კიდევ ერთი "დიდი პრივატიზაცია" - სახელმწიფო დიდ ობიექტებს არც ამჯერად შეელევა

"დღეიდან მთავრობა დიდ პრივატიზაციას იწყებს. ეკონომიკის სამინისტრო 100 ობიექტს აუქციონზე გაიტანს. როგორი იქნება შედეგები, რომელ ობიექტებზეა საუბარი და რამდენად აღმოჩნდება ისინი საინტერესო ბიზნესისათვის, ახლა ეს არის მთავარი კითხვები. სპეციალისტები პროცესს სკეპტიკურად უყურებენ და სახელმწიფოს მხრიდან წარუმატებლად დასრულებულ მსგავს არაერთ ფაქტს იხსენებენ”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, კიდევ ერთი "დიდი პრივატიზაცია" - სახელმწიფო დიდ ობიექტებს არც ამჯერად შეელევა / "სამწუხარო პრაქტიკა დამკვიდრდა, როცა საწარმოს მართავს სახელმწიფო მენეჯმენტი, ის ავტომატურად ზარალთანაა დაკავშირებული”

 

 

"2019 წლის ნოემბრის ბოლოდან ეკონომიკის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო სახელმწიფო ქონების პროაქტიულ გაყიდვას იწყებს, რომლის მიზანს, ქვეყანაში მეტი ინვესტიციის მოზიდვა და დასაქმების ხელშეწყობა წარმოადგენს. მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ეს იქნება უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ერთდროულად 100 საპრივატიზებო ობიექტი გამოვა აუქციონებზე. „ამ რაოდენობის პარალელური აუქციონი საქართველოში არასდროს გამართულა. ჯამში, საუბარია 150 მლნ ლარის საწყისი საპრივატიზებო ღირებულების მქონე ქონების შეთავაზებაზე. ბიზნესს მიეცემა შესაძლებლობა, მარტივად მიიღოს სრული ინფორმაცია საპრივატიზებო ქონებაზე, რომელიც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსდება და ჩაერთოს ასეთი მასშტაბური პრივატიზების პროცესში“, - განაცხადა თურნავამ”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

 

"მინისტრის განცხადებით, ბიზნესისთვის არჩევანის გაკეთების გამარტივების მიზნით, სააგენტოს ვებ-გვერდზე თითოეული საპრივატიზებო ქონების შესახებ განთავსდება ერთგვარი დოსიე, აგრეთვე რეკომენდაცია, თუ რა ტიპის ბიზნეს აქტივობის განხორციელება იქნება მიზანშეწონილი. „აღნიშნული შეთავაზებები მორგებული იქნება იმ ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების გენერალურ გეგმებს, სადაც აღნიშნული საპრივატიზებო ქონება მდებარეობს. ასევე წინასწარ იქნება მოგვარებული ყველა იურიდიული საკითხი, როგორიცაა შეფასება, ქონების რეგისტრაცია, საზღვრების დაზუსტება და სხვა. ერთადერთი ბიზნესმა არჩევანი უნდა გააკეთოს საპრივატიზებო ობიექტებს შორის და მიიღოს მონაწილეობა ამ აუქციონებში, რომლებიც უახლოეს თვეებში რეგულარულად გაიმართება,“ - განაცხადა მინისტრმა მისი აზრით, ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საინვესტიციო შეთავაზებაა. „ძალიან ფართო არჩევანია ბიზნესისთვის, სად და როგორ შეიძლება დააბანდონ ინვესტიცია და შექმნან ახალი სამუშაო ადგილები. აღნიშნული პროცესი ხელს შეუწყობს დამატებით ინვესტიციების მოზიდვას და სტიმულს მისცემს ეკონომიკის განვითარებას,“ - დასძინა თურნავამ”, - განაგრძობს გამოცემა.

