რამდენი ლარით გაიზარდა საშუალო ოჯახის ყოველთვიური ხარჯი

“ტოტალური ინფლაციის ფონზე საქართველოში ოჯახებს ხარჯი საგრძნობლად გაეზარდათ, გაძვირებულია პროდუქტი და ყოველდღიური მოხმარების საგნები.

სპეციალისტების თქმით, ეს არის სამწუხარო რეალობა იმ ფონზე, როდესაც ლარი ასე გაუფასურებულია. პირველადი დანიშნულების საგნები კი უკვე 11%-ით გაძვირდა, ხოლო ხორცპროდუქტები 14%-ით. შესაბამისად, საშუალო ოჯახის ყოველთვიურმა ხარჯმა 70-100 ლარით მოიმატა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, საშუალო ოჯახის ყოველთვიური ხარჯი რამდენიმე თვეში 80-100 ლარით გაიზარდა / რამდენად ახერხებენ საქართველოში ტოტალურ ინფლაციასთან და გაზრდილ ხარჯთან გამკლავებას?

 

"სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ინფლაციის განახლებული მაჩვენებელი გამოაქვეყნა, რამაც საგანგაშო სურათი გამოააშკარავა. დოკუმენტის მიხედვით, 2019 წლის სექტემბერში საქართველოში ფასების საერთო დონე 6.4%-ით გაიზარდა. ამ მასშტაბის ინფლაციაც ქვეყანაში 2017 წლის შემდგომ არ ყოფილა. შემოდგომის მიწურულს ადამიანებს ყველაზე მეტი ხარჯი აქვთ, რადგან ზამთრისთვის მზადება და პროდუქტების მომარაგება სწორედ ამ პერიოდში იწყება. „ბიზნეს-რეზონანსი“ დაინტერესდა რამდენად ახერხებენ საქართველოში ოჯახები ამ ხარჯებთან გამკლავებას და ტოტალური ინფლაციის ფონზე დაახლოებით, რამდენით გაიზარდა თვიური ხარჯი. მია სოლომონია ადასტურებს, რომ, მის ოთხსულიან ოჯახს ხარჯი, ლარის კურსის მკვეთრი ვარდნის შემდეგ საგრძნობლად გაეზარდა: „დაახლოებით 80-100 ლარით გამეზარდა ხარჯი, განსაკუთრებით პროდუქტებია გაძვირებული, შეიძლება ლარი ძველ ნიშნულს ნელ-ნელა დაუბრუნდეს, თუმცა ფასები უცვლელი რჩება, თითქოს დრო იხელთეს მოვაჭრეებმა არაადეკვატურად გაზრდეს ფასი და ძველ მაჩვენებელს არა და არ უბრუნდება", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას მაია სოლომონიამ”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

"შოთა დობორჯგინიძის ოჯახს თვიური დანახარჯი საგრძნობლად მოემატა. იგი განსაკუთრებით საკვები პროდუქტის გაძვირების გამო წუხს. „ბევრნი ვართ სახლში და შემოდგომას გვაქვს მომარაგების პერიოდი. ჩემი მეუღლე ინახავს ზამთრისთვის კომპოტებს მურაბებს და სხვადასხვა სახის პროდუქტებს, თუმცა წელს იმის ნახევარიც ვერ გავაკეთეთ, რასაც წინა წლებში ვახერხებდით, ხოლმე. ყველაფერი გაძვირდა ყველაფრის ფასი მომატებულია, მაგრამ ხალხს ხელფასი იგივე აქვს და ასეთი შემოსავლით როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამ ხარჯებს, ამაზე სახელმწიფო საერთოდ არ ფიქრობს, როგორც ჩანს. უაპატრონო ქვეყნაა, არავინ არ აკეთებს ხალხის სასარგებლოდ არაფერს. ჩვენ მთელი ოჯახი ვმუშაობთ და მაინც გვიჭირს ყოველდღიურ ხარჯებთან გამკლავება და ვინც ასე არ არის და მხოლოდ ერთი ადამიანი მუშაობს ოჯახში, მათ ალბათ შიმშილობა უწევთ. როგორმე უნდა გამოსწორდეს მდგომარეობა და მთავრობამ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ხალხის სასარგებლოდ“, - აღნიშნა „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას შოთა დობორჯგინიძემ. თბილისელი ლალი დუმბაძე ამბობს, რომ თავის სამსულიან ოჯახს ხარჯები 50-60 ლარით გაეზარდა. „მე ყოველთვის ვითვლი თვეში გაწეულ ხარჯს. ჩვევა მაქვს ესეთი, რომ უკეთ ვაკონტროლო ფინანსები. ახლა მინიმუმ 50-60 ლარით მაქვს თვიური ხარჯი გაზრდილი. ხელფასი კი იგივეა და სახელმწიფო რაზე ფიქრობს, არ ვიცი. ისედაც გაჭირვებული ქვეყანა ვიყავით და ახლა საერთოდ მძიმე ვითარებაა", - აღნიშნა ლალი დუმბაძემ”, - განაგრძობს გამოცემა.

