ინდოეთთან და ისრაელთან.

 

შესაბამისად, საქართველოს თავისი სტრატეგიული მდებარეობით ევროპასა და აზიას შორის, კარგად განვითარებული სატრანსპორტო და საბაჟო ინფრასტრუქტურით, ბიზნესზე მორგებული პოლიტიკით, ძლიერი რეგიონული და რეგიონს გარე სავაჭრო ურთიერთობებით, საქართველოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, გახდეს ჰაბი და როგორც ისტორიულად, დღესაც განაგრძოს შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი აღმოსავლეთს და დასავლეთს შორის ვაჭრობის ხელშესაწყობად," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

წაკითხვა 698 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 22 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.