 

 

"გუშინვე ფინანსთა მინისტრმა თქვა, რომ სახელმწიფო საწარმოების მიმართულებით მთავრობა ცვლილებებს გეგმავს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციის შესაბამისად, ქვეყანაში არსებული სახელმწიფო შპს-ები ორ კატეგორიად - მომგებიან და ზარალიან საწარმოებად დაიყოფა. მეორე კატეგორიის, ანუ ზარალიან საწარმოთა ოპერაციები ახალი მეთოდოლოგიის პირობებში, სახელმწიფოს ვალის სახით აღირიცხება. ეკონომისტი ემზარ ჯგერენაია ,,რეზონანსთან” ამბობს, რომ დამკვიდრდა სამწუხარო პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც საწარმოს რომელსაც მართავს სახელმწიფო მენეჯმენტი, ის ავტომატურად ზარალთანაა დაკავშირებული. ამიტომ მას არ ესმის, რატომ არ გადის საპრივატიზაციოდ დიდი ობიექტები, მაგალითად, რკინიგზა. ,,ეს პროცესი ამ ტემპით ადრე უნდა დაწყებულიყო. საჭიროა ეკონომიკის ბრუნვაში ჩაერთოს სახელმწიფოს ხელში არსებული უდიდესი აქტივები, რომელიც რეალურად დღეს დარგს მიღმაა. ახლა მთავარია, სწორად დალაგდეს პრიორიტეტები და პროცესი იყოს გამჭვირვალე და უცხოელი ინვესტორების მოზიდვაზე ორიენტირებული. ბოლო პერიოდში, სწორედ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებაა ლარის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. აინტერესებს თუ არა ბიზნესს ესა თუ ის ობიექტი, ვერ გავიგებთ თუ მას გასაყიდად არ გამოვიტანთ. უბრალოდ, პრობლემა ის არის, რომ კვლავ არ ვიცით სახელმწიფომ ჩაატარა თუ არა რამე სახის კვლევა, რომელი ობიექტებია სარფიანი კერძო სექტორისათვის. გაუგებარია, ზოგიერთი საწარმო, მაგალითად, რკინიგზა, რატომ არ იყიდება დღემდე და რა პრიორიტეტის მიხედვით გამოაქვთ აუქციონზე. ასეთი, სამწუხარო პრაქტიკა დამკვიდრდა ჩვენს ქვეყანაში, როცა საწარმოს მართავს სახელმწიფო მენეჯმენტი, ის ავტომატურად ზარალთანაა დაკავშირებული”, - აღნიშნა "რეზონანსთან" ემზარ ჯგერენაიამ”, - დასძენს გამოცემა.

 

 

"სახელმწიფო საწარმოების ჯამური ზარალი წლიდან წლამდე იზრდება. 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, სახელმწიფო კომპანიებმა 160 მილიონი ლარით მეტი იზარალეს. თუკი 2017 წელს ეს მაჩვენებელი 644,5 მილიონი იყო, გასულ წელს 805,3 მილიონს გაუტოლდა. ანალიტიკოსი რამაზ გერლიანი განწირულს უწოდებს ეკონომიკის მინისტრის ინციატივას. იმ აქტივების ფონზე, რომელიც სახელმწიფოს აქვს, სასაცილოა 100 ობიექტის გამოტანა. "იმ უზარმაზარი აქტივის ფონზე, რაც სახელმწიფოს ხელშია, ეს ზღვაში წვეთია, ვითარებას ვერ შეცვლის. ზოგადად ხელისუფლება არ უნდა სთავაზობდეს ბიზნესს, სექტორი თავად უნდა გამოხატავდეს ინტერესს. თუ წინმსწრებით მოხდა გათვლა, მაშინ გამოდის, რომ ფარულად შეთანხმდნენ. მთავარი პრობლემა ყიდვის პროცესია. არ შეიძლება დღევანდელ ვითარებაში, როცა შიდა რესურსები მწირია და საგარეო ინვესტიციებიც იკლებს, კიდევ წაართვა ბიზნესს ფული იმისათვის, რომ საერთოდ უძრავი საწარმოები ვალდებულებად აჰკიდო. ჩვენ თავის დროზე წარვუდგინეთ პარლამენტს და ეკონომიკის სამინისტროს მექანიზმი, რომლითაც დროსა და სივრცეში ძალიან მარტივად ფორმირდებოდა კერძო საკუთრება. ის ეკონომიკის სამინისტრომ აბსურდული მიზეზებით არ მიიღო. პირველი შემთხვევა არ არის, როცა სახელმწიფო ,,დიდ პრივატიზაციას” იწყებს და შედეგები აქამდე ყოველთვის ძალიან ცუდი იყო. ამიტომაც არ მაქვს განსაკუთრებული მოლოდინი. მირჩევნია მე შევცდე, ვიდრე სახელმწიფოს პოლიტიკა ჩავარდეს, მაგრამ ნათელია, რომ ეს განწირული წინადადებაა“, -აღნიშნა "რეზონანსთან” გერლიანმა”, - წერს სტატიის ავტორი.

 

 

წაკითხვა 685 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.