 

"რამდენადაც ლარის კურსი რეკორდულად გაუფასურდა, მას მიჰყვება ინფლაციაც. ამიტომ გასაკვირი არ არის, რასაც სტატისტიკა აჩვენებს. პროფესორი პაატა აროშიძე ამბობს, რომ ჯერ კიდევ ადგილობრივი პროდუქტია ბაზარზე და როცა ისიც გამოილევა, გაცილებით უარესი შედეგი გვექნება,“ჩვენ ვართ მომხმარებელი ქვეყანა და არა მწარმოებელი. უფრო საეჭვო იქნებოდა, რომ სტატისტიკას არ დაეფიქსირებინა ეს შედეგი. მიუხედავად იმისა, რომ აგვისტო-სექტემბერში ინფლაციის მაჩვენებელი გაზრდილია, ბაზარზე სიძვირე ძალიან მტკივნეულად ჯერ არ იგრძნობა, რადგან ადგილობრივი პროდუქცია ჯერ საკმაოდ არის. ვითარება განსაკუთრებით დამძიმდება იანვრის შემდეგ, როცა იმპორტის წილი გაიზრდება. რადგან ფასები იზრდება მუდმივად, საბოლოოდ დადგება კიდეც მონეტარული პოლიტიკის გამტარებელი ორგანოს პასუხისმგებლობის საკითხი, ეს არის გარდაუვალი. რთული მდგომარებაა რეგიონებშიც", - განაცხადა "ბიზნეს-რეზონანსთან" აროშიძემ”, - დასძენს გამოცემა.

 

"მძიმე ვითარებას, ყველაზე უკეთ, "საქასტატის" შემოდგომის დასაწყისში გამოქვეყნებული ინფორმაცია აჩვენებს, რომლის მიხედვიათაც, ბოლო 7 წელიწადში საქართველოში სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 33%-ით გაძვირდა. რასაც 2012 წლის სექტემბერში 300 ლარად იყიდდით, დღეს იგივე შანაძენისთვის 400 ლარი დაგჭირდებათ. საყურადღებოა, რომ ბოლო 7 წელიწადში ყველაზე მეტად ბადრიჯანი გაძვირდა - 95%-ით, ანუ ფასი თითქმის გაორმაგდა. ასევე თითქმის გაორმაგდა მწვანე ლობიოს და ნივრის ფასი.78%-ით გაძვირდა ბავშვის საკვები. მაგალითად, თუ 2012 წლის სექტემბერში თვის განმავლობაში ბავშვის საკვების საყიდლად 300 ლარი იყო საკმარისი, ახლა 534 ლარია საჭირო. 50%-ზე მეტად გაძვირდა ასევე წიწაკა, ხახვი, კარტოფილი, ბრინჯი, ატამი, ფორთოხალი და თევზის კონსერვი. ხორბლის ფქვილი 39%-ით არის გაძვირებული, პური - 20%-ით, ყველი - 38%-ით, რძე - 35%-ით, ხორცი - 33%-ით, ლობიო - 30%-ით, პომიდორი - 28%-ით, კვერცხი - 15%-ით”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 662 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 29 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.