ვინ შევა ანაკლიის ახალ კონსორციუმში

"მთავრობა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" ხელშეკრულებას წყვეტს. სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ხელისუფლებაში აცხადებს, რომ პროექტი გაგრძელდება ახალ ინვესტორთან ერთად.

მეტიც, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ახალი ინვესტორი შესაძლოა ის ჩინური კომპანია იყოს, რომელიც პროექტით თავდაპირველად დაინტერესდა, (ჩინეთში სიდიდით მეორე ყველაზე მსხვილ სამშენებლო კომპანია China Railway International Group-ზეა საუბარი)”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ვინ შევა ანაკლიის ახალ კონსორციუმში - “ახალი ინვესტორი შესაძლოა ჩინური კომპანია იყოს”

 

"ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივ პროცედურას მთავრობა უკვე იწყებს. საკითხზე 9 იანვრის სხდომაზე იმსჯელეს. რეგიონული განვთარებისა და ინფრასტრქუტურის მინისტრმა სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" 2016 წლის ხელშეკრულებას უწყვეტს, რომლის მიხედვითაც, კონსორციუმს ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აეშენებინა. მაია ცქიტიშვილის თქმით, კონსორციუმმა ნაკისრი ვალდებულბები ვერ შეასრულა. „პროექტი, რა თქმა უნდა, არ ჩაიშლება, გაგრძელდება, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. როდესაც იქმნება კონსორციუმი, უნდა იცოდნენ, რა რესურსების მოპოვება შეუძლიათ, აქ საუბარი მხოლოდ ფინანსურზე არ არის. მგონია, რომ თავიდან ვერ გათვალეს, როდესაც პარტნიორების შერჩევა ხდებოდა. „გამოჩნდებიან ახლები. თავიდან, როდესაც ტენდერი გამოცხადდა, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე ჩინური მხარე იყო, რომელიც შემდეგ ამოვარდა. ახლა შეიძლება, თავიდან შეიქმნას ძალიან ძლიერი გუნდი, რომელიც ამ საქმეს მიხედავს," - განაცხადა რევაზ არველაძემ”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

"ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ კონსორციუმს შეუძლია საკითხის სამართლებრივი შეფასება საერთაშორისო დონეზე მოახდინოს, რაც რეალურად პროექტის შეფერხებას გამოიწვევს. მისივე თქმით, არცერთი ინვესტორი არ დაინტერესდება ისეთი პროექტით, რომელიც სასამართლოში დავის საგანია, თანაც ამ საკითხმა უკვე, პოლიტიკური სახე მიიღო. "პრობლემები თავიდანვე, რა თქმა უნდა, იყო, მაგრამ ამ ტიპის პროექტებს ხელისუფლების მხრიდან უნდა ჰქონდეთ ცალსახა მხარდაჭერა. სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში რიტორიკულად, ხელისუფლება მუდმივად ახდენდა მხარდაჭერის დეკლარირებას, მაგრამ მეორე ხელით ყველაფერს აკეთებდა, კონსორციუმის და მისი მენეჯმენტის დისკრედიტაციის მოსახდენად. "კონსორციუმის მფლობელს ფულის გათეთრებაში რომ დასდებ ბრალს, ბუნებრივია, ამით ინვერსტორს აფრთხობ. ხელისუფლება ამ პერიოდის განმავლობაში ერთგვარ შულერულ თამაშს თამაშობდა, თითქოს მომხრე იყო, თუმცა, ამასთანავე ინვერტორებს აფრთხობდა. ქმნიდა და ამწიფებდა იმ მოცემულობას, რაც დღეს უკვე გაფორმდა”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“კონსორციუმს ყველა საფუძველი აქვს იმისათვის, რომ სადაო გახადოს ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო სასამართლოებში შესაბამისი საქმეებით, რაც ამ პროექტის პერსპექტივას ბუნდოვანს გახდის. როდესაც თემა არის სადაო, ახალი ინვესტორის მოძიება გართულდება. ხელისუფლებამ შეიძლება მასთან აფილირებული ნახოს, რომელიც ამაზეც თვალს დახუჭავს. „ვითარება ძალიან სამწუხაროა, სახელმწიფო დაზიანდა და ის, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა დღეის მდგომარეობით, არ გაკეთდა, რადგან წინა პლაზე პოლიტიკამ წამოიწია და არა სახელმწიფოს ინტერესებმა. პოლიტიკურ კონიუნქტურას შეეწირა ეს ყველაფერი. ჩაშლის რისკი არის მაღალი, თუმცა, ხელისუფლება ალბათ აქტივობების იმიტაციას შეეცდება. რა გამოვა აქედან, ამას დრო გვიჩვენებს," - განაცხადა გია ხუხაშვილმა”, - დასძენს გამოცემა.

 

"ცნობისათვის, მთავრობის მიერ ბოლო გადავადების შედეგად კონსორციუმს 31 დეკემბრამდე ჰქონდა ვალდებულებების შესრულების ვადა, კერძოდ: პოტენციურ ინვესტორებთან 120 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კონსორციუმის საკუთარი კაპიტალის შევსების თაობაზე შეთანხმება, საერთაშორისო ბანკებთან 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფის თაობაზე შეთანხმების მიღწევა და ხელშეკრულების გაფორმების, პორტის პირველი ფაზის ტერმინალის ოპერატორთან და სამშენებლო სამუშაოების კონტრაქტორთან ხელშეკრულების გაფორმება. ამასთან, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს. მინისტრს არ დაუკონკრეტებია, ამ დროისთვის რა თანხას შეადგენს პირგასამტეხლო, თუმცა, აღნიშნა, რომ სახელმწიფომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" 10 მილიონი დოლარის პირგასამტეხლო უკვე აპატია. მისივე განცხადებით, კონსორციუმს ასევე მოუწევს სახელმწიფოს დაუბრუნოს გადაცემული მიწები და ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 99 